Facebook Twitter
saqme #as-224-210-2011 7 marti, 2011 weli

საქმე№ას-1319-1245-2012 22 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-ის მიმართ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 20 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ზ.კ-მა, რომელიც მართავდა ავტომანქანა „მერსედეს-ბენცს“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი დაარღვია. მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და მთვრალ გ. ს-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა, რომ დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულება 11 000, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 660 ლარია, რისი გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ მომხდარა, ზიანის ოდენობა გადაჭარბებულია, რადგან მანქანას ავტოსაგზაო შემთხვევამდეც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. კ-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 11 000 ლარისა და ექსპერტიზის თანხის, 660 ლარის, ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ზ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული სამოქალაქო საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე თავისი ინიციატივით გამოცხადდა სასამართლოში და პირადად ჩაიბარა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან 28-ე დღეს - 2012 წლის 28 მაისს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სარეგისტრაციო შტამპის შესწავლით დასტურდება, რომ ზ. კ-მა სააპელაციო საჩივრით რაიონულ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 8 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული წარმოადგენს სპეციალურ ნორმას მოცემული კატეგორიის საქმეების მიმართ და მისი იმპერატიული დათქმა გასაჩივრების ვადის მიმართ სავალდებულოა როგორც მხარეების, ისე სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმის გათვალისწინებით, რომ ზ.კ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 2012 წლის 28 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2012 წლის 29 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 5 ივნისს.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად კი, მან სასამართლოს მიმართა 7 - დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 8 ივნისს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საპროცესო ვადა განუსაზღვრა 14 დღით და მან, სწორედ, ამ ვადის დაცვით შეიტანა სააპელაციო საჩივარი, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც გასაჩივრების ვადასთან მიმართებით შეიცავს იმპერატიულ დათქმას. ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებით მხარეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადად 14 დღე მიეთითა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე 374-ე და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს და სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ვინაიდან, მოპასუხე მხარეს (აპელანტს) გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2012 წლის 8 ივნისს (4 დღის დაგვიანებით), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 7 - დღიანი ვადის დარღვევით, პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.კ-მა შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე 2012 წლის 28 მაისს გამოცხადდა სასამართლოში და სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. ზ.კ-ი არის რიგითი მოქალაქე, მძღოლი და არ არის ვალდებული, შესწავლილი ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დაუშვა შეცდომა, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორს არ შეიძლება, შეეზღუდოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გაჩინებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე თავისი ინიციატივით გამოცხადდა სასამართლოში და პირადად ჩაიბარა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან 28-ე დღეს - 2012 წლის 28 მაისს. ზ.კანდელაკმა სააპელაციო საჩივრით რაიონულ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 8 ივნისს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული სამოქალაქო საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ამავე კოდექსის 30921 მუხლის თანახმად, 7 დღის ვადით უნდა განისაზღვროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილია ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. აღნიშნული წესით საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების მსგავსად მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება იმაშია, რომ საქმე განიხილება დაჩქარებულად და მარტივად, რაც უპირველესად საქმის განხილვის ვადებში აისახება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს, ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, სარჩელი ამ წესით საქმის განხილვაზე მხარემ უნდა წარადგინოს და, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საქმე გამარტივებული წესით აწარმოოს.

გამარტივებული წესით საქმის წარმოებისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, საპროცესო მოქმედებები დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს, რაც შესაბამის საპროცესო დოკუმენტებშიც (სხდომის ოქმში, სასამართლოს განჩინებაში) აისახება. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით, ასევე საქმეზე დანიშნული მოსამზადებელი და ძირითადი სხდომის ოქმებით საქმის გამარტივებული წესით განხილვა არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოცემული სამოქალაქო საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლზე, რაც არ ადასტურებს, საქმის ამ წესით განხილვას. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე და 369-ე მუხლებზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც ამ ნორმებით დადგენილი წესით განუსაზღვრა და გასაჩივრების ვადად - 14 დღე მიუთითა.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანს წარმოადგენს, რომ გამარტივებული წარმოების წესით განხილულ საქმეზე საბოლოოდ მიღებული შედეგის - გადაწყვეტილების მიმართ იგივე მოთხოვნები ვრცელდება, რაც - სასარჩელო წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

სასამართლო გადაწყვეტილების უპირველესი ფუნქცია მოდავე პირებისათვის უფლებათა და ვალდებულებათა არსებობა-არარსებობის დადგენაა, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მართლწესრიგის დამკვიდრებას და სამართალდარღვევის პროფილაქტიკას. სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი აწესებს მკაცრ მოთხოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესით - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (მე-2 მუხლი), პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან ერთად იგულისხმება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით კი გასაზღვრულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სავალდებულო რეკვიზიტები: იგი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე, მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს მოდავე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს და სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას ან შეიცავდეს საეჭვო, სადავო დებულებებს.

კანონით გარანტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების სისტემა (აპელაცია, კასაცია) და დაინტერესებულ პირს, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, შეუძლია, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდა კანონით ზუსტად გათვალისწინებული გამონაკლისისა. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაშია დასაშვები. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ვალდებულია (და არა უფლებამოსილი), მხარეს განუმარტოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. სასამართლოს მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არღვევს პირის, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

მხარეთა უფლებებისა და სასამართლოს ვალდებულების სხვაგვარი განმარტება სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებას ზედაპირულს გახდის და მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს განაპირობებს, რაც სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებს აშკარად ეწინააღმდეგება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე