№ას-1327-1253-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. პ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. თ-ე, ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი, დ. ბ-ი (მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ნ. თ-ის, ნ. უ-ის, დ. ბ-ის, ხ. ი-ისა და ე. თ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ე. თ-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. პ-ისათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, საქმის წარმოება ნ. თ-ის, ნ. უ-ის, ხ. ი-ისა და დ. ბ-ის მიმართ შეწყდა სარჩელის გამოხმობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით მორიგების დამტკიცების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინება საქმის განხილვისაგან მოპასუხის წარმომადგენლის ხ. ხ-ს ჩამოცილებაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინება ხ. ხ-ს მიმართ დამდგარი განაჩენის გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინება ნ. თ-ის, ნ. უ-ის, ხ. ი-ის და დ. ბ-ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2012 წლის 23 ივლისს ე. პ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო აქტებში უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ე. პ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება სასამართლო აქტებში არსებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, კანონი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას იმ შემთხვევაში, თუ განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდება, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის განცხადება. აღნიშნულის კერძო საჩივრით გასაჩივრებას კი საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენა არ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. პ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია