№ას-1329-1255-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე – შპს „უ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი მოპასუხე შპს „უ-ის“ მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით შპს „უ-ი“ ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მესამე პირი ნ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც შპს „უ-ი“ ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მესამე პირი ნ. კ-ი, ხოლო აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია