Facebook Twitter

Nას-1330-1256-2012 23 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალი

წარმომადგენელი - ზ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.-ი-ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ბ.-ი-მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 090 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2315,6 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 2376,23 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სს „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალის სააპელაციო საჩივარი, ასევე „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალის დირექტორ ს. პ-ისა და ზ. ვ-ის ერთობლივი განცხადება დარჩა განუხილველად. აპელანტს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2500 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის განჩინება მხარეს 10 ივლისს ჩაბარდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 2012 წლის 24 ივლისს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება „მ. ა.ე-ს“ წარმომადგენელმა ზ. ვ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენელ ზ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 2376,23 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა დაევალა. აპელანტს ხარვეზის განჩინება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო 2012 წლის 10 ივლისს განჩინება ზ. ვ-მა ხელზე ჩაიბარა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დენა 11 ივლისიდან დაიწყო და 2012 წლის 20 ივლისს ამოიწურა. ზ. ვ-მა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისს, ანუ 10-დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინა, ამასთან, მას სრულად არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა. საყურადღებოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების რაიმე სამართლებრივ საფუძველს არ მიუთითებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე 50 ლარს შეადგენს.

იმავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, მხარეს უბრუნდება ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარია გადახდილი, შესაბამისად, სს „მ. ა. ე-ს“ საქართველოს ფილიალს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალის (საიდენტიფიკაციო კოდი ...) წარმომადგენელ ზ.ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინება;

3. სს „მ. ა.ე-ს“ საქართველოს ფილიალს დაუბრუნდეს 2012 წლის 18 სექტემბრის N842 ელექტრონული საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

მ. სულხანიშვილი