Facebook Twitter

საქმე №ას-1343-1268-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ვ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის, სულ 84000 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა 2012 წლის 21 მაისის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2012 წლის 4 ივნისს, აპელანტმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ, ფინანსური სიძნელეების გამო, რაც სააპელაციო პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა მხარეს გაუგრძელდა 5 დღით. 2012 წლის 28 ივნისს ნ. ი-მა განმეორებით მიმართა სასამართლოს განცხადებით, ფინანსური სიძნელეების გამო, ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, რაც ასევე სრულად დაკმაყოფილდა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისს. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა აპელანტ ნ. ი-ის ოჯახის წევრს, დედას - მ. ი-ს 2012 წლის 20 ივლისს, შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 ივლისს და დასრულდა 2012 წლის 30 ივლისს, ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტმა წარადგინა 2012 წლის 31 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ მიუხედავად განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგების შესახებ აპელანტის ინფორმირებისა, მას სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, კერძოდ, არ გამოუსწორებია დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ არ არსებობდა ნ. ი-ს სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, მხარემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 2200 ლარი 30 ივლისს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მეორე დღესვე წარადგინა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებათა დაცვა და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდევინებაა, სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა აპელანტის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ. ი-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 368-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, დაევალა იმ საპროცესო მოქმედებათა განხორციელება, რაც სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისათვის იყო სავალდებულო, ხარვეზის გამოსწორებისათვის კი მხარეს ვადა მიეცა 10 დღით და ამომწურავად განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა დაკისრებული საპროცესო მოქმედება ნაწილობრივ განახორციელა, ხოლო დარჩენილი ნაწილის მიმართ (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში) იშუამდგომლა საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად და მხარეს ამჯერადაც სათანადოდ ეცნობა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის თაობაზე.

2012 წლის 28 ივნისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტმა კვლავ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით მოითხოვა, ხოლო სააპელაციო პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით მხარის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული, ამავე განჩინებით მხარეს კვლავ ეცნობა საპროცესო ვადის დაცვის აუცილებლობის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილითა და საფოსტო შეტყობინებით ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინება ნ.ი-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და თავდაპირველად მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი შინ არ იმყოფებოდა, ხოლო გზავნილის განმეორებით გაგზავნის შემდგომ, 2012 წლის 20 ივლისს, ის ჩაიბარა აპელანტის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, დედამ - მ. ი-მა.

აღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეტყობინების ჩაბარების მართებულობას მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე მხარეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2012 წლის 20 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 ივლისს და ამოიწურა 2012 წლის 30 ივლისს, ორშაბათს, საქმის მასალებითა და თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებითვე დასტურდება, რომ მან საპროცესო მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლოს აცნობა 2012 წლის 31 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას და თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით კი დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ დაადგენს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა. კანონმდებელი აღნიშნული დანაწესების შემოღებით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებს და ამ წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, იმპერატიულად ადგენს საჩივრის დაუშვებლად ცნობის აუცილებლობას.

იმ პირობებში, როდესაც მხარეს ამომწურავად ეცნობა ხარვეზის გამოსწორების წესი და ამომწურავადვე განემარტა მისი გამოუსწორებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარის მიერ საპროცესო ვადის ბრალეული დარღვევის მოტივით, არ არსებობდა ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს მხარის ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებისა და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის სისწორის გარკვევის შესაბამისად საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტული ნორმები, კონკრეტული ინსტანციის სასამართლოს მიმართ ითვალისწინებს იმ სავალდებულო პირობათა ჩამონათვალს, რომელსაც მხარის სარჩელი თუ საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს მისი წარმოებაში მიღებისა და არსებითი განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოსათვის ასეთს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის მე-5 ნაწილი ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობას ითვალისწინებს, რაც შეეხება მხარის ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობის სასამართლოს მიერ გათვალისწინებას, აღნიშნული, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არაერთხელ იქნა რეალიზებული სააპელაციო პალატის მიერ, რაც მხარის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის არაერთ გაგრძელებაში გამოიხატა, ხოლო დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევას მოქმედი კანონმდებლობა საჩივრის განუხილველად დატოვების უალტერნატივო წინაპირობად მიიჩნევს (სსსკ 368; 63).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე