Facebook Twitter

საქმე №ას-1349-1274-2012 22 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. პ-ს უფლებამონაცვლე ს. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. პ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ისა და ადგილობრივი მმართველობის ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის მიმართ ძრავების გადახვევის ცეხის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით.

ა. ბ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. პ-ს მიმართ სარჩელში მითითებულ შენობაში განთავსებულ სასადილოში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის აკრძალვისა და უკანონო მინაშენის დემონტაჟის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ნ. პ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის შეგებებული სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2003 წლის 20 აგვისტოს არ გამოცხადდა აპელანტი ნ. პ-ა, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნ. პ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ა. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდა ა. ბ-ის შეგებებული სარჩელი, აიკრძალა ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული სასადილოსა და საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილ კუპეებში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. აღებულ იქნა მეორე სართულზე მოწყობილი უნებართვო მინაშენი. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.პ-ს ა.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის - 10 ლარის და ადვოკატის ხარჯების - 90 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა 30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2012 წლის 7 აგვისტოს ა. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ნ.პ-ს უფლებამონაცვლედ მისი ანდერძისმიერი მეორე რიგის მემკვიდრის (დისშვილის) - ს.ჟ-ის ცნობისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებზე:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარედგინა სააღსრულებო ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ კრედიტორ ა. ბ-ს ეცნობა, მოვალე ნ. პ-ს გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე აღსრულების შეჩერების თაობაზე.

წარდგენილ განცხადებას ა.ბ-მ დაურთო 2006 წლის 19 აპრილს ნოტარიუს მ. ბ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნ. პ-ის ანდერძისმიერ მეორე რიგის კანონიერ მემკვიდრე ს. ჟ-ის მიერ სამკვიდროს - ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №2-ში მდებარე სახლის გამოყოფილი ნაწილისა და სახლის გამოყოფილი ნაწილის ¾ ნაწილის მიღების თაობაზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ს. ჟ-ის დარეგისტრირების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოვალე ნ. პ-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა და სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მიეთითა ს. ჟ-ი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2003 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. პ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ა. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდა ა. ბ-ის შეგებებული სარჩელი, აიკრძალა ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული სასადილოსა და საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილ კუპეებში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, აღებულ იქნა მეორე სართულზე მოწყობილი უნებართვო მინაშენი, დაეკისრა ნ.პ-ს ა.ბ-ის სასარგებლოდ 10 ლარი - ბაჟის სახით და ადვოკატის ხარჯები - 90 ლარის ოდენობით, ნ. პ-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულებული არ არის. მოვალე ნ. პ-ა გარდაცვლილია. პალატამ მიუთითა განმცხადებლის მიერ წარდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე და ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაცვლილი მოვალე ნ. პ-ის მემკვიდრესა და მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა ს. ჟ-ი, რაც, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ჟ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც განმცხადებელი 2003 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით მართლაც იყო წინამდებარე დავის მოპასუხე მხარე, მას ამ დროისათვის ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის N2-ში მდებარე ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნდა, თუმცა 2009 წლის 15 ივნისს მან ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მისი კუთვნილი ქონება მიჰყიდა მის ამჟამინდელ წარმომადგენელ გ.გ-ს. აღნიშნული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, შესაბამისად, ქონების გასხვისების მომენტიდან ა.ბ-მ დაკარგა უფლებები სადავო ქონებაზე, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებაზე. საყურადღებოა, რომ ქონების გასხვისებისას ა.ბ-ს გ.გ-თვის გადაწყვეტილების აღსრულების უფლება არ გადაუცია, ხოლო თავად ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენს და ვერც გ.გ-ე დაიცავს ა.ბ-ის ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს სადავო მისამართზე მდებარე ქონებაზე. ა.ბ-მ გ.გ-ის სახელზე რწმუნებულება 2012 წლის 9 ივლისს გასცა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ.გ-ე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს 2003 წლის 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ს.ჟ-ს უარი ეთქვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე, ამავე განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჟ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. პ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ა. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდა ა. ბ-ის შეგებებული სარჩელი, აიკრძალა ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული სასადილოსა და საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილ კუპეებში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, აღებულ იქნა მეორე სართულზე მოწყობილი უნებართვო მინაშენი, ნ.პ-ს ა.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 ლარი - ბაჟის სახით და ადვოკატის ხარჯები - 90 ლარის ოდენობით, ნ. პ-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

დადგენილია ასევე, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულების ხელშემშლელ გარემოებას მოვალე ნ.პ-ს გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს.

უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე წარდგენილი განცხადებისათვის დართული მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია არც ს.ჟ-ს წარუდგენია, რომ კერძო საჩივრის ავტორი ნ. პ-ს ანდერძისმიერი, ასევე კანონისმიერი მემკვიდრეა (მე-2 რიგი), რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო.

საკასაციო პალატა მიუთითებს ს.ჟორჟოლიანის კერძო საჩივრის არგუმენტებზე, რომ განცხადების წარდგენის დროისათვის ა.ბ-ე სადავო ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა, არამედ ქონება გ.გ-ს ეკუთვნოდა მხარეთა შორის 2009 წლის 15 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებიდან გამომდინარე, მართალია, ა.ბ-მ ქონებრივი უფლებები დაკარგა სადავო უძრავი ნივთის მიმართ, რაც შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე ზოგადად ახდენდეს კიდევაც გარკვეულ გავლენას, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე და აღნიშნავს, რომ იგი არა გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების ნაწილში, არამედ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განსაზღვრის ნაწილშია გაცემული, კერძოდ, მასში ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, სადაც საუბარია ნ.პ-სათვის ა.ბ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი დამოუკიდებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი სიკეთისაგან (სარჩელის საგნის - მატერიალური უფლებისაგან). აღნიშნული წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულ მოდავე მხარის უფლებას, წაგებული მხარისაგან მიიღოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება სასამართლო წესით დადასტურებული მოთხოვნის პროპორციულად. პალატის აღნიშნული მსჯელობა ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავის განვრცობით განმარტებას, რომლითაც საპროცესო ხარჯების საკითხია რეგულირებული.

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაზე უძრავი ქონების გასხვისების ფაქტი გავლენას ვერ იქონიებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ის არგუმენტი, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან განცხადების წარდგენის დროისათვის ა.ბ-ს ქ.ქუთაისში, ვ-ის ქუჩის მე-3 ჩიხის N2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება მხარის იმ მოსაზრებას, რომ გ.გ-ე ა.ბ-ის ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს ვერ დაიცავს ა.ბენიძის მიერ მისთვის უფლებამოსილების 2012 წლის 9 ივლისს მინიჭების გამო. აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ადვოკატის მოწმობის თანახმად, გ.გ-ე გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სიითი ნომრით N2284, აღნიშნულით ირკვევა, რომ რწმუნებული ადვოკატია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XII თავის, 440-ე მუხლისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ.გ-ე არ არის შეზღუდული, მხარეთა შორის გაფორმებული მინდობილობის ფარგლებში, დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები (ბუნებრივია, ივარაუდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები).

რაც შეეხება კერძო საჩივრის იმ არგუმენტებს, სადაც მხარე მიუთითებს ძველსა და ახალ მესაკუთრეს შორის გადაწყვეტილების აღსრულების უფლების გადაცემის ფაქტზე, აღნიშნული საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგანაც მხარეთა შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში სააღსრულებო ფურცელი არ არის გაცემული, შესაბამისად, აღნიშნული არც წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლით, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და სწორად ჩათვალა ს. ჟ-ი ნ. პ-ს უფლებამონაცვლედ, ამასთანავე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ნ. პ-ს უფლებამონაცვლედ ს. ჟ-ის ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გააჩნდა როგორც უშუალოდ ა. ბ-ს, ისე მის უფლებამოსილ წარმომადგენელ გ. გ-ს, აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს, რომ ს. ჟ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჟ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე