Facebook Twitter

№ას-1360-1283-2012 17 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ო. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, ო. კ-ის სარჩელი ლ. კ-ის შინაურული ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 2 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაევალა ქ.ქუთაისის ნოტარიუს დ.ხ-ს, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ს სახელზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაევალა ქ.ქუთაისის ნოტარიუს დ.ხ-ს, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ს სახელზე.

დასახელებულ განჩინებაზე ო. კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, საჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომეტიდან. ამავე კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, კანონით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებების, მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებისა და განხილვის წესი, კერძოდ, დადგენილია ყველა ასეთი განჩინების საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა 5 დღის ვადაში, ხოლო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ – განჩინების გამომტანი სასამართლო.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება. ხსენებული განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაევალა ქ.ქუთაისის ნოტარიუს დ.ხ-ს, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნენო ნაჭყებიას სახელზე.

ამდენად, ნათელია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების მართლზომიერებას, რაც არ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის საპროცესო ფორმით. აქვე, საყურადღებოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ასეთი განჩინება, როგორც ზემოთ განიმარტა, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით და არა კერძო საჩივრით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც საჩივარი უნდა განიხილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. კ-ის საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე