Facebook Twitter

საქმე №ას-1361-1284-2012 26 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ა-ის მიმართ ქ.წალკაში, მ.კ-ს ქ№53-ში მდებარე 193 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმების და მასზე განთავსებულ ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობისა და სადავო ქონების დ. მ-ისათვის გადაცემის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

წალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი ქ.წალკაში, მ.კ-ს ქუჩა N53-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით აპელანტს სრულად დაუბრუნდა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა 280 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასევე სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც, აპელანტი ამყარებდა თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებდნენ მათ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2012 წლის 12 ივლისის განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელ მ. ჩ-ს ჩაბარდა 2012 წლის 23 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის დასაწყისი სასამართლო შეტყობინების ჩაბარებიდან - 2012 წლის 23 ივლისიდან იწყებოდა, რომელიც უნდა გამოსწორებულიყო 10 დღის ვადაში _ 2012 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. პალატის განმარტებით, დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად გაქარწყლებულად ითვლებოდა. დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ აპელანტ დ. მ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, 2012 წლის 3 აგვისტოს მიმართა სასამართლოს და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ასევე 280 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 372-ე მუხლის, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმარტა: ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ იქნა ვადაში შევსებული, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აპელანტს სრულად დაუბრუნდა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. მ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა და მოითხოვა მისი, როგორც უკანონო განჩინების გაუქმება. დაზუსტებული კერძო საჩივრით მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატას არ ჰქონდა უფლება, მიეღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რადგანაც სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იყო მიღებული, გარდა დასახელებულისა, სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის წარმომადგენელ მ.ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით დ.მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის ვადა განისაზღვრა 10 დღით.

საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ მ.ჩ-ი აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელია, რომელსაც სხვა საპროცესო უფლებამოსილებებთან ერთად გააჩნდა ასევე 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებათა განხორციელების უფლება (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.172-177).

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მ.ჩ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით პირადად ჩაბარდა 2012 წლის 23 ივლისს (იხ. ტ.I I, ს.ფ.7).

საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარის თანახმად, მხარემ სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით მიმართა 2012 წლის 3 აგვისტოს, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართან ერთად წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესწავლით, ირკვევა, რომ მ.ჩ-მა სახელმწიფო ბაჟი სწორედ 2012 წლის 3 აგვისტოს გადაიხადა, რაც მეტად ადასტურებს სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ დაკისრებული საპროცესო მოქმედება სწორედ 2012 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, რათა სასამართლომ ის დასაშვებად მიიჩნიოს, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კი განსაზღვრულია შემდეგი ქცევის წესი: თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

პალატა ასევე მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის განჩინების გადაცემის დღის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 24 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 2 აგვისტოს, ოთხშაბათს, ხოლო საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ საპროცესო მოქმედება განხორციელდა 2012 წლის 3 აგვისტოს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ დაკისრებული მოქმედების შესრულების ვადის დარღვევის მოტივით აპელანტს სწორად უთხრა უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ მას ის უკვე წარმოებაში ჰქონდა მიღებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით არასწორად მიიღო წარმოებაში დ.მ-ის სააპელაციო საჩივარი, თუმცა კანონით დადგენილი შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომლებიც უკავშირდება საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის დადგენილი ვადის უალტერნატივო დაცვას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მსგავსი საკითხის რეგულირების პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს სარჩელზე, თუმცა ის ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების წესის მარეგულირებელ ნორმად. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეუზღუდავად სარგებლობენ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც სადავო ურთიერთობას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის წარმოების წესისაგან განსხვავებულ რეგულირებას არ ითვალისწინებენ. ამდენად, მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე მოსაზრებას, რომ სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს დაეთანხმება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმები საპროცესო ვადის სასამართლოს ინიციატივით გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ის დამოკიდებულია მხარის შუამდგომლობაზე და სასამართლოს როლი მხოლოდ ამ შუამდგომლობის საფუძვლიანობის კვლევით შემოიფარგლება, რაც, ბუნებრივია, მისი ამა თუ იმ გზით გადაწყვეტაზე ახდენს გავლენას (სსსკ 368.7), ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, გაუგებარია, თუ რას ემყარება მხარის აღნიშნული პოზიცია, რადგანაც, იმ პირობებში, როდესაც მხარემ სრულყოფილად ან ნაწილობრივ განახორციელა დაკისრებული საპროცესო მოქმედება, თუმცა დაარღვია მისი შესრულების საპროცესო ვადა, კანონი ამ მოქმედების გაქარწყლებულად მიჩნევას თვლის სავალდებულოდ (სსსკ 63; 368.5), აღნიშნული კი, თავისთავად აბსურდულს ხდის საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე