საქმე Nას-1369-1291-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს. “თ-ა”
მოწინააღმდეგე მხარე - შპს “ს. ს. პ-ა”
გასაჩივრებული განჩინება _- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს. “თ-მ” განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს “ს. ს. პ-ის” 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს. “თ-ს” განცხადება დარჩა განუხილველი შემდეგ გარემობათა გამო. სასამართლო განმარტავს: ვინაიდან საარბიტრაჟო საქმის დედნებში საქმის ზეპირი განხილვის ამსახველი სხდომის ოქმები წარმოდგენილი არ არის, ამიტომ შეუძლებელია სასამართლოს მხრიდან იმის შემოწმება, ხომ არ არღვევს არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო წესრიგს. ამრიგად, სასაამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა შპს “ს. ს. პ-ის” 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების თაობაზე არ აკმაყოფილებს “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ დასაშვებობის პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე პირველი პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე, 35613-ე, 35617-ე, 35620-ე მუხლების შესაბამისად, შპს. “თ-ს” დირექტორს მ. ჯ-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს. “თ-მ” და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს. “თ-ს” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებილ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს. “თ-ს კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს. “თ-ს უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 2 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს. “თ-ს” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
2. კასატორ შპს. “თ-ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს საგადასახადო დავალება №1_ით გადახდილი 50 ლარი.
3. შპს. “თ-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი