Facebook Twitter

საქმე №ას-1376-1298-2012 22 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. და ი. დ-ების კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ვ. ბ-ის სარჩელის გამო, ი. და კ. დ-ების მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

კ. და ი. დ-ების კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.

რაც შეეხება კ. და ი. დ-ების კერძო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივარით საჩივრდება მხოლოდ ის განჩინებები, რომლებზეც პირდაპირ უთითებს საპროცესო კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება შეეხება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენას, ხოლო 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელებას. გამომდინარე იქიდან, რომ არც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასა და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. და ი. დ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისისა და ამავე პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილვევლად, ხოლო კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორებს დაევალოთ 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 414-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. და ი. დ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. კ. და ი. დ-ებს დაევალოთ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში _ საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი _ „განაღდებულია).

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე