Facebook Twitter

საქმე №ას-1382-1304-2012 26 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის (კერძო საჩივრის) ავტორი – ვ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი

მოპასუხე – დ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება

საჩივრის (კერძო საჩივრის) ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ისა და გ. გ-ის მიმართ 2010 წლის 26 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ქ.თბილისში, ც-ის გასავალ №3-ში მდებარე 219 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ასევე შენობის ½-ის მოსარჩელისათვის დაბრუნებისა და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განჩინებაზე ვ.გ-მა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხე გ. გ-მა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. გ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის კერძო საჩივარი შინაარსობრივად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარია და ის განსახილველად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით ვ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე კოლეგიის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით კი, ვ.გ-ის საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსაბუთებლობის მოტივით განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს.

უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი განჩინება ვ.გ-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე გ. გ-ს აეკრძალა მისი კუთვნილი, ქ.თბილისში, ც-ის გასასვლელის N3-ში მდებარე ქონების გასხვისება ან მისი უფლებრივად დატვირთვა.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

დასტურდება, რომ საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების თხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხე გ. გ-მა, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, საჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომეტიდან. ამავე კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, კანონით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებების, მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებისა და მისი განხილვის წესი, კერძოდ, დადგენილია ყველა ასეთი განჩინების საჩივრის წარდგენის გზით გასაჩივრების შესაძლებლობა 5 დღის ვადაში, ხოლო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ კანონმდებელი განჩინების გამომტან სასამართლოს მიიჩნევს.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

ამდენად, ნათელია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების მართლზომიერებას, რაც პროცესუალური თვალსაზრისით არ შეიძლება განხორციელდეს კერძო საჩივრის წარდგენის გზით. საყურადღებოა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას კი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ასეთი განჩინება, როგორც ზემოთ განიმარტა, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით და არა კერძო საჩივრით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც საჩივარი უნდა განიხილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-ის საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე