ბს-529-115-(კ-05) 22 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: რეალური წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 თებერვალს მოსარჩელე მ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე .......... სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიმართ და ფილოსოფიის ინსტიტუტის ბალანსიდან მის საკუთრებაში არსებული 59 კვ.მ-ის ამორიცხვა და საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით რეალური წილის გამოყოფა მოითხოვა. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა მის მიერ დაკავებული 59კვ.მ, მდებარე ქ. თბილისში, ...... მოგვიანებით მან ამ ფართის პრივატიზება მოახდინა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე 59 კვ.მ წარმოადგენს მის საკუთრებას, მაგრამ ფაქტობრივად ფლობს 47,26 მ-ს დანარჩენი ფართი კი თვითნებურად დაკავებული აქვს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ......... სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ შენობის მეორე სართული და სადავო ფართიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბალანსზე ირიცხება, რომელიც მათ გადაცემული აქვთ მხოლოდ ოპერატიულ მართვაში.
2003წ. 31 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჩაება.
თბილისის კრწანისი-მთაწმიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უარი ეთქვა მ. ჯ-ის სარჩელს ქ. თბილისში, .....…, მეორე სართულზე მის საკუთრებაში არსებული ფართის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბალანსიდან ამორიცხვისა და რეალური წილის გამოყოფის თაობაზე, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხის ბალანსზე არსებული ამ საერთო ფართიდან ამოირიცხა და მოსარჩელე _ მ. ჯ-ის რეალურ წილად განისაზღვრა მის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში, სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული 47, 26 კვ.მ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჯ-მა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში გაასაჩივრა. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეცა. 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
2004წ. 12 თებერვლის განჩინებითY მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას დაექვემდებარა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად ცნო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წამოადგენდა.
საქმეში არსებული მუნიციპალიტეტის ¹........ საბინაო ორდერის თანახმად, მ. ჯ-ს ორსულიან ოჯახზე გამოეყო ქ. თბილისში, ..., მეორე სართულზე მდებარე 59 კვ. მ-ის სამი ოთახი, რაც მ. ჯ-ის მიერ იქნა პრივატიზებული 1998წ. 5 ოქტომბერს. საჯარო რეესტრის ჩანაწერების სადავო ფართი საკუთრების უფლებით მ. ჯ-ს ეკუთვნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ფილოსოფიის ინსტიტუტის ბალანსიდან ამორიცხა მ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 59კვ.მ, მდებარე ქ. თბილისში, ......, მეორე სართულზე და მას გამოეყო რეალური წილი საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და ......... სახელობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტმა იმავე საფუძვლით საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან კასატორების მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის ¹.......... საბინაო ორდერის თანახმად, მ. ჯ-ს ორსულიან ოჯახზე გამოეყო ქ. თბილისში, ..., მეორე სართულზე მდებარე 59კვ.მ, რაც 1998წ. 5 ოქტომბერს მ. ჯ-ის მიერ პრივატიზებულ იქნა. ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი 59 კვ.მ 1998წ. 5 ოქტომბერს სანოტარო წესით დადასტურებული საკუთრების უფლებით მ. ჯ-ს ეკუთვნის.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991წ. 19 ივნისის ¹521 განკარგულებით თბილისში, … მდებარე შენობის II სართული, საერთო ფართით _ 793 კვ.მ, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს 2001 წლისა და 2003წ. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა თბილისში, მეორე სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი 768 კვ.მ ჯერ პოლიტოლოგიის ინსტიტუტს, ხოლო შემდეგ ფილოსოფიის ინსტიტუტის განსათავსებლად. ამასთანავე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 2002წ. 10 აპრილის განკარგულებით აღნიშნული შენობის მეორე სართული 768კვ.მ, რომელიც ირიცხებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ბალანსზე, საბალანსო ღირებულებით 23835 ლარი, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ......... სახელობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისში, … მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული საცხოვრებელი 59კვ.მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. ჯ-ს, აღნიშნულზე ვრცელდება სკ-ის 312-ე მუხლი, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. ვინაიდან არ არის საწინააღმდეგო დადასტურებული, ამიტომ მ. ჯ-ი ნამდვილად არის ამ სადავო ფართის მესაკუთრე.
საქმის მასალებით დასტურდება ასევე, რომ არც მეცნიერებათა აკადემიასა და არც ფილოსოფიის ინსტიტუტს მ. ჯ-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესწორებების შეტანა არ მოუთხოვიათ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული აძლევს უფლებას სადავო ქონების მესაკუთრეს _ მ. ჯ-ს, სკ-ის 172-ე მუხლის თანახამდ, ფილოსოფიის ინსტიტუტისაგან ნივთის უკან დაბრუნება მოითხოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და შესაბამისად, იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ........ სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის…საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.