Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-976-917-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის ½-ის მესაკუთრედ აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში შეძენილი ქ.თბილისში, გ-ის ქ.№111ა-ში მდებარე №18 ბინის ½-ის მესაკუთრედ აღრიცხვა, ასევე მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონო რეალიზაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღირიცხა ქ.თბილისში, გ-ის ქ.№111ა-ში მდებარე №18 ბინის ½-ის მესაკუთრედ, ხოლო მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც თ. მ-მა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2012 წლის 4 ივნისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, დააზუსტა მოთხოვნა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლება, ბაჟის ოდენობის შემცირება ან მისი გადახდის განაწილვადება იმ საფუძვლით, რომ პენსიონერი, ავადმყოფი და შრომისუუნაროა.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. მ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, მის გადავადებას, შემცირებასა და განაწილვადებაზე. ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა აპელანტს გაუგრძელდა 5 დღით.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 9 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თ. მ-ს პირადად ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 10 ივნისიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, და ამოიწურა 2012 წლის 13 ივნისს. ამდენად, ხარვეზის შევსების უფლება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

საქმის მასალებით პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ს-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მიცემული უფლებამოსილების გამოყენება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს თ. მ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ აპელანტი პენსიონერია, დაავადებულია და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია. პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ აპელანტი წლებია უმუშევარია და არ აქვს შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ თ.მ-ს არც ადვოკატის ჰონორარი არ გადაუხდია.

სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში არსებული შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი მხარეს უფლებას აძლევს, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და ეს უკანასკნელიც ვალდებულია, განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა. ამგვარი პრაქტიკაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-371-722-07, ას-507-818-09, ას-1001-1276-09, ას-533-843-09 და ას-288-610-09 განჩინებებშიც.

საქმეზე „პოდბიელსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა, რომ თუ კონვენციის მონაწილე ქვეყანას აქვს სააპელაციო ინსტანცია, მასზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც მოქმედებს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გარანტიები. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობამ არ უნდა ხელყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა. განსახილველი საქმის ანალოგია საქმე „მრეტები საქართველოს წინააღმდეგ“.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან მისი ოდენობის შემცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხის გადახდის განაწილვადების თაობაზე და უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ მხარემ თავისი ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად წარადგინა მხოლოდ საპენსიო ცნობა, ამასთან, საქმის მასალების შესაბამისად, თ. მ-მა გასწია აუდიტისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯები. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ადვოკატის ჰონორარი აპელანტს ჯერ არ აუნაზღაურებია, ასევე არანაირი აუდიტის ხარჯები მას არ დაუფარავს.

პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების თაობაზე. მართალია, აღნიშნულ შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 47-48-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაენაწილვადებინა თანხის გადახდა ანალოგიის გამოყენების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის წარმომადგენელ გ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადა მის გამოსასწორებლად – სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დასაზუსტებლად და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარსადგენად. აღნიშნული ვადა მხარის მოთხოვნით კიდევ 5 დღით გაგრძელდა. ამასთან, აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის განაწილვადებისა და ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 10000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და წარადგინა მხოლოდ 150 ლარის გადახდის ქვითარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და ასევე სავსებით დასაბუთებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოში საქმის წარმოების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობაა, რისი დაუცველობაც იწვევს მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს – მისი სარჩელი თუ საჩივარი აღარ განიხილება. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მხარის მოთხოვნის განუხილველად დატოვება არ უნდა იქნეს განხილული ამ პირისათვის როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შეზღუდვად.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თ. მ-ის გათავისუფლების, ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადებისა და განაწილვადების საფუძველი. მართალია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებულ შეღავათებს, თუმცა, ამასთანავე, აწესებს მათი გამოყენების პირობებსაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. ასეთი მტკიცებულებები აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მხოლოდ იმაზე მითითება კი, რომ მხარე პენსიონერი, ავადმყოფი და შრომისუუნაროა, სადავო შეღავათების თ. მ-ზე გავრცელების საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არც მოცემული საქმის მასალებიდან და არც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების, ოდენობის შემცირების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა.

რაც შეეხება მხარის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობა.

დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ასეთ შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის ძალით ამავე კოდექსის 47-48-ე მუხლებთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების გამოყენება ამ შემთხვევაში სამართლებრივად გაუმართლებელია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული შეღავათების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა მხარემ სააპელაციო საჩივარშივე წარადგინა, რაც სააპელაციო პალატას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებით არ შეუფასებია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა მხარის ზემოხსენებულ შუამდგომლობაზე ხარვეზისათვის მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით, ამდენად, აპელანტის უფლებები არ დარღვეულა.

ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს ხარვეზის გამოსწორების მიზნით გ. ს-ის მიერ 2012 წლის 4 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

თ. მ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ს-ის მიერ 2012 წლის 4 ივნისს №5205778 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია