Facebook Twitter
#as-1202-1446-05

№ა-2871-ა-17-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის, მ. ს-ის და ხ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. ს-ე, ხ. ს-ე და მ. ს-ე ცნობილ იქნა მესაკუთრედ ა. რ-ის სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა მ-ი №9-ში, 40, 46 კვ.მ. ფართიდან 3/8 წილზე. გ. ს-ის, ხ. ს-ის და მ. ს-ის მოთხოვნა 2010 წლის 12 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. მ-ის“ 2010 წლის 5 ოქტომბრის №2 კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ს-მ, ხ. ს-მ და მ. ს-მ, შესაბამისად მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ., ხ. და მ. ს-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. მ-ის“ 2010 წლის 5 ოქტომბრის №2 კრების ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი; დანარჩენ ნაწილში აღნჲშნული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.; გ., ხ. და მ. ს-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ., ხ. და მ. ს-ები ცნობილი იქნენ თბილისში, მ-ის ქ. №9-ში მდებარე ა. რ-ის სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონების 40, 46 კვ.მ. ფართობის 3/8 წილზე( თითოეული 1/8-1/8-1/8 წილზე) მესაკუთრეებად; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 12 ოქტომბრის ა. რ-სა და მ. ბ-ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისში, მ-ის ქ. №9, ფართობი 46,54 კვ.მ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 3/8 ნაწილში; გ., ხ. და მ. ს-ები ცნობილ იქნენ თბილისში, მ-ის ქ. №9-ში მდებარე მოპასუხე მ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 46,54 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონების 3/8 წილზე თითოეული 1/8-1/8-1/8 წილზე) მესაკუთრეებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2012 წლის 5 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ბ-ის წარმომადგენლმა ი. მ-მ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. მ-მ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ვადის დარღვევას ადგილი არ ქონია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 24 აპრილს გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს უნდა ჩაებარებინა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლისა. მ. ბ-ს გადაწყვეტილება სასამართლოში არ ჩაუბარებია, შესაბამისად საკასაციო ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 - ე მუხლის გათვალსიწინებით მათთვის დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. საკასაციო საჩივარი მის მიერ შეტანილია 2012 წლი8ს 14 ივნისს, საკასაციო ვადის ამოწურვის ბოლო დღეს. ასევე განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე არის 24 მაისი (რომლითაც განსაზღვრულია საკასაციო ვადის დასაწყისი), ხოლო გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დინება დაიწყო 25 მაისს და მისი დასრულების ბოლო დღე არის 14 ივნისი. 24 მაისი არ შეიძლება ჩაითვალოს საკასაციო ვადაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზეა დღეებით განსაზღვრული ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წარმოების განახლების შესახებ 2012 წლის 5 ივლისის განცხადებით მ. ბ-ის წარმომადგენელი ი. მ-ე სადავოდ ხდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებას. აღნიშნული განჩინებით მ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. ბ-ე და მისი წარმომადგენელი ი. მ-ე არ მივიდა სააპელაციო სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესააბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 24 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს. მითითებულ ვადაში მ. ბ-ს და მის წარმომადგენელს ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, რაც გახდა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

წარმოდგენილი განცხადებით მ. ბ-ის წარმომადგენელი ი. მ-ე სადავოდ ხდის საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის ზემომითითებულ თარიღს, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა. განმცხადებელი განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა არ გაუშვია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 25 მაისს და მისი დასრულების ბოლო დღე არის 14 ივნისი, 24 მაისი არ შეიძლება ჩაითვალოს საკასაციო ვადაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზეა დღეებით განსაზღვრული ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21 დღიანი ვადა 2012 წლის 24 მაისიდან სავსებით სწორად აითვალა და მართებულად ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის 2012 წლის 14 ივნისს შეტანით ზემოხსენებული ვადა დაირღვა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ხოლო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია