Facebook Twitter
#as-1202-1446-05

№ა-2163-ა-19-2012 11 ოქტომბერი , 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ხ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ. ხ-ს დაეკისრა მოსარჩელე ნ.ჯ-ის სასარგებლოდ 7743 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თ. ხ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას 2012 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ მოტივით, რომ საკასციო საჩივარი შეტანილ იქნა საპროცესო ვადაში, აღნიშნული გარემოება დასტურდება დოკუმენტის ჩაბარების შესახებ საფოსტო ქვითრით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით თ. ხ-ის განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თ. ხ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წარმოების განახლების მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი „...“-ის მიერ გაცემული №001289586 საფოსტო ქვითრით უდავოდ ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2012 წლის 17 აპრილს.

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით უზრუნველყო იმის დადასტურება, რომ საკასაციო საჩივრის გასაჩივრების მიზნით ფოსტას მიმართა არა 2012 წლის 19 აპრილს, არამედ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით - 2012 წლის 17 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. ამავე კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის ეტაპზე იქნა განუხილველად დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობის გარკვევის ეტაპზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 თ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

3. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია