Facebook Twitter

საქმე №ა-3822-გან-1-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ა-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ბ-ის“ მიმართ 2006 წლის 20 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ის“ დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის N01-02/50 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ა-ის“ დირექტორმა რ.ნ-მ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების განმარტება, კერძოდ, მოითხოვა იმის განმარტება, თუ: ა) რატომ არ ეცნობა კასატორს საკასაციო საჩივრის განხილვის თარიღი, ბ) რის საფუძველზე არ გაეგზავნა მოპასუხის შესაგებელი, გ) რატომ არ მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებლის კანონით დადგენილი სასამართლო ფორმების დაცვით წარმოდგენა და რატომ არ დაუდგინდა ამ მიმართებით ხარვეზი, დ) მოპასუხეს შესაგებელში არ აღუნიშნავს, რომ აღარ არის მეიჯარე და 2012 წლის 7 თებერვლიდან სადავო საიჯარო ხელშეკრულების მხარე ბათუმის მერიაა, ე) აღნიშნული გარემოების დაფარვით მოწინააღმდეგე მხარემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, რის გამოც დავაში არ იქნა ჩაბმული ქ.ბათუმის მერია. განმცხადებლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კასატორისათვის საქმის განხილვის თაობაზე იქნებოდა ცნობილი ან გაეგზავნებოდა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი, ის აღნიშნულის თაობაზე აცნობებდა სასამართლოს. საკასაციო პალატის სადავო განჩინება ასევე დაუსაბუთებელია, ის მიღებულია დაჩქარებული წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადა 3 თვეა, ხოლო სასამართლომ ეს საკითხი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან ერთ კვირაში განიხილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წინამდებარე განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ნორმის ანალიზით ნათლად დასტურდება მისი მოქმედების არეალიცა და მიზანიც, კერძოდ, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ მისი აღსრულების ხელშესაწყობად, ხოლო ეს დასაშვებია, თუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით ერთმნიშვნელოვნად არ ირკვევა სასამართლო წესით დადგენილი სამართლებრივი სიკეთის არსი.

განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს, რომ განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზეა მიღებული, ანუ ამ საპროცესო დოკუმენტით საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რაიმე გზით ტრასფორმაცია არ განუცდია, აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ნორმით რეგულირებული ურთიერთობის უმთავრესი წინაპირობა - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა გამორიცხულია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანიც არაა, მასში ნათლადაა სასამართლო განსჯის შედეგად მიღებული დასკვნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, განჩინების განმარტების არც ეს წინაპირობაა სახეზე.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ განცხადებაში მითითებული საფუძვლები გადაწყვეტილების განმარტების საგანს არ წარმოადგენს, ხოლო, საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქმე განხილულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, შესაბამისად, განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: ქ.ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილობითი მიმართვა და საჯარო რეესტრის ამონაწერი საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, 104-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. განმცხადებელს დაუბრუნდეს Nა-3822-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე