№ა-1323-შ-28-2012 02 ოქტომბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ტ. ტ-ის ძე ა-ე
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.ვოლგოგრადის ტრაქტოროზავოდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-403/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ქ.ვოლგოგრადის ტრაქტოროზავოდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ტ-ის ძე ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტ. ტ-ის ძე ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა: ა. შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო ერთჯერადი სადაზღვევო გადასახადი, 69638 რუბლის ოდენობით; ბ. შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო, ყოველთვიური სადაზღვევო გადასახადის დავალიანება 2330399 რუბლის ოდენობით; გ. კომპენსაცია მორალური ზიანისათვის 600000 რუბლის ოდენობით; დ. 2009 წლის 01 ოქტომბრიდან, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო 33479 რუბლის გადახდა. ამასთან, დადგინდა, რომ ტ. ტ-ის ძე ა-ის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის ინდექსაცია და მისი პერიოდულობა განისაზღვროს საქართველოს ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.
ტ. ა-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით ტ. ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა როგორც ხსენებული შუამდგომლობის, ისე შუამდგომლობაზე თანდართული მასალების ასლები. ადრესატს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა წარმოედგინა მოსაზრება ტ. ტ-ის ძე ა-ის შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, მასვე განამარტა ისიც, რომ შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი განხილვის გარეშე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, სადაც აღნიშნა, რომ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მოქმედი საბიუჯეტო კანონებით არ ყოფილა გათვალისწინებული საჭირო ასიგნებები 2007 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში სააგენტოს მიმართ წარმოდგენილი ისეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილად, როგორსაც წარმოადგენს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სააგენტო მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რადგან იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი დაფინანსების ფაქტობრივად ერთადერთი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, სარჩო კი არის მიზნობრივი სოციალური გასაცემელი (პენსიის, სუბსიდიის მსგავსად). მისი დაფინანსება ხდება ბიუჯეტის მხოლოდ შესაბამისი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მიზნობრივი ასიგნებიდან. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს ვალდებულ პირს საწარმოო ტრავმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში. ამასთან, საბიუჯეტო სახსრებიდან თანხის ანაზღაურების საკითხი უნდა განხილულიყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არამართებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისროს თანხების ანაზღაურება.
მოწინააღმდეგე მხარე არასწორად მიიჩნევს ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახულ მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ეცნობა სხდომის შესახებ, მაგრამ რაიმე პოზიცია არ წარუდგენია. მისი განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში არც დასახელებული საქმე და სხდომის ჩატარების თაობაზე არც რაიმე სახის შეტყობინება არ შესულა. შუამდგომლობა არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს სასამართლო უწყების სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას.
გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს არ გააჩნდა საერთაშორისო კომპეტენცია განსახილველი დავის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს აწესრიგებს საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“. აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის მე-2 ნაწილის თანახმად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის კანონი ადგენს განსაზღვრულ წინაპირობებს. სწორედ ამ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობა, რათა მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და მისი აღსასრულებლად მიქცევა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლად განიხილავს შემდეგ ორ შემთხვევას, თუ: საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება ან თუ, უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება.
კომპეტენციასთან დაკავშირებული ზემომითითებული საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას გვთავაზობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმები, თუმცა მისი მე-2 მუხლი ადგენს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენცია, რომლის ხელშემკვრელ მხარეებსაც წარმოადგენენ როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ასევე უკავშირებს ამ სასამართლოს კომპეტენტურობას. კერძოდ, კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ, მოცემული კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
დასახელებული კონვენციის 42-ე მუხლი შეიცავს შემდეგ დანაწესს: ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი მოქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა; თუ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქენი არიან, გამოიყენება ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა; ზემოაღნიშნულ საქმეებში კომპეტენტურია იმ ქვეყნის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს შეუძლია აგრეთვე სარჩელი წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხეს. კონვენციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ 42-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევები განეკუთვნება ხელმშეკვრელი მხარის სასამართლოების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ქ.ვოლგოგრადის ტრაქტოროზავოდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტ. ტ-ის ძე ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა: ა. შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო ერთჯერადი სადაზღვევო გადასახადი 69638 რუბლის ოდენობით; ბ. შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო, ყოველთვიური სადაზღვევო გადასახადის დავალიანება 2330399 რუბლის ოდენობით; გ. კომპენსაცია მორალური ზიანისათვის 600000 რუბლის ოდენობით; დ. 2009 წლის 01 ოქტომბრიდან, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო 33479 რუბლის გადახდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელე ტ. ა-ის სასარგებლოდ თანახის გადახდის დაკისრებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო საქართველოში, კერძოდ, ქ.ტყიბულში მდებარე ორჯონიკიძის სახელობის შახტაში მოსარჩელის დასახიჩრების ფაქტი, რის შედეგადაც მას დაუდგინდა პროფესიული შრომისუნარიანობის 50%-ით, ხოლო საერთო შრომისუნარიანობის 35%-ით დაკარგვა.
ამდენად, ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლომ განიხილა საქმე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგა. მოცემული საქმე საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 42-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული გარემოება კი, კონვენციის 55-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ა-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ვოლგოგრადის ტრაქტოროზავოდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-403/2009) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე