საქმე №ა-2673-შ-55-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის ასულ ლ-სა და გ. გ-ის ძე ლ-ს შორის 2004 წლის 18 დეკემბერს ქ.თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული №მნ 0047152 ქორწინება გაუქმდა, ქორწინების გაუქმების ბაჟი სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილ იქნა ერთი ბაზისური სიდიდით თითოეული მხარის მიერ, განქორწინების შემდგომ მოსარჩელეს მიეკუთვნა გვარი ლ-ა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე გ. ლ-მ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება შემდეგი: ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ის შესულია კანონიერ ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ირკვევა, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა არ გამოცხადდა და მოითხოვა საქმის მის დაუსწრებლად განხილვა, ამასთან, ცნო სარჩელი. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ასევე დადასტურებულია გადაწყვეტილების მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილია ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩაბარდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის საფუძველზე შუამდგომლობის ავტორმა დამატებით წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, ასევე განმარტა, რომ 2010 წლის 27 ნოემბერს ჯვარი დაიწერა მოქალაქე თ. ც-ზე და სურს გააფორმოს მასთან სამოქალაქო ქორწინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით გ. ლ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ლ-ს შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ის შესულია კანონიერ ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ირკვევა, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა არ გამოცხადდა და მოითხოვა საქმის მის დაუსწრებლად განხილვა, ამასთან, ცნო სარჩელი. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ასევე დადასტურებულია გადაწყვეტილების მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილია ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩაბარდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ირკვევა ის, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, მხარის წერილობითი განმარტებით ასევე დასტურდება, რომ 2010 წლის 27 ნოემბერს მან ჯვარი დაიწერა მოქალაქე თ. ც-ზე და სურს გააფორმოს მასთან სამოქალაქო ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-ს შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის ასულ ლ-სა და გ. გ-ის ძე ლ-ს შორის 2004 წლის 18 დეკემბერს ქ.თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული №მნ 0047152 ქორწინება გაუქმდა, ქორწინების გაუქმების ბაჟი სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილ იქნა ერთი ბაზისური სიდიდით თითოეული მხარის მიერ, განქორწინების შემდგომ მოსარჩელეს მიეკუთვნა გვარი ლ-ა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე