Facebook Twitter

¹ ბს-530-116(კ-05) 29 სექტემბერი 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სახელშეკრულებო დავალიანება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 16 ივნისს შპს “.. ..-სა” (შემსრულებელს) და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას (დამკვეთს) შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიტორულ მომსახურებაზე.

2004წ. 21 აპრილს შპს “.. ..-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, სკ-ის 361-ე, 394-ე და მე-400 მუხლების საფუძველზე, მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 3700 ლარის და ხელშეკრულების 2.3. პუნქტით განსაზღვრული საურავის (3700-ის 0,15%-ის), ყოველ ვადაგადაცილებულ 180 დღეზე 1000 ლარის და ასევე _ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 117.5 ლარის, სულ 4817.5 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2003წ. 16 ივნისის ხელშეკრულებით შპს “.. ..-ს” ევალებოდა მოპასუხის დაკვეთით გარკვეული სამუშაოს შესრულება, ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა მოპასუხის მიერ წარდგენილი საგადასახადო დავალიანების მქონე საწარმოთა ქონების ექსპერტიზა; 2.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეფასებულ საწარმოთა ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, 2.3. პუნქტით კი გათვალისწინებულია, თუ არ მოხდება დავალიანების მქონე საწარმოს ქონების დროული რეალიზაცია, ასეთ შემთხვევაში მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, ანაზღაურება განახორციელოს მომდევნო საწარმოთა გაყიდვით მიღებული თანხებიდან. მოსარჩელე შპს “.. ..-მა” აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 22.06.2003 წელს მოპასუხემ სთხოვა 5 იურიდიული პირისათვის (შპს “თ.”, შპს “... ბიურო”, სს “ჩ-ი”, სს “ც-ი”, შპს “თბ-ი”) აუდიტორული მომსახურება გაეწია, რაც მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერად შესრულდა და ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადახდილი უნდა ყოფილიყო 2003წ. ოქტომბრისათვის, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. 2003წ. 11 ნოემბერს მოპასუხეს წარედგინა ყველა ფირმაში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა 4200 ლარის ოდენობით, მათ შორის 700 ლარი დღგ-ს დასაფარავად, რასაც მოპასუხის მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია, მოპასუხის მიერ მხოლოდ 2003წ. 9 დეკემბერს იქნა ჩარიცხული მოსარჩელის ანგარიშზე, აუქციონზე 10 245 ლარად გაყიდული შპს “თ-ს” შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ძირითადი თანხა _ 500 ლარი და ერთი თვის საურავი _ 190 ლარი. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი წერილობითი თუ სიტყვიერი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ არანაირი ანაზღაურება შპს “.. ..-ის” მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით არ განხორციელებულა, ხოლო 2004წ. 8 იანვრის ¹05/10 წერილზე მოპასუხემ საპასუხო ¹01-09/225 წერილი 2004წ. 28 იანვარს გაუგზავნა მოსარჩელეს და მოითხოვა ხელშეკრულების 2.2. და 2.3. პუნქტების შეცვლა, რომლებიც მას ავალდებულებდა თანხის გადახდას.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას შპს “.. ..-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – შესრულებული სამუშაოს ღირებულების 3700 ლარის, ვადაგადაცილებულ 180 დღეზე საურავის _ 1000 ლარის და მოსარჩელისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 117,50 ლარის გადახდა.

2004წ. 29 ივლისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აუდიტორული მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულების 2.2. და 2.3. მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება და შპს “.. ..-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 111 ლარის, გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სსკ-ის 393.2 მუხლის “გ” და “ე” პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება საკმარისად არ არის დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განსახილველ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს მოსაზრება სკ-ის 316.1 მუხლის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ შეფასებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, თანახმად ხელშეკრულების 2.2. მუხლისა, ვინაიდან სკ-ის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე დადგენილი წესით, სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ხელშეკრულების 2.3. მუხლი, რომლის თანახმად თუ დამკვეთი ვერ უზრუნველყოფს დავალიანების მქონე საწარმოს ქონების რეალიზაციას, მაშინ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომდევნო საწარმოთა გაყიდვით მიღებული თანხებიდან, ხოლო ხელშეკრულების 2.3. მუხლი დავალიანების მქონე საწარმოს ქონების რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უცილებელ პირობად ადგენს მომდევნო საწარმოთა გაყიდვას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ შპს “.. ..-მა” განახორციელა შპს “თ-ს”, შპს “... ბიუროს”, სს “ჩ-ის”, სს “ც-ის”, შპს “თბ-ის” ქონების შეფასება. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005წ. 20 იანვრის ¹01-07/05/43 წერილით სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად ცნო, რომ მომდევნო საწარმოების – შპს “... ბიუროს”, სს “ც-ის” და შპს “ჩ-ის” დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ აუქციონზე რეალიზაცია არ მომხდარა, ხოლო შპს “თ-ს” ქონების გაყიდვის შემდეგ შპს “.. ..-ს” აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 500 ლარი და საურავი 190 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ფირმა “.. ..-მა” და სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 105-ე, 393-ე და 394-ის “ე” მუხლების დარღვევის გამო მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული არ არის. მიუხედავად მათი არაერთი მითითებისა და განმარტებისა, სააპელაციო პალატის მიერ არ არის გათვალისწინებული, რომ მხარეთა შორის 2003წ. 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოდან რეალიზებულია არა ერთი ობიექტი, არამედ ორი – კერძოდ: შპს “სა-ის” დაყადაღებული ქონების საექსპერტო დასკვნა შესრულებულია 2003წ. 18 აგვისტოს, მისი ქონების რეალიზაციის შედეგად კი მოპასუხის მიერ მოსარჩელეს 2003წ. 25 აგვისტოს აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხოლო, რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ ობიექტებს, მათზე დასკვნა გაცემულია 2003წ. 25 ივლისს, ე.ი. როცა მოხდა პირველი ობიექტის ქონების რეალიზაცია. იმ პერიოდისათვის მომდევნო ობიექტზე მოსარჩელის მიერ სამუშაო უკვე შესრულებლი იყო და მოპასუხეს წარმოშობილი ჰქონდა ვალდებულება, აენაზღაურებინა ხელშეკრულების 2.2. პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მაგრამ მათ მიერ გადახდილია მხოლოდ პირველ ობიექტზე, შპს “სა-ზე”, შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ფაქტია, რომ შპს “სა-ის” ქონების რეალიზაციის შემდეგ შპს “თ-ს” ქონების რეალიზაცია წარმოადგენს შემდეგი ობიექტის რეალიზაციას და ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მისი რეალიზაციის მომენტისათვის დარღვეული იყო ყველა ობიექტზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვადა, ხელშეკრულების 2.3. პუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ყველა შესრულებული სამუშაოს ღირებულება თუ არა, მომდევნო ობიექტზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება მაინც, მაგრამ, რომელი იქნებოდა მომდევნო ობიექტი, ამას ვერ განსაზღვრავდნენ, რამეთუ 4 ობიექტზე ერთდროულად არის შესრულებული სამუშაო, რასაც ძირითად არგუმენტად მიუთითებს სააპელაციო პალატა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი, შპს “.. ..”, თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია) 2003წ. 16 ივნისს დადებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის საფუძველზე ითხოვს შესრულებული სამუშაოსათვის (აუდიტორული მომსახურების) და საურავის ანაზღაურების სახით საგადასახადო ინსპექციისთვის 4817,50 ლარის დაკისრებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია ხელშეკრულების თავისუფლება, რომლის მიხედვითაც მხარეები კანონის ფარგლებში თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და თავადვე განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, ე.წ. “ნების ავტონომიის” გათვალისწინებით. კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით, კონკრეტულ შემთხვევაში, შეთანხმდნენ შემდეგ პირობაზე: პუნქტი 2.2 _ “დამკვეთის” (საგადასახადო ორგანო) მიერ კონკრეტული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს შეფასებული საწარმოს ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ, სამი საბანკო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 90 დღისა, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების, აუდიტორული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების პირველ ვადად განისაზღვრა აუდიტით შეფასებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციიდან 3 დღე (არა უგვიანეს 90 დღისა) და მეორე, ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტი ითვალისწინებს აუდიტორული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მეორე ვადას _ “იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ვერ უზრუნველყოფს დავალიანების მქონე საწარმოს ქონების რეალიზაციას, მაშინ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომდევნო საწარმოთა გაყიდვით მიღებული თანხებიდან”.

ამრიგად, მხარეთა შორის 2003წ. 16 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კასატორ შპს “.. ..-ის” სარჩელის საფუძველია, აუდიტორული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის ათვლა დაკავშირებულია აუდიტით შეფასებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციასთან, კერძოდ, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, თუ სპეციალიზებულ ღია აუქციონზე გაიყიდება შეფასებული ქონება, აუდიტორული მომსახურების ანაზღაურება მოხდება რეალიზაციიდან 3 დღის ვადაში, არა უგვიანეს 90 დღისა, ხოლო თუ ქონება ვერ გაიყიდება, შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხელშეეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომდევნო საწარმოთა გაყიდვით მიღებული თანხებიდან.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2003წ. 16 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე კასატორმა განახორციელა შპს ,, ... ბიუროს”, შპს “თ-ს”, სს “ც-ის”, შპს “ჩ-ისა” და შპს “თბ-ის” აუდიტი, საიდანაც, მოსარჩელისავე განმარტებით, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ შპს “თ-ის” ქონება და ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 500 ლარი და საურავი _ 190 ლარი. კასატორის მიერ შეფასებული სხვა ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაცია დავის განხილვამდე არ მომხდარა. ამიტომ ხელშეკრულების 2.2 პუნქტის საფუძველზე, გაწეული აუდიტორული მომსახურებისა და საურავის ანაზღაურების შესახებ კასატორის მოთხოვნა, საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა, რადგან აუდიტით შეფასებული ყველა ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაცია ჯერ არ მომხდარა, ანუ არ დამდგარა მხარეთა მიერ განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულების პირობა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.