საქმე №ა-3108-შ-64-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ლ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს ქ.თბილისის მოქალაქეთა მდგომარეობის ჩამწერი განყოფილების მიერ რეგისტრირებული N494/1999 ქორწინება რ. ლ-სა და უ. წ-ს შორის შეწყვეტილ იქნა მხარეთა განქორწინების გამო, მეუღლეთა შორის წილების დაბალანსებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები ერთმანეთის სასარგებლოდ დაეკისრათ მხარეებს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა უ. წ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 მაისიდან, ირკვევა, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ დადგენილი წესით (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით), საქმეში წარმოდგენილი საოჯახო წიგნის აპოსტილით დამოწმებული ასლის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც უ.წ-ი მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო უ.წ-ის პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმოალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით უ. წ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უ. წ-ის შუამდგომლობა რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 მაისიდან, ირკვევა, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ დადგენილი წესით (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით), საქმეში წარმოდგენილი საოჯახო წიგნის აპოსტილით დამოწმებული ასლის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც უ.წ-ი მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო უ.წ-ის პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. წ-ის შუამდგომლობა რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუდოლშტადტის საოლქო სასამართლოს ზაალფელდის ფილიალის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს ქ.თბილისის მოქალაქეთა მდგომარეობის ჩამწერი განყოფილების მიერ რეგისტრირებული N494/1999 ქორწინება რ. ლ-სა და უ. წ-ს შორის შეწყვეტილ იქნა მხარეთა განქორწინების გამო, მეუღლეთა შორის წილების დაბალანსებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები ერთმანეთის სასარგებლოდ დაეკისრათ მხარეებს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე