საქმე №ას-1106-1037-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრების ავტორი – ე. პ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი, დ. ბ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 და 4 ივლისის განჩინებები
საჩივრების ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის, ნ. უ-ის, დ. ბ-ისა და ხ. ი-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. პ-ის წარმომადგენლების – ი. და ლ. პ-ების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით ე. პ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი და დ. ბ-ი არ არიან ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე განთავსებული სადავო 18,07 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მანვე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: აეკრძალოთ მოპასუხეებს ქ.თბილისში, ლ-ის ქ. N4/2-ში მდებარე და მათ რეგისტრირებულ საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: ....) მოქცეული სადავო საცხოვრებელი სადგომის მიმართ რაიმე მოქმედებების განხორციელება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ე. პ-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის ფართზე მესაკუთრედ ცნობისათვის, აეკრძალოთ მოპასუხეებს ქ. თბილისში, ლ-ის ქ. N4/2-ში მდებარე და მათ რეგისტრირებულ საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: ....) მოქცეული სადავო საცხოვრებელი სადგომის მიმართ სხვა (მესამე) პირებთან რაიმე სახის (სანივთო, ვალდებულებითი ან სხვა შინაარსიდან გამომდინარე) გარიგებების დადება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ე. პ-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის ფართზე მესაკუთრედ ცნობისათვის, აეკრძალოთ მოპასუხეებს თბილისში, ლ-ის ქ. N4/2-ში მდებარე და მათ რეგისტრირებულ საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: ....) მოქცეული სადავო საცხოვრებელი სადგომის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში რაიმე სახის (სანივთო, ვალდებულებითი ან სხვა შინაარსიდან გამომდინარე) ჩანაწერის მოთხოვნის უფლება, ასევე ამავე ორგანოებში რაიმე სხვა მოქმედებების განხორციელება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე ე. პ-ის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელი სადგომის ფართზე მესაკუთრედ ცნობისათვის.
ამავდროულად, ე. პ-მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოთ მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) ქ.თბილისში, ლ-ის ქ. N4/2-ში მდებარე და მათ რეგისტრირებულ საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: ....) მოქცეული სადავო საცხოვრებელი სადგომის (დავის საგნის) – სახლის მეორე სართულზე არსებული 18.07 კვ.მ ფართის N8 ოთახის ე. პ-ის მიერ სარგებლობაში ხელშეშლა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ე. პ-ის სარგებლობაში არსებულ ამავე საცხოვრებელი სადგომის ფართზე სასამართლოს ძალით მესაკუთრედ ცნობისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 და 4 ივლისის განჩინებებით ე. პ-ის მოთხოვნები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რაზეც ე. პ-მა შეიტანა საჩივრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინებებით ე.პ-ის საჩივრები, დაუსაბუთებლობის გამო, განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა საქმის გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია. შესაბამისად, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ პერსპექტიულობას, თუმცა თავისთავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს სადავო მოთხონის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას არ აწესებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას, წარმოადგენს მოპასუხეებისათვის – ნ. თ-ისათვის, ნ. უ-ისათვის, ხ. ი-ისა და დ. ბ-ისათვის მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა N4/2 მისამართზე მდებარე სახლის (საკადასტრო კოდი ....) მე-2 სართულზე განთავსებული 18,07 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე ე. პ-ის მესაკუთრედ ცნობა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი როგორც მესაკუთრეს, ასევე მოსარგებლეს აკისრებს ურთიერთვალდებულებებს, რომელიც გადადის მათ უფლებამონაცვლეებზეც სანივთო უფლების სახით. უძრავ ნივთზე მესაკუთრის შეცვლა თავისთავად არ ათავისუფლებს ახალ მესაკუთრეს მითითებული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
პალატამ მიუთითა ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებაზე საქმე №ას-985-925-2012 და აღნიშნა, რომ მოცემული საქმეზე საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე. პ-ის სარჩელი მოპასუხეთა კუთვნილი საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის შემდეგ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ. მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხეთა საკუთრებას არ წარმოადგენს და ე. პ-ი მოპასუხეთა კუთვნილ ფართში არ ცხოვრობს. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება.
უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ე.პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება დასრულებულია და კანონიერ ძალაში შედის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ე. პ-ის სასარჩელო მოთხოვნას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. მითითებული გარემოება თავისთავად გამორიცხავს სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
ამასთან, ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ე. პ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა და ვერ დაადასტურა ისეთი გარემოების არსებობა, რაც სამომავლოდ გაართულებდა ან ხელს შეუშლიდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო პალატის 2012 წლის 3 და 4 ივლისის გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. პ-ის მოთხოვნას ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ე. პ-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად არ გამოიყენა.
საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა ვერც მხარის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ სასამართლომ დაგვიანებით განიხილა მისი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ე. პ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. პ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 და 4 ივლისის, ასევე 6 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე