საქმე №ას-763-717-2012 3 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ა-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ბ-ის“ მიმართ 2006 წლის 20 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ის“ დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის N01-02/50 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
პ. პ. ლ-სა (ამჟამად ბათუმის პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“) და შპს „ა-ს“ შორის 2006 წლის 20 თებერვალს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№82-ში მდებარე 782 კვ.მ ორსართულიანი შენობა შპს „ა-ს“ გადაეცა იჯარის წესით სარგებლობის უფლებით 10 წლის ვადით. 2006 წლის ოქტომბერში ქ.ბათუმის ყოფილი მერის ზეპირი განკარგულებით აღნიშნულ შენობაში დროებით შესახლებულ იქნა №.. საბავშვო ბაღი, რომელმაც შპს „ა-ის“ ნების გარეშე დაიკავა შპს „ა-ის“ ხსენებული 226 კვ.მ საიჯარო ფართი. აღნიშნულის მიუხედავად, მოიჯარე საიჯარო ქირას იხდის სრული 782 კვ. მეტრისათვის 5 წლის მანძილზე, მაშინ, როცა 226 კვ.მ ფართით სარგებლობს №.. საბავშვო ბაღი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ა-მ“ 2011 წლის 18 ივლისს თხოვნით მიმართა მეიჯარე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ბ-ს“ რათა ამ უკანასკნელს 226 კვ.მ ფართისათვის გადახდილი ქირა ჩაეთვალა შპს „ა-ისათვის“ მიმდინარე საიჯარო გადასახადში. მეიჯარემ კანონით დადგენილ ვადაში არ უპასუხა მოიჯარეს, რის გამოც მან დუმილი ჩათვალა თანხმობად. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, მეიჯარემ 2011 წლის 5 სექტემბრის №01-06/324 წერილობითი მომართვით ცალმხრივად შეწყვიტა 2006 წლის 20 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების სისტემატურად დარღვევისათვის, რაც არასწორია და არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 5.1 პუნქტისა და 5.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან, ამასთანავე, უსაფუძვლოა მეიჯარის მტკიცება შპს „ა-ის“ ვალდებულების თაობაზე 2010 წლიდან საურავის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით გადახდილი თანხის 0.5%-ის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება კონკრეტული ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე და აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის სისტემატური დარღვევის გამო მოპასუხემ, ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის ინფორმირების გზით ცალმხრივად შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, ამასთან, შპს „ა-ს“, ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა დავალიანება - საურავი მოპასუხის მიმართ, რაც მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გადაუხდია, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა იჯარის ხელშეკრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ამონაწერით ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№82-ში მდებარე უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 1011,70 კვმ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც 2005 წლის 15 ნოემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს სსიპ „ბათუმის პ. პ. ლ-ს“ ( ამჟამად სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“). 2005 წლის 15 ნოემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების თანახმად, ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№82-ში მდებარე უძრავი ქონება, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს სსიპ „ბათუმის პ. პ. ლ-ს“ (ამჟამად სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“). სსიპ პ. პ. ლ-სა და შპს „ა-ს“ შორის 2006 წლის 20 თებერვალს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ „პ. პ. ლ-მა“ შპს „ა-ს“იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№82-ში მდებარე ორსართულიანი შენობიდან 782 კვ.მ ფართი სარგებლობის უფლებით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა საიჯარო საფასურის სიდიდე და სახელშეკრულებო ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1. პუნქტში აღინიშნა გადასახდელი თანხის ოდენობა, ხოლო 2.2. პუნქტით - ანგარიშსწორების წესი, რომლის თანახმადაც: „საიჯარო საფასურის გადახდას მოიჯარე აწარმოებს ყოველკვარტალურად, თანაბარი ნაწილებით, წლიური გადასახდელი თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პირობებზეც, კერძოდ, 5.1. პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე დაირღვეს ერთ - ერთი მხარის მიერ, თუ მეორე მხარე სისტემატურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს“. ბათუმის პ. პ. ლ-სა (რომლის სამართალმემკვიდრეა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ი“) და შპს „ა-ს“ შორის 2006 წლის 20 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ის“ დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის №01-02/50 ბრძანებით, შპს „ა-ის“ მიერ იჯარის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტით დადგენილი სახელშეკრულებო პირობების სისტემატური დარღვევის გამო, სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბ-ის“ 2011 წლის 5 სექტემბრის №01-06/324 და 2011 წლის 5 სექტემბრის №01-02/50 ბრძანებით ცალმხრივად გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულება, იმ მოტივით, რომ შპს „ა-ს“ 2010 წლის მეორე კვარტლის საიჯარო ქირა გადახდილი აქვს 2010 წლის 22 ივლისს (22 დღის დაგვიანებით); მესამე კვარტლის საიჯარო ქირა გადახდილი აქვს 2010 წლის 9 დეკემბერს (70 დღის დაგვიანებით), ხოლო მეოთხე კვარტლის საიჯარო ქირა - 2011
წლის 30 მარტს (90 დღის დაგვიანებით). მოიჯარე შპს „ა-ა“ საიჯარო ქირის მითითებულ თარიღებში გადახდას ადასტურებდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ მათ მიერ გადახდის ვადა გადაცილებული არ იყო, ვინაიდან კვარტლის ათვლა არა კალენდარული წლის დასაწყისიდან, არამედ 2006 წლის 20 თებერვლიდან უნდა განხორციელებულიყო, რადგან ამ თარიღიდან იმყოფებიან მხარეები საიჯარო ურთიერთობაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა-ს“ 2010 წლის მეორე კვარტლის საიჯარო ქირა გადახდილი ჰქონდა 2010 წლის 22 ივლისს; მესამე კვარტლის საიჯარო ქირა - 2010 წლის 9 დეკემბერს, ხოლო მეოთხე კვარტლის საიჯარო ქირა - 2011 წლის 30 მარტს. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე კვარტალური ათვლის 20 თებერვლიდან დაწყების თაობაზე, რადგან, სასამართლოს განმარტებით, კვარტალი წარმოადგენს სამთვიან ვადას, რომლის ათვლაც იწყება წლის დასაწყისიდან, ანუ პირველი კვარტლის საიჯარო ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო საიჯარო წლის 31 მარტამდე, მეორე კვარტლის საიჯარო ქირა - 30 ივნისამდე, მესამე კვარტლის საიჯარო ქირა - 30 სექტემბრამდე, ხოლო მეოთხე კვარტლის საიჯარო ქირა - საიჯარო წლის 31 დეკემბრამდე. აპელანტის განმარტებაზე დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საიჯარო ქირის გადასახადი ზემოთმითითებულ ვადებში შპს „ა-ს“ არ გადაუხდია, შესაბამისად, მოიჯარის მიერ სისტემატურად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების წესი, საიჯარო ქირის გადახდა ხდებოდა დაგვიანებით, რის გამოც პროფესიულმა კოლეჯმა „ბ-იმ“ ცალმხრივად კანონშესაბამისად შეწყვიტა ხელშეკრულება, რომლის უფლებასაც მეიჯარეს ანიჭებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტი და სამოქალაქო კანონმდებლობა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლებით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 581-ე, 405-ე, 121-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით და არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას კვარტლის 20 თებერვლიდან ათვლის თაობაზე, სასამართლოს განმარტებით, გარიგებებში მითითებული ვადები სამართლებრივად მოწესრიგებული კატეგორიებია (მათ შორის კვარტალიც) და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს კვარტალური დროის ათვლა განსაზღვრულია კანონით, იგი მხარეთა ნებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ა-მ“ პროფესიულ კოლეჯ „ბ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება საიჯარო ქირის დროულად გადახდის თაობაზე დაარღვია, რაც მხარის მიერ განხორციელდა არა ერთჯერადად,
არამედ სისტემატურად, ხოლო მეიჯარემ ცალმხრივად კანონშესაბამისად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც ამ დოკუმენტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 221-ე მუხლით, რომლის სანაცვლოდაც მას უნდა გამოეყენებინა მხარეთა შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოთხოვნები, ასევე საიჯარო ურთიერთობის დაწყების დრო. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საიჯარო ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც რეგულირებულია ხელშეკრულების დარღვევის წესი, აღნიშნულის საფუძვლად კი, მხარეებმა განსაზღვრეს მოიჯარის მიერ საიჯარო საფასურის არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში შეუტანლობა. პალატამ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა კვარტლის დაწყებად მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის დაწყების დრო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ა-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 28 მაისს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 28 მაისს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე