Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1106-1037-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. პ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი, დ. ბ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის, ნ. უ-ის, დ. ბ-ისა და ხ. ი-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. პ-ის წარმომადგენლების – ი. და ლ. პ-ების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით ე. პ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი და დ. ბ-ი არ არიან ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე განთავსებული სადავო 18,07 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო საჩივარში ე. პ-მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ლ-ის ქ.N4/2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნ. თ-ის საკუთრებაში არსებულ 9/20 ნაწილზე, ხ. ი-ის საკუთრებაში არსებულ 5/20 ნაწილზე და დ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ 3/20 ნაწილზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით ე. პ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ე. პ-ის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, განსახილველად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ე. პ-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხსენებულ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მხარის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალი.

პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მითითებულ ნორმებს და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ იგი არ შეესაბამებოდა საპროცესო კანონმდებლობას, თუმცა წარდგენილი მოთხოვნებიდან რომელი არ შეესაბამებოდა კანონის რომელ კონკრეტულ ნორმას, სასამართლოს არ დაუსაბუთებია. აღნიშნულის გამო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

ხსენებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო დამატებით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მხარეთა მოთხოვნა მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან და ახსნა-განმარტებებთან დაკავშირებით ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გადაწყვეტილა.

მოცემულ შემთხვევაში ე. პ-ი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს იმის გამო, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია მის საჩივარში ასახული შემდეგი საკითხები:

1. უკანონოდ იქნეს მიჩნეული (აღიარებული) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველსაყოფად ორჯერ წარდგენილი შუამდგომლობის ორჯერვე განუხილველობა, მოცემული შუამდგომლობისათვის საპროცესო კანონმდებლობით მისი განხილვისათვის დადგენილ ერთდღიან ვადაში განუხილველად დატოვების გამო;

2. უკანონოდ იქნეს მიჩნეული (აღიარებული) თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურის – სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მოქმედებები, მის მიერ წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველსაყოფად ორჯერ წარდგენილი შუამდგომლობის ორჯერვე უკანონოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის გამო;

3. უკანონოდ იქნეს მიჩნეული (აღიარებული) თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურის – სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების სახით საქმეში არსებული ის წერილები, რომლითაც სააპელაციო სასამართლოსათვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობები „როგორც შეცდომით შემოსული“ განუხილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ მხარის ესა თუ ის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გაწერილი წესების დაცვითა და მათ ფარგლებში. შესაბამისად, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, დაუშვებელია სასამართლომ განიხილოს ისეთი საკითხი ან იმოქმედოს პროცედურით, რომელიც ზემოხსენებულ კოდექსში გათვალისწინებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა ვერც ძირითადი და ვერც დამატებითი გადაწყვეტილებით ვერ გადაწყვეტდა ე. პ-ის ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასთან მიმართებით სასამართლო კანცელარიის მუშაკის ქმედებების უკანონოდ აღიარების საკითხის განხილვის წესს.

კანონმდებელი ასევე არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველსაყოფად ორჯერ წარდგენილი შუამდგომლობის ორჯერვე განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენას საჩივარში, რომელიც მხარემ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიტანა. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი განსაზღვრავს მხოლოდ სასამართლო განჩინებით განუხილველად დატოვებული მხარის მოთხოვნის გასაჩივრების კონკრეტულ შემთხვევებს, რაც მოცემულ ურთიერთობას არ შეესაბამება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი აუცილებლობის არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე