Facebook Twitter

№ას-1015-951-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორი _ თ. დ.-ე

წარმომადგენლები - რ. ჩ.-ე, ბ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ბ. და რ. მ.-ი

წარმომადგენელი - ზ. მ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. დ.-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს რ. და ბ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, გარიგების ბათილად და ქონების თანამესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: თ. დ.-ე და ბ. მ.-ე 2008 წლის 4 ოქტომბრიდან ფაქტობრივ, ხოლო 2009 წლის 27 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თ. დ.-ესა და ბ. მ.-ეს 2009 წლის 8 ივნისს შვილი - ს. მ.-ე შეეძინათ. ოჯახური კონფლიქტების გამო მხარეთა თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოპასუხე თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას. ბ. მ.-ემ მოსარჩელის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ საერთო საკუთრებაში არსებული ქონებიდან, კერძოდ, შპს „ი.-ში“ არსებული 100 %-იანი წილი რ. მ.-ის სახელზე გაასხვისა, იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: შპს „ი.-ში“ არსებული წილის გასხვისება განაპირობა რ. მ.-ის მძიმე ავადმყოფობამ. ქონება გასხვისდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისთვისაც იყო ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. მ.-ე ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად. ამასთან, მოპასუხე ბ. მ.-ემ მიუთითა, რომ იგი თავს არ არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით თ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით, თ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. დ.-ე და ბ. მ.-ე 2009 წლის 27 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2010 წლის 25 ნოემბერს სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა შპს „ი.-მ“, რომლის 100% წილის მესაკუთრე ბ. მ.-ე იყო. 2011 წლის 29 ნოემბერს შპს „ი.-ს“ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ბ. მ.-ემ რ. მ.-ეს საზოგადოების 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა. საწარმოს 100%-იანი წილი მეუღლეთა თანაცხოვრების დროს გასხვისდა. აღნიშნული საწარმოს უსასყიდლო ნასყიდობა ეფუძნება საწარმოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, რომელიც თ. დ.-ეს სადავოდ არ გაუხდია (ანუ უსასყიდლო ნასყიდობის საფუძველი სადავო არასდროს გამხდარა). საწარმოს გასხვისების მიზეზი გახდა ის, რომ ბ. მ.-ეს აღარ შეეძლო, ავადმყოფობის გამო (მას აღმოაჩნდა მძიმე ონკოლოგიყური დაავადება), გაძღოლოდა საწარმოს მართვას. 2011 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ანუ საწარმოს უსასყიდლოდ გასხვისების მომენტისათვის, ბ. მ.-ე და თ. დ.-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ბ. მ.-ესა და რ. მ.-ეს შორის შპს „ი.-ს“ წილის გასხვისების თაობაზე დადებული გარიგება არ არის მოჩვენებითი და მართლსაწინააღმდეგო. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც

ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ გარიგება იმიტომ არის მოჩვენებითი, რომ იგი დაიდო მამა-შვილს შორის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ნათესაური კავშირი არ არის ის გარემოება, რამაც შეიძლება ზემოაღნიშნული გარიგება ბათილი გახადოს. აღნიშნულ გარიგებას იურიდიული შედეგი მოჰყვა -სამეწარმეო რეესტრში საწარმოს დირექტორი რ. მ.-ე გახდა. აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოცემული გარიგების დადებისას სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ პუნქტით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე, მათი ანგარიშების დამტკიცება. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ შპს „ი.-ა“ შექმნილია თ. დ.-ისა და ბ. მ.-ის ქორწინების პერიოდში და სამეწარმეო რეესტრში გასხვისებამდე რეგისტრირებული იყო ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებით. უდავოა, რომ საწარმოს 100%-იანი წილი მეუღლეთა თანაცხოვრების დროს გასხვისდა. საწარმოს გასხვისების მიზეზი გახდა ის, რომ ბ. მ.-ეს აღარ შეეძლო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაძღოლოდა საწარმოს მართვას. 1160-ე მუხლის კომენტარში აღნიშნულია შემდეგი: ,,როცა ერთი მეუღლე განკარგავს თანაზიარ საკუთრებას, იგულისხმება, რომ მეორე მეუღლე თანახმაა ამაზე და არაა საჭირო ამ უკანასკნელის მინდობილობა გარიგების დასადებად. ჩვეულებრივ ერთი მეუღლის მიერ დადებული გარიგება არ შეიძლება მეორემ სადავოდ გახადოს იმის გამო, რომ მას თანხმობა არ მიუცია. გამონაკლის შემთხვევაში კი, ასეთი გარიგება ბათილად იქნება აღიარებული მხოლოდ მაშინ, თუ თანაზიარი ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და მან ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა. იგულისხმება, რომ გარიგების მონაწილე მეორე მხარემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. თუ ქონების განმკარგავი მეუღლის კონტრაჰენტი ყველაფრის საქმის კურსში იყო და მაინც დადო გარიგება, ეს შეიძლება გარიგების გაბათილების დამატებით არგუმენტად გამოდგეს. ძირითადი კი მაინც ქონების განმკარგველი მეუღლის არამართლზომიერი მოქმედებაა. სხვა შემთხვევებში, ერთი მეუღლის მიერ თანაზიარ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისას მეორე მეუღლის თანხმობის პრეზუმირება გამომდინარეობს თვით მეუღლეთა და, აგრეთვე, მესამე პირთა ინტერესებიდან, რადგან ყოველი ასეთი გარიგების დროს ისპობა მეორე მეუღლის თანხმობის მოთხოვნის აუცილებლობა“.

პალატამ განმარტა, რომ ბ. მ.-ემ საწარმო გაასხვისა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. უდავოა, რომ იგი თავდაპირველად საწარმოს დირექტორს ანუ წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა პარტნიორთა კრების მოწვევაზე, რომელმაც პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება დირექტორად სხვა პირის, კერძოდ, მამის - რ. მ.-ის დანიშვნაზე და საწარმოს 100%-იანი წილის უსასყიდლო ნასყიდობაზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ წილის შეძენისას რ. მ.-ე იყო კეთილსინდისიერი შემძენი და, მოცემულ შემთხვევაში, შემძენის არაკეთილსინდისიერად ცნობისათვის არ არის საკმარისი შემძენის მიერ მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ერთ-ერთის სახელზე რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. შემძენის არაკეთილსინდისიერებისათვის სხვა გარემოებებთან ერთად უნდა არსებობდეს ფაქტები, რომლითაც დგინდება, რომ შემძენმა იცოდა, რომ ერთ-ერთი მეუღლე იყო მეუღლეთა საერთო ქონების გასხვისების წინააღმდეგი, ხოლო მეორე მეუღლე მოქმედებდა ფარულად, რაც ვერ დაადასტურა მოსარჩელემ.

პალატამ მიიჩნია, რომ თ. დ.-ეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კანონსაწინაღმდეგო გარიგების არსებობას. მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მისი ვარაუდი არ არის საკმარისი მტკიცებულება ამ გარემოების დასადგენად. შესაბამისად, იგი სადავო ქონების ½ წილის თანამესაკუთრედ ვერ იქნება მიჩნეული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. დ.-ემ შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია უდავოდ ის გარემოება, რომ საწარმოს წილის გასხვისება გამოწვეული იყო ბ. მ.-ის ავადმყოფობით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის ახსნა-განმარტება, რომ საწარმოს არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი და იგი ფუნქციონირებდა. ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ, თუ საწარმო არ ფუნქციონირებდა და შპს არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რა მნიშვნელობა ჰქონდა საწარმოს მმართველის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, თ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

2012 წლის 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ბ. მ.-ე და რ. მ.-ე, ერთობლივად კისრულობენ ვალდებულებას, წინამდებარე აქტზე ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყონ საცხოვრებელი ფართის მოძიება თხოვების ან იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ს. მ.-ისათვის (პ/ნ ....) 2029 წლის 8 ივნისის ჩათვლით, თავის დედასთან თ. დ.-ესთან (პ/ნ ....) ერთად ცხოვრებისათვის, ანუ უზრუნველყონ საცხოვრებელი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა. საცხოვრებელ ბინაში ს. მ.-ე თავის დედასთან ერთად იცხოვრებს მესამე პირების გარეშე (გარდა თ. დ.-ის მშობლების, დედმამიშვილებისა და სხვა ახლო ნათესავებისა (რომელშიც არ იგულისხმება მეუღლე). წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით გასაწევი ხარჯების ანუ ბინით სარგებლობის ხარჯების გაწევას უზრუნველყოფენ ბ. და რ. მ.-ი.

2. თ. დ.-ე თავის მხრივ ღებულობს ვალდებულებას, რომ საცხოვრებელ ბინაში გადასვლის დღიდან, ს. მ.-ეს მიიყვანს საბავშვო ბაღში. ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით, დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს საბავშვო ბაღში ტარების ხარჯი (საბავშვო ბაღის მოსაკრებელი).

3. ბ. მ.-ე და თ. დ.-ე წინამდებარე მორიგების აქტით თანხმდებიან, რომ შვილის - ს. მ.-ის აღზრდა- განათლებისათვის იზრუნებენ ერთობლივად. ასევე, თ. დ.-ე თანახმაა ს. მ.-ის მამას-ბ. მ.-ეს, ბებიას, ბაბუასა და ბიძას მისცეს საშუალება თავისუფლად მოინახულოს ს. მ.-ე, ასევე დართოს ნება წაიყვანონ ბაღში ან/და გასასეირნებლად, იმ პირობით რომ ს. მ.-ეს დააბრუნებენ იმავე დღეს ან/და მეორე დღეს, ანუ ერთ ღამეზე მეტი დროით არ დარჩება მათთან.

4. წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით შეთანხმებული პირობის, ბინით სარგებლობის გადაუცემლობის დარღვევის შემთხვევაში, ბ. მ.-ესა და რ. მ.-ეს სოლიდარულად ეკისრებათ ვალდებულება გადაუხადონ თ. დ.-ეს 5000 აშშ დოლარი წინამდებარე აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით.

5. მხარეები თანხმდებიან მორიგების პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შემდეგზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებით თ. დ.-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ი.-ში“ რ. მ.-ის 50 % წილს, შეიცვალოს შემდეგი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით - აეკრძალოს რ. მ.-ეს შპს „ი.-ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი ....) 100% წილის გასხვისება ვალდებულების შესრულებამდე. წინამდებარე მორიგების აქტის პირველი და მესამე პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. დ.-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 50% - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. დ.-ის, რ. მ.-ისა და ბ. მ.-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს მორიგება ერთი მხრივ თ. დ.-ესა და მეორეს მხრივ, რ. მ.-ესა და ბ. მ.-ეს შორის შემდეგი პირობებით:

1. ბ. მ.-ე და რ. მ.-ე, ერთობლივად კისრულობენ ვალდებულებას, წინამდებარე აქტზე ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყონ საცხოვრებელი ფართის მოძიება თხოვების ან იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ს. მ.-ისათვის (პ/ნ ....) 2029 წლის 8 ივნისის ჩათვლით, თავის დედასთან თ. დ.-ესთან (პ/ნ ....) ერთად ცხოვრებისათვის, ანუ უზრუნველყონ საცხოვრებელი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა. საცხოვრებელ ბინაში ს. მ.-ე თავის დედასთან ერთად იცხოვრებს მესამე პირების გარეშე (გარდა თ. დ.-ის მშობლების, დედმამიშვილებისა და სხვა ახლო ნათესავებისა (რომელშიც არ იგულისხმება მეუღლე). წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით გასაწევი ხარჯების, ანუ ბინით სარგებლობის ხარჯების გაწევას უზრუნველყოფენ ბ. და რ. მ.-ი.

2. თ. დ.-ე თავის მხრივ ღებულობს ვალდებულებას, რომ საცხოვრებელ ბინაში გადასვლის დღიდან, ს. მ.-ეს მიიყვანს საბავშვო ბაღში. ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით, დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს საბავშვო ბაღში ტარების ხარჯი (საბავშვო ბაღის მოსაკრებელი).

3. ბ. მ.-ე და თ. დ.-ე წინამდებარე მორიგების აქტით თანხმდებიან, რომ შვილის - ს. მ.-ის აღზრდა განათლებისათვის იზრუნებენ ერთობლივად. ასევე, თ. დ.-ე თანახმაა ს. მ.-ის მამას-ბ. მ.-ეს, ბებიას, ბაბუასა და ბიძას მისცეს საშუალება თავისუფლად მოინახულოს ს. მ.-ე, ასევე დართოს ნება წაიყვანონ ბაღში ან/და გასასეირნებლად, იმ პირობით რომ ს. მ.-ეს დააბრუნებენ იმავე დღეს ან/და მეორე დღეს ანუ ერთ ღამეზე მეტი დროით არ დარჩება მათთან.

4. წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით შეთანხმებული პირობის, ბინით სარგებლობის გადაუცემლობის დარღვევის შემთხვევაში, ბ. მ.-ესა და რ. მ.-ეს სოლიდალურად ეკისრებათ ვალდებულება გადაუხადონ თ. დ.-ეს 5000 აშშ დოლარი წინამდებარე აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით.

5. მხარეები თანხმდებიან მორიგების პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შემდეგზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებით თ. დ.-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ი.-ში“ რ. მ.-ის 50 % წილს, შეიცვალოს შემდეგი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით - აეკრძალოს რ. მ.-ეს შპს „ი.-ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი ....) 100% წილის გასხვისება ვალდებულების შესრულებამდე -წინამდებარე მორიგების აქტის პირველი და მესამე პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

თ. დ.-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 25 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 50% - 150 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე