№ას-1030-965-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ყ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ყ.-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ ე.ყ.-ს 1700 აშშ დოლარი 2011 წლის 5 იანვრამდე ასესხა. მხარეები ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ს შეადგენს. ე.ყ.-მა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. საქმეში არსებულ სესხის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ყალბია და იგი ე.ყ.-ს არ შეუსრულებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განჩინებით დ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელე დ. კ.-ემ თავისი მოთხოვნის - ნასესხები თანხის დაბრუნების დასადასტურებლად წარადგინა, 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაა. შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი ე. ყ.-მა, მისი სახელით სხვა პირმა მოაწერა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩაითვალოს დაუშვებელ მტკიცებულებად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დ. კ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, გამოითხოვა მტკიცებულებები და საქმეზე დანიშნა დამატებითი კალიგრაფიული ექსპერტიზა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი - 11:02:50-11:06:00). სასამართლოს საქმე ექსპერტიზისათვის არ გადაუგზავნია, თუმცა 2012 წლის 1 თებერვალს მიმართა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს და მოითხოვა უკვე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის ასლი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოს წარედგინა მხარის ინიციატივით. 2012 წლის 20 თებერვალს ზემოხსნებული დასკვნა ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა, თუმცა არც სასამართლოს სხდომამდე და არც თავად სხდომაზე, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი - 12:35:10-12:35:35) აპელანტს ზემოხსენებული მტკიცებულების დასაშვებობა სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული დასკვნები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, მან რამდენჯერმე მოითხოვა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა. ეს ნიშნავს, რომ აპელანტი ექსპერტის დასკვნას მიიჩნევდა დასაშვებად, თუმცა დაუსაბუთებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს შეეძლო, პირველი ინსტანციის სასამართლოშივე მიეთითებინა, რომ სადავო მტკიცებულება მოპოვებული იყო კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით. ეს მას არ გაუკეთებია და არც ამ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი არ მიუთითებია. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისა და შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექსპერტმა დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა შედარებითი ნიმუშების სიმცირის გამო, ე.ი უფრო მეტი ნიმუშის არსებობის შემთხვევაში, ექსპერტს შეეძლო, დაედგინა, მოაწერა თუ არა ხელი სადავო ხელშეკრულებას ე. ყ.-მა, შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტს კი დასკვნისათვის ე. ყ.-ის ხელმოწერის საკმარისი ნიმუში ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ საბუთების დასკვნითი ნაწილები ერთმანეთის საწინააღმდეგო არ არის.
დასკვნების კვლევითი ნაწილიდან კი ჩანს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა გამოსაკვლევ საბუთზე არსებული ხელმოწერა შეადარა ე. ყ.-ის მიერ მხოლოდ ქართულ ენაზე შესრულებულ სხვა ხელმოწერებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გამოსაკვლევი ნიმუში ექსპერტმა ქართულ ენაზე შესრულებულად მიიჩნია და ქართული ანბანისათვის დამახასიათებელი მოხაზულობის მიხედვით, გადაწყვიტა, რომ ეს ასოები იყო: „ე“, „ყ“ და, სავარაუდოდ - „ი“. შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნიდან კი დგინდება, რომ ამ ექსპერტს შედარებელ ნიმუშებად წარდგენილი ჰქონდა ე. ყ.-ის მიერ, როგორც ქართულ, ასევე, რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები. ასოების გრაფიკული გამოსახულებისა და ტრანსკრიფციის მსგავსების გამო, ექსპერტმა ჩათვალა, რომ ეს ხელმოწერა შეესაბამებოდა ე. ყ.-ის ხელმოწერის, რუსულ ენაზე შესრულებულ ნიმუშს, თუმცა, დაადგინა, რომ გამომუშავების ხარისხის, მოძრაობის კოორდინაციის, შესრულების ტემპისა და დახრის გათვალისწინებით, ხელმოწერა ე. ყ.-ს არ შეუსრულებია, ე.ი ექსპერტმა დაასკვნა, რომ ხელშეკრულებას, ე. ყ.-ის ნაცვლად, ხელი მოაწერა სხვა პირმა ე. ყ.-ის რუსულენოვან ხელმოწერასთან მიმსგავსებით. პალატამ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა და მიუთითა, რომ სადავო ხელწერაზე არსებული ასოების მოხაზულობა, არ შეესაბამება ქართული ანბანის არც ერთ ასოს. მათი მიჩნევა ქართული ანბანის ასოებად შეიძლება, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ხელმომწერმა პირმა ხელშეკრულებას ქართულად მოაწერა ხელი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა დაასკვნა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერის ნიმუში მსგავსი იყო ე. ყ.-ის მიერ რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშებისა. ეს კი ნიშნავს, რომ, ვისაც არ უნდა მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, ხელნაწერი ქართულად არ იქნებოდა შესრულებული. მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა განმარტებით, ე. ყ.-ი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და, ცხადია, საბუთებს იგი ხელს რუსულად მოაწერდა. ამასთან, ხელმომწერ პირს რა ენაზეც არ უნდა მოეწერა ხელი საბუთზე, უდავოა - ეს ხელმოწერა ე. ყ.-ის ხელმოწერას ჰგავდა. ის, რომ ხელშეკრულებისათვის ხელი ე. ყ.-ს არ მოუწერია, ექსპერტმა დაასკვნა არა იმიტომ, რომ ერთმანეთს არ დაემთხვა სხვადასხვა ანბანის ასოები, არამედ იმიტომ, რომ იმას, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, არ ჰქონდა გამომუშავებული ის ხარისხი, კოორდინაცია, ტემპი და დახრა, რომელიც, ჩვეულებრივ, ახასიათებს ხელმოწერას. ამგვარად, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებისათვის ე. ყ.-ს ხელი არ მოუწერია და ეს საბუთი ყალბია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება ვერ შეაფასა. სხვა მტკიცებულებები კი, რომლითაც აპელანტის მოთხოვნა დადასტურდებოდა, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.კ.-ემ შემდეგი დასაბუთებით: ექსპერტი მ.ჯ.-ე 2011 წლის 30 ივნისის №010779-2011/02/1 „ექსპერტის დასკვნაში“ არ აყენებს ეჭვქვეშ, რომ ხელმოწერა ქართული ასოებითაა შესრულებული და მიუთითებს, რომ თავისუფლად იკითხება ქართული ანბანის ასო-ბგერები „ე“, „ყ“ და „ი“, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის ექსპერტმა ნ. ბ.-ემ ხელმოწერაში დაინახა და გამოიკვლია რუსული ასო-ბგერა „К“. ექსპერტი მ. ჯ.-ე 2011 წლის 30 ივნისის №010779-2011/02/1 ექსპერტის დასკვნაში აღნიშნავს: „ამ გამოსაკვლევი ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ე. ყ.-ის ხელმოწერის ნიმუშებთან, დადგენილ იქნა თანადამთხვევები: ზომაში, დახრაში, ხელმოწერის, ფუძის ხაზის ფორმაში, მიმართულებასა და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში: კონსტრუქციული აგებულება ასო „ე“-ს (1) შესრულებისას; მოძრაობის ფორმა ასო „ყ-ს“ (2) პირველი და მეორე ელემენტის გადაბმისას კუთხოვანი“, ე.ი ექსპერტი მ. ჯ.-ე ეჭვის ქვეშ არ აყენებს, რომ ხელმოწერა ქართული ასოებით არის შესრულებული, ხოლო ხელმოწერის ნამდვილობის დადგენა, ობიექტური მიზეზების, ნიმუშების სიმცირის გამო, ვერ შესძლო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე დაისვა შემდეგი სამი კითხვა: 1. 2010 წლის 1 დეკემბერს შედგენილ ხელშეკრულებაზე სიტყვების, „მსესხებელი ე. ყ.-ის“ გასწვრივ ე. ყ.-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა ქართულ, რუსულ თუ სხვა ენაზეა? 2. 2010 წლის 1 დეკემბერს შედგენილ ხელშეკრულებაზე სიტყვების გასწვრივ, „მსესხებელი ე. ყ.-ი“, რომელ ენაზეა შესრულებული? 3. შესაძლებელია თუ არა რუსული ანბანის ასოების შედარება ქართულ ანბანთან ხელწერის იდენტიფიკაციის მისაღწევად.“ ექსპერტიზა ჩაატარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მ. ვ.-მ, რომელმაც თავის 2012 წლის 14 ივნისის დასკვნაში აღნიშნა: „1-2 ხელმოწერა ე. ყ.-ის სახელით, განლაგებული: 2010 წლის 1 დეკემბერს შედგენილი სესხის ხელშეკრულებაზე, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, გრაფაში, „მსესხებელი ე. ყ.-ი“, შესრულებულია ქართულ ენაზე, ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით, რომლის ტრანსკრიფცია და გადაბმა ასეთია: „ე+ - უასოო ჰორიზონტალური შტრიხი + ყ + ი“; 3. ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერების ურთიერთშედარება შეუძლებელია, ვინაიდან ქართული და რუსული ანბანის ასოები ერთმანეთისაგან განსხვავდება და არ შეიცავენ ერთნაირ გრაფიკულ (წერით) ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ“.
აქედან გამომდინარე, ექსპერტ მ.ვ.-ს 2012 წლის 14 ივნისის №018920-2012/02/1 დასკვნით ნაწილში მთლიანად არის გაქარწყლებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების შემდეგი სამართლებრივი დასაბუთება, რომ „სადავო ხელწერაზე არსებული არც ერთი ასოს მოხაზულობა, პირდაპირ, არ შეესაბამება ქართული ანბანის არც ერთ ასოს“. როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი მ.ჯ.-ე №010779-2011/02/1 2011 წლის 30 ივნისის დასკვნის აღწერილობით ნაწილში, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი მ. ვ.-ა 2012 წლის 14 ივნისის დასკვნით ნაწილში პირდაპირ და არაორაზროვნად აღნიშნავენ, რომ 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაზე „მსესხებელი ე. ყ.-ის“ გასწრივ ხელმოწერა შესრულებულია ქართული ასოებით და იკითხება „ე“, „ყ“, „ი“. კასატორის მიერ წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია ქართული ასოებით და რუსული ასო „К“ არსად იკითხება. ამასთან, წარმოდგენილია ექსპერტის პირდაპირი და არაორაზროვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერების ურთიერთშედარება შეუძლებელია, ვინაიდან ქართული და რუსული ანბანის ასოები ერთმანეთისაგან განსხვავდება და არ შეიცავენ ერთნაირ გრაფიკულ ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ.
ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ ნ. ბ.-ის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 დასკვნა მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კონკრეტულ შემთხვევაში, არ ყოფილა დადგენილი ფაქტი ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ არის, თუმცა, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, მას არსებობის შემთხვევაშიც კი, არ ექნებოდა იურიდიული ძალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი. სამოქალაქო საქმეში არ არსებობს მოსამართლის განჩინება, რომლითაც დანიშნული იქნებოდა კალიგრაფიული ექსპერტიზა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ანუ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტ ნ. ბ.-ის 2011 წლის 20 დეკემბრის დასკვნა, სასამართლოს პროკურატურამ გაუგზავნა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილს და მას, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, იურიდიული ძალა არა აქვს.
ექსპერტ მ. ვ.-ას 2012 წლის 14 ივნისის დასკვნით მთლიანად არის გაქარწყლებული ექსპერტ ნ. ბ.-ის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 დასკვნა. საქმეში წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია ქართული ანბანის ასოებით და არავითარი რუსული ასო „К“ არ იკითხება, ასევე, წარმოდგენილია ექსპერტის პირდაპირი და არაორაზროვანი დასკვნა, იმის შესახებ, რომ ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერების ურთიერთშედარება შეუძლებელია.
ე. ყ.-ის გარკვეული დროით რუსეთის ფედერაციაში ცხოვრება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის საბუთებს ხელს რუსულად მოაწერდა. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ქართული საშუალო სკოლა დაამთავრა და, ცხადია, იგი ხელს საბუთებზე მშობლიურ - მოაწერდა. ამასთან, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ. ზ.-ის მიერ 2011 წლის 9 დეკემბერს ე. ყ.-ისათვის ჩამორთმეული ხელწერის თავისუფალი ნიმუშის ტექსტით არ დგინდება, რომ იგი რუსული ენის მცოდნემ შეასრულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მითითებული ნორმის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, სამართლებრივი შეფასების სისწორეს, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული ფაქტების შესაბამისობას სამართლის ნორმის შემადგენლობასთან, შინაარსთან. სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება შეუძლებელია, თუ გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ამასთან, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (პრეტენზიის), შემთხვევაში შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული ფაქტების - გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლის მოთხოვნები წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთებულობის შესახებ.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევა და მის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და, შესაბამისად, დავის სამართლებრივი შეფასების არასარწმუნოობა, კერძოდ, მოცემულ დავაზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. კ.-ემ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე ე. ყ.-ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის დასადასტურებლად წარადგინა ერთადერთი მტკიცებულება - 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება. შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი ე. ყ.-ს არ მოუწერია. სასამართლომ დაასკვნა, რომ სესხის ხელშეკრულება ყალბია.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სისწორის დადგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით სათანადოდ არ გამოიკვლია ექსპერტის დასკვნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს რა კასატორის პრეტენზიას, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა სესხის ხელშეკრულების სიყალბის თაობაზე დამაჯერებელი არ არის, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 ივნისის ექსპერტ მ.ჯ.-სა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ექსპერტ ნ.ბ.-ის დასკვნები.
2011 წლის 30 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტს გამოსაკვლევ ხელმოწერასთან შესადარებლად წარდგენილი ჰქონდა როგორც თავისუფალი, ასევე პირობითად თავისუფალი და ექსპერიმენტული დოკუმენტები. მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტმა მ.ჯ.-ემ დაასკვნა, რომ გადაწყვეტა საკითხისა, 2010 წლის 1 დეკემბრით შედგენილი სესხის ხელშეკრულებაზე ე. ყ.-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ამ უკანასკნელის მიერ, ნიმუშის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 4 ნოემბერს განჩინებით დანიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ამავდროულად, კალიგრაფიული ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების მიზნით სასამართლომ 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა რა მოსარჩელის წარმომადგენელ კ.რ.-ის შუამდგომლობა და სს „საქართველოს ბანკიდან“ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან ე. ყ.-ის ხელმოწერილი დოკუმენტები. სასამართლომ მიიღო რა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, საქმე დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად არ გადააგზავნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ექსპერტიზა.
ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სადავო საკითხის გამოსაკვლევად ჩატარებული ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში შეუსაბამობები ან სასამართლო არსებულ ექსპერტიზის დასკვნას უსწოროდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილია მაშინ, თუ მის გარეშე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა შეუძლებელია. მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის მიზნით ექსპერტის დასკვნა მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშედარების გზით უნდა შემოწმდეს ან, თუ თვით დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, შეუძლია, მოიწვიოს ექსპერტი.
სასამართლომ საქმეზე დამატებითი ექსპერტიზა არ ჩაატარა იმ დასაბუთებით, რომ 2012 წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიმართვის საფუძველზე შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ექსპერტ ნ.ბ.-ის 2011 წლის 20 დეკემბრის დასკვნით: გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელმოწერის შედარებით ე.ყ.-ის ხელმოწერის წარმოდგენილ ნიმუშებთან (შესრულებული რუსული ანბანის ასოებით), მიუხედავად გრაფიკული გამოსახულების და ტრანსკიფციის მსგავსებისა, დადგინდა განსხვავებები საერთო ასევე კერძო ნიშნებში. გამოვლენილი განმასხვავებელი ნიშნები მყარია მნიშვნელოვანი და ერთობლიობაში საკმარისია დავასკვნათ, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელმოწერა შესრულებულია არა ე. ყ.-ის, არამედ სხვა პირის მიერ. ექსპერტ ნ.ბ.-ეს გამოსაკვლევ ხელმოწერასთან შესადარებლად წარდგენილი ჰქონდა როგორც თავისუფალი, ასევე პირობითად თავისუფალი და ექსპერიმენტული დოკუმენტები.
2011 წლის 20 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი ერთმანეთს ადარებს რა ე.ყ.-ის ხელმოწერის გრაფიკულ გამოსახულებას ქართული და რუსული ანბანის ასოებით, უთითებს: „გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელმოწერის შედარებით ე.ყ.-ის ხელმოწერის წარმოდგენილ ნიმუშებთან (შესრულებული რუსული ანბანის ასოებით) მიუხედავად გრაფიკული გამოსახულების და ტრანსკიფციის მსგავსებისა დადგინდა განსხვავებები საერთო (გამომუშავების ხარისხი, მოძრაობის კოორდინაცია, შესრულების ტემპი, დახრა) ასევე კერძო (ასოს „კ“ შესრულების ფორმა სირთულე აგებულება უკითხავი ელემენტების შესრულების რაოდენობა სირთულე საწყისი და დამამთვარებელი წერტილების განთავსება) ნიშნებში გამოვლენილი განმასხვავებელი ნიშნები მყარია მნიშვნელოვანი და ერთობლიობაში საკმარისი დასკვნისათვის, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელმოწერა შესრულებულია არა ე. ყ.-ის, არამედ სხვა პირის მიერ“.
სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ. ბ.-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული ნიმუშები რუსულს შეადარა.
ამდენად, ექსპერტი ერთმანეთს ადარებს რუსული და ქართული ასოებით შედგენილი ნიმუშების გრაფიკულ გამოსახულებას და ტრანსკრიფციას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ხელშეკრულებისათვის ხელი ე. ყ.-ს არ მოუწერია, ექსპერტმა დაასკვნა არა იმიტომ, რომ ერთმანეთს არ დაემთხვა სხვადასხვა ანბანის ასოები, არამედ იმიტომ, რომ იმას, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, არ ჰქონდა გამომუშავებული ის ხარისხი, კოორდინაცია, ტემპი და დახრა, რომელიც, ჩვეულებრივ, ახასიათებს ხელმოწერას.
ქართული და რუსული ენის ანბანის წარმოშობისა და გრაფიკული გამოსახულების მიხედვით სხვაობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ასეთი სხვაობის დადგენა და მათი ურთიერთშედარების შეუძლებლობა აუცილებელ სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. აღნიშნული ეჭქვეშ აყენებს შსს ექსპერტის დასკვნის დასაბუთებულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სადავოდ ქცეული ფაქტი, სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა ე.ყ.-ს, დამატებით გამოკვლევას და დამაჯერებელ დასაბუთებას საჭიროებს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ.კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე