№ას-1050-985-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ჯ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართა მ. ჯ.-მა მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე 1995 წლიდან მუშაობდა საგადასახადო სისტემაში.
2009 წელს მოსარჩელეს შეეძინა შვილი და გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, 2010 წლის 8 ივნისს გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ, 2010 წლის 10 ივნისს გამოცემულ იქნა N698 ბრძანება, ,,შემოსავლების სამსახურის სისტემაში ატესტაციის ჩატარების შესახებ”, გამსვლელ ქულად დასახელდა 68 ქულა.
შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 ივნისის N788 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ის თანამშრომლები, რომლებმაც პირველი ატესტაციის შედეგად დააგროვეს 56-დან 67 ქულის ჩათვლით, დაექვემდებარენ განმეორებით ატესტაციას. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე განმეორებითი ატესტაციის შედეგი დადებითად ჩაითვლებოდა 75 ქულის დაგროვების შემთხვევაში.
2010 წლის 20 ივლისის ბრძანებით მ. ჯ.-ი გათავისუფლებლდა სამსახურიდან.
მოსარჩელის განმარტებით განმეორებითი ატესტაციის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მიმართ არათანაბარ დამოკიდებულებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ პირველი ატესტაციის დროს დადებით შეფასებად ჩაითვალა 68 ქულა და იმ თანამშრომლებმა განაგრძეს მუშაობა, რომლებმაც გადალახეს 68 ქულიანი ბარიერი, ხოლო განმეორებითი ატესტაციისას, როდესაც იგივე სამსახურის თანამშრომლებმა გადალახეს 68 ქულიანი ბარიერი, ჩაითვალა, რომ მათ ვერ გაიარეს ატესტაცია, რადგან ვერ გადალახეს 75 ქულიანი ბარიერი.
ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრაძანებაში მითითებული „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” და „კ” ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის უფროსი კომპენტეციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თანამშრომლებს და კომპენტეციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ,,სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 17 მაისის N388 მარტის ბრძანების მე-3 მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხოლო მე-17 მუხლის თანახმად, თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: გ. ერთ-ერთი მხარის მიერ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა; ლ. თანამშრომლის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები. ,,სსიპ შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N257 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციამდე ერთი თვით ადრე მაინც. მოსალოდნელი ატესტაციის შესახებ ბრძანებას კანონით დადგენილი წესით გაეცნო ყველა თანამშრომელი. ,,შემოსავლების სამსახურის სისტემაში ატესტაციის ჩატარების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 10 ივნისის N698 და ,,შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის N971 ბრძანებები განსაზღვრავს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით თანამშრომელთა ატესტაციისა და დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების წესებსა და პირობებს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 20 ივლისის N772 ბრძანება გამოიცა უკანონოდ. იქიდან გამომდინარე, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ამიტომ არ დაკმაყოფილდა მისი თანმდევი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით მ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,შემოსავლების სამსახურის სისტემაში ატესტაციის ჩატარების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 10 ივნისის N698 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ატესტაცია ჩაუტარდათ 2010 წლის 14,15,16 და 17 ივნისს; მ. ჯ.-ი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი იყო 2010 წლის 7 ივნისიდან 2010 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რის გამოც მან მონაწილეობა ვერ მიიღო 2010 წლის ივნისში ჩატარებულ ატესტაციაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის N971 ბრძანებით განისაზღვრა განმეორებითი ატესტაციის ჩატარების პირობები იმ თანამშრომელთათვის, რომლებმაც ვერ მიიღეს მონაწილეობა პირველ ატესტაციაში, ან რომლებმაც პირველ ატესტაციაში დააგროვეს 56-დან 68 ქულამდე. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ ატესტაციის შედეგი ჩაითვლებოდა დადებითად, თუ თანამშრომელი დააგროვებდა არანაკლებ 75 ქულას. განმეორებითი ატესტაციის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 16-17 ივლისი.
საქმეზე დადგინდა, რომ მ. ჯ.-მა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო 2010 წლის 14,15,16 და 17 ივნისს ჩატარებულ ატესტაციაში, რის გამოც მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის 17 ივლისს დანიშნულ ატესტაციაში და დააგროვა 71 ქულა, რაც დადებით შედეგად არ ითვლებოდა. მ. ჯ.-ის შედეგების ამგვარი შეფასება გამომდინარეობდა უშუალოდ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის N971 ბრძანებიდან, რომლითაც წინასწარ დადგინდა დადებითი შედეგის მაჩვენებელი (არანაკლებ 75 ქულა), რაც მ. ჯ.-მა ვერ დააგროვა. მართალია, 2010 წლის 14-17 ივნისს ჩატარებული ატესტაციის დროს დადებით შედეგად ითვლებოდა არანაკლებ 68 ქულა, თუმცა ეს წესი უკვე აღარ მოქმედებდა იმ დროსათვის, როდესაც მ. ჯ.-მა გაიარა ტესტირება, ვინაიდან განმეორებითი ატესტაცია ჩატარდა ახალი ბრძანებით (2010 წლის 12 ივლისის N971), რომლითაც დადგინდა ატესტაციის ახალი პროცედურა. აღნიშნული ბრძანებით ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა ვერ მიიღეს პირველად ატესტაციაში, მოქმედებდა 75 ქულიანი ბარიერი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა დანარჩენ თანამშრომლებთან შედარებით მ. ჯ.-ის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და შესაბამისად, მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. რამდენადაც დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი აწევდა იმ მხარეს, რომელიც მიუთითებდა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე, ამიტომ დისკრიმინაციის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების არამართლზომიერებისა და შესაბამისად, მის მიმართ დისკრიმინაციის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სააპელაციო სასამართლომ უსაფძვლოდ ჩათვალა აპელანტის მოსაზრება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის N971 ბრძანების უკანონობის თაობაზე იმ მიზეზით, რომ ამ ბრძანებით განსხვავებულად მოწესრიგდა დადებითი შედეგის მაჩვენებელი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ, ,,სსიპ შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესზე“, რომლის მე-9 მუხლით რეგულირდება ატესტაციის ჩატარების წესი, ატესტაციის ჩატარების დრო და საატესტაციო მოთხოვნები, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი შიდაორგანიზაციული ხასიათის მოწესრიგების ფორმების (ბრძანების) საფუძველზე უფლებამოსილია თავად განსაზღვროს თანამშრომელთა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დასადგენად გარკვეული ზღვარი. 2010 წლის 12 ივლისის N971 ბრძანებაც ამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიცა, განისაზღვრა ატესტაციის განმეორებით ჩატარების პირობები და დადგინდა, რომ ატესტაციის შედეგი ჩაითვლებოდა დადებითად, თუ თანამშრომელი დააგროვებდა არანაკლებ 75 ქულას. ამდენად, დგინდებოდა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო თავისი შეხედულებით დაედგინა გამსვლელი ქულა და ამგვარად განესაზღვრა თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა, მისი ეს უფლებამოსლება არ იზღუდებოდა არც ერთი ნორმატიული აქტით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობასთან ერთად მოსარჩელე მოითხოვდა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №971 ბრძანების ბათილად ცნობას. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველი მოსამართლე საერთოდ არ შეხებია შემოსავლების სამსახურის დასახელებულ ბრძანებას და არც მისი ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის რაიმე საფუძველზე მიუთითებია.
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი.
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. კასატორის მითითებით, შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას, შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში და ამასთანავე, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც შრომის კოდექსით არის უზრუნველყოფილი. შრომის უფლების კონსტიტუციით აღიარება სახელმწიფოს გარკვეულწილად ავალდებულებს იზრუნოს მუშაკის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, მისი დასაქმების უზრუნველყოფაზე და ამასთანავე, ამ უფლების სამართლებრივი რეგულირების მიზნით, სათანადო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვა, რაც გულისხმობს თავად დასაქმებულის დასაცავად სრულყოფილი სამართლებრივი მექანიზმის არსებობას, რომელშიც უნდა აისახოს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, ასევე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. ეს მუხლი წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალის ნაწილს და არა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას. დასახელებული მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით განსხვავებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულებები და მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. მან არასწორად განმარტა კანონი და დისკრიმინაციად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურმა თანამშრომლებისათვის, თანაბარ პირობებში, სხვადასხვაგვარი მოთხოვნები დააწესა. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობამ ვერ გადალახა პირველი ატესტაციისას დაწესებული 68 ქულიანი ბარიერი, სამსახურის 2010 წლის 18 ივნისის №788 ბრძანებით დაინიშნა განმეორებითი ატესტაცია. განმეორებითი ატესტაციის ჩატარების შესახებ თანამშრომლებს ეცნობათ 1 თვით ადრე, როგორც ამას ითვალისწინებდა ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანება. ამის შემდეგ, 2010 წლის 12 ივლისის №971 ბრძანებით დაინიშნა განმეორებითი ატესტაციის თარიღი (16-17 ივლისი) და განისაზღვრა მისი ჩატარების წესი და პირობები, თუმცა მოსარჩელეს ავადმყოფობის გამო ატესტაციაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი ატესტაციაზე გავიდა განმეორებით გასულ (პირველადი ატესტაციის დროს ჩაჭრილ) თანამშრომლებთან ერთად და დააგროვა 71 ქულა (გამსვლელ 68 ქულაზე მეტი). აღნიშნული შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა.
კასატორის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტი ცალსახად ადასტურებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. მოპასუხე დაწესებულებამ, ერთ შემთხვევაში, 68 ქულიანი თანამშრომლები სამსახურში დატოვა, ხოლო სხვა დროს, ანალოგიური ატესტაციის ჩაატრების შემდეგ, 71 ქულის ქონის პირობებში თანამშრომლები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით საკასაციო საჩივარს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დასახელებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ჯ.-ის სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: ა.,,შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის #971 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 20 ივლისის #გ-772 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით მ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში. აქედან გამომდინარე, მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხის დადგენას უკავშირდება, ამ ნაწილში კი, როგორც აღინიშნა, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე