Facebook Twitter

№ას-1058-992-2012 14 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. ვ.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საბანკო გარანტიის თანხის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.თბილისის მერიამ მოპასუხე შპს „ს. კ. ვ.-ის“ მიმართ და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. კ. ვ.-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6300 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. კ. ვ.-იმ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. კ. ვ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 22 ოქტომბერს, ერთი მხრივ ქ.თბილისის მერიასა და მეორე მხრივ, შპს ,,რ. ს.-ს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,რ. ს.-მა” აიღო ვალდებულება 2010-2011 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გაეწია დიდი ზომის ეკრანით მომსახურება;

2010 წლის 21 ოქტომბერს, შპს ,,ს. კ. ვ.-ის” მიერ გაიცა №005/4991 BG.C საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც იგი იყო გარანტორი და პასუხისმგებელი ქ.თბილისის მერიის მიმართ შპს ,,რ. ს.-ის” მიერ მოვალეობის სათანადო შესრულებაზე. ამასთან, მოპასუხემ დაადასტურა, რომ იყო გარანტი და პასუხისმგებელი მოსარჩელის მიმართ შპს ,,რ. ს.-ის” სახელით საერთო თანხაზე 6300 ლარის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 თებერვლამდე;

შპს ,,რ. ს.-მა” დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე, შპს ,,ს. კ. ვ.-ს” გაუუქმდა დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (№0110/02) და დაიწყო მისი გაკოტრების საქმისწარმოება;

2011 წლის 12 ოქტომბერს ქ.თბილისის მერიამ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ფულადი თანხის გადახდის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართა მოპასუხეს, სადაც მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი. ამ პუნქტის თანახმად, მზღვეველის ლიკვიდაციისა და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება წყდება ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. ლიკვიდატორი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუბრუნოს დამზღვევს/დაზღვეულს შესატანი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბერი N126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ხელშეკრულებებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ,,დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია.

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რომ ორგანიზაციამ სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად იკისროს ,,გარანტის’’ ვალდებულებები, აუცილებელია ჰქონდეს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გარანტად ვერ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე, შპს ,,ს. კ. ვ.-ს” გაუუქმდა დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (№0110/02) და დაიწყო მისი გაკოტრების საქმის წარმოება. შესაბამისად, 2011 წლის 12 ოქტომბრისათვის, როდესაც ქ.თბილისის მერიამ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ფულადი თანხის გადახდის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართა მოპასუხე შპს ,,ს. კ. ვ.-ს”, მას ამ დროისათვის გაუქმებული ჰქონდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და იგი, როგორც გარანტი ვერ აგებდა პასუხს საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებებისათვი

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ასევე ვრცელდებოდა საბანკო გარანტიებზე. შესაბამისად, 2011 წლის 14 სექტემბრიდან (გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების დღიდან) ავტომატურად შეწყდა შპს ,, კ. ვ.-ის” მიერ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ქ.თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

საკასაციო საჩივრის მიხედვით, „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილი შეეხება დაზღვევის ხელშეკრულებას და არა საბანკო გარანტია კერძოდ, ზემოხსენებული ბრძანების მე-20 მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად აზუსტებს, რომ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებიდან წყდება ხელშეკრულებების და არა საბანკო გარანტიის მოქმედება. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლები იძლევა ხელშეკრულებების ნათელ და არაორაზროვან დეფინიციას და მათში არ მოიაზრება საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით. ეს გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება – ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში, ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებისგან გამომდინარე შესაგებელი.

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იწურებოდა 2012 წლის 1 თებერვალ შპს ,,ს. კ. ვ.-ის” გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო 2011 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე. „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №126/01 ბრძანების მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველი ვალდებულია: ა. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. მისი მეშვეობით დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ქ.თბილისის მერიას მოთხოვნა წარდგენილი აქვს 2011 წლის 12 ოქტომბრის №07-3/12528 წერილით, ბრძანებით დადგენილ ვადაში, გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებიდან 28-ე დღეს, მაშინ, როდესაც ბრძანება კრედიტორს აძლევს 74-დღიან ვადას მოთხოვნის წარდგენისათვი ამდენად, კრედიტორს მოთხოვნა ვადაში აქვს წარდგენილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 22 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ქ.თბილისის მერიასა და მეორე მხრივ, შპს ,,რ. ს.-ს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,რ. -მა” აიღო ვალდებულება 2010-2011 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ქ.თბილისის მერიისათვის გაეწია დიდი ზომის ეკრანით მომსახურება;

2010 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ს. კ. ვ.-ის” მიერ გაიცა №005/4991 BG.C საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც იგი იყო გარანტორი და პასუხისმგებელი ქ.თბილისის მერიის მიმართ შპს ,,რ. ს.-ის” მიერ მოვალეობის სათანადო შესრულებაზე. ამასთან, მოპასუხე იყო გარანტი და პასუხისმგებელი მოსარჩელის მიმართ შპს ,,რ. ს.-ის” სახელით საერთო თანხაზე 6300 ლარის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1-ელ თებერვლამდე;

შპს ,,რ. ს.-მა” დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე, შპს ,,ს. კ. ვ.-ს” გაუუქმდა დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (№0110/02) და დაიწყო მისი გაკოტრების საქმისწარმოება;

2011 წლის 12 ოქტომბერს ქ.თბილისის მერიამ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ფულადი თანხის გადახდის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართა მოპასუხეს, სადაც მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანების მე-20 მუხლი და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია შეწყვეტილად საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ვინაიდან ზემოხსენებული მუხლი ეხება დაზღვევის ხელშეკრულებას და არა საბანკო გარანტია

განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 885-ე მუხლით დადგენილია ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენის ფორმა და ვადები, კერძოდ, ამ ნორმის 1-ელი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მოხმობილი ნორმებიდან ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ გარანტს პრინციპალის კრედიტორისათვის (ბენეფიციარისათვის) ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს: ა. წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები; ბ. მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია; გ. დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა, ანუ, მოთხოვნა წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, ერთის მხრივ, დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ გაცემული N005/4991 BG.C საბანკო გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 1-ელ თებერვლამდე, ხოლო, მეორეს მხრივ, განმარტა, რომ ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანების მე-20 მუხლი ვრცელდებოდა ასევე საბანკო გარანტიებზეც და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, 2011 წლის 14 სექტემბრიდან (გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების დღიდან) ავტომატურად შეწყდა შპს „ს. კ. ვ.-ის“ მიერ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იგი არ გამომდინარეობს კანონის ნორმათა სწორი განმარტებიდან შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, გაუქმდა შპს „ს. კ. ვ.-ის“ დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. დასახელებული ნორმით ნათლად ჩანს, რომ საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მზღვეველს ეკრძალება ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება, ამასთან, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღებული ვალდებულებების (მათ შორის, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების) მიმართ კანონმდებელმა მზღვეველი კვლავ უფლებამოსილ პირად დაადგინა, იმ ვადით, რა ვადითაც ლიცენზიის გაუქმებამდე დადებული ხელშეკრულებები მოქმედებდა.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით მნიშვნელოვანია განიმარტოს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის #126 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლი, რომლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მზღვეველის ლიკვიდაციისა და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, ხელშეკრულებების მოქმედება წყდება ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. ლიკვიდატორი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუბრუნოს დამზღვევს/დაზღვეულს შესატანი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით. ამ შემთხვევაში, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას, ყველა შემთხვევაში მოყვება ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებსაც. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების არსებობისას გრძელდება ხელშეკრულების მოქმედება, ხოლო მათ განეკუთვნება კანონით გათვალისწინებული შემთხვევები და/ან ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. კანონქვემდებარე ნორმის ამგვარი დანაწესი წინააღმდეგობაში არ მოდის კანონის ნორმასთან და იგი უნდა განვიხილოთ როგორც კანონით დადგენილი ნორმის შემავსებელი დებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დათქმა – „გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, არ აკონკრეტებს თუ რომელ კანონზეა საუბარი, ამიტომ, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მოვიაზროთ „დაზღვევის შსახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის საგამონაკლისო მითითებაც. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის #126 ბრძანების დებულებები უნდა განიმარტოს არა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, არამედ სისტემურად. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დასკვნები შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინება №ას-1303-1229-2012-სამინისტრო).

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ეროვნული ბანკის მიერ შპს „ს. კ. ვ.-ისათვის“ ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე დადგენილია, რომ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნა გარანტს წარედგინა 2011 წლის 12 ოქტომბერ შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება ბენეფიციარის (მოსარჩელის) მიმართ, რაც შესრულებული არ არი

სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია. ამავე კოდექსის 889-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა ან ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისა განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ სახეზეა გარანტის ვალდებულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხე კვლავ რჩება ვალდებულ პირად მოსარჩელის წინაშე, გადაიხადოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი (სსკ-ის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, ამიტომ შპს „ს. კ. ვ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 504 ლარის ოდენობით (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის – 189 ლარი (6300 ლარის 3%), ხოლო, საკასაციო სასამართლოში – 315 ლარი (6300 ლარის 5%)).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს. კ. ვ.-ს“ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 6300 ლარის გადახდა;

4. შპს „ს. კ. ვ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის – 504 ლარის ანაზღაურება.

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე