Facebook Twitter

№ას-1083-1014-2012 28 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ს.-ა, ვ. ვ.-ი, გ. ჯ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. წ.-ა, კ. მ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ვ.-მა, მ. ს.-ამ, მ. ბ.-მა და ჯ. ბ.-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ლ. წ.-ას, თ. ნ.-ისა და შ. ზ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისში, ვაკის რაიონში ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე №8/61 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მ. ს.-ას, №8/62 – ვ. ვ.-ს, №8/63 – ჯ. ბ.-ეს და №8/64 – მ. ბ.-ს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოსარჩელეები ვერ სარგებლობენ საკუთრებით, ვინაიდან მოპასუხეებს უკანონოდ შემოღობილი აქვთ აღნიშნული ნაკვეთები. მ. ს.-ას №8/61 ნაკვეთი დაკავებული აქვს შ. ზ.-ეს, მ. ბ.-ის №8/64 ნაკვეთი თ. ნ.-ს, ხოლო ვ. ვ.-ის №8/62 ნაკვეთი და ჯ. ბ.-ის №8/63 ნაკვეთი დაკავებული აქვს ლ. წ.-ას და აწარმოებს მშენებლობას, მაშინ, როდესაც ისინი მოსარჩელეებს კანონის სრული დაცვით აქვთ აღრიცხული საჯარო რეესტრში.

მოპასუხე ლ. წ.-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოპასუხეს. ჯ. ბ.-ის სახელზე 2005 წლის და ვ. ვ.-ის სახელზე 1999 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი, რომელიც სასარჩელო განცხადებას თან ერთვის, და ვითომდა დადასტურებულია 2007 წლის 11 იანვარს, ეჭვს ბადებს მის ნამდვილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვ.-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი 1999 წელს და ჯ. ბ.-ის ნაკვეთი 2005 წელს მიეკუთვნებოდა გარდაბნის რაიონს და 2007 წლამდე არ შედიოდა თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში. ამდენად, ეჭვის ქვეშ დგება წარმოდგენილი ამონაწერის სისწორე და ნამდვილობა. ამასთანავე, მოსარჩელეებს სარჩელი წარმოდგენილი აქვთ არასათანადო მოპასუხის მიმართ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ლ. წ.-ას სრული უფლება აქვს იმ ნაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, ასევე მისი კუთვნილი ნაკვეთი, განსხვავებით მოსარჩელეების კუთვნილი ნაკვეთებისაგან წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწას. მისი მისამართიც განსხვავებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში სათანადო მოპასუხედ შ. ზ.-ის ნაცვლად ჩაერთო კ. მ.-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ვ.-ის, მ. ს.-ას, ჯ. ბ.-ისა და მ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა თ. ნ.-ის უკანონო მფლობელობიდან მ. ბ.-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 315,5 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, ლ. წ.-ასა და კ. მ.-ის უკანონო მფლობელობიდან ვ. ვ.-ის, მ. ბ.-ის, მ. ს.-ასა და ჯ. ბ.-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. წ.-ასა და კ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ვ. ვ.-ის, მ. ს.-ასა და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დადგინდა მოსარჩელეებისა და მოპასუხეების სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული მიწის ნაკვეთების თანხვედრის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია დასახელებული ფაქტის არსებობა-არარსებობის საკითხი, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. წ.-ასა და კ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მათ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბა წ.-ში ხანძრის შედეგად განადგურდა ზონარგაყრილი წიგნი, სადაც შ. წ.-ი, დ. ა.-ი, ი. ღ.-ი რეგისტრირებული იყვნენ, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრენი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით შ. წ.-ს, დ. ა.-სა და ი. ღ.-ს საკუთრების უფლებით გადაეცათ თოთოეულს ცალკ-ცალკე 1800-1800 კვ.მ მიწის ნაკვეთები;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 23 მარტის ცნობის თანახმად, შ. წ.-ის სახელზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე წ.-ის სატყეო უბანში რეგისტრირებული იყო 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ნაკვეთიდან 0,12 ჰა გაიყიდა ნ. დ-ზე. 2003 წლის 16 დეკემბერს, 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა ლ. წ.-ამ. 2005 წელს ლ. წ.-ამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 0,06 ჰა გაასხვისა თ. ნ.-ზე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 23 მარტს გაცემული ცნობიდან ასევე დგინდება, რომ გარდაბნის სატყეო სამსახურს არ გააჩნია წ.-ის სატყეო უბნის კარტოგრაფიული მონაცემები; შესაბამისად, არ დგინდება სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამასთან, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული მიწის ნაკვეთები შედის გარდაბნის რაიონის სატყეო მეურნეობის საზღვრებში, რომელიც ექვემდებარება გარდაბნის რაიონის გამგეობას, ხოლო ი.-ის ქუჩა მიეკუთვნება ქ. თბილისის ტერიტორიას;

4. 1999 წლის 16 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ვ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/62 მიწის ნაკვეთი;

5. 2005 წლის 21 ოქტომბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. ბ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/63 მიწის ნაკვეთი;

6. 1999 წლის 1 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ს.-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/61 მიწის ნაკვეთი;

7. 2008 წლის 22 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, გ.-ში, წ.-ის სატყეო უბანში მდებარე 598.00 კვ.მ №07/037 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის თ. ნ.-ს;

8. 2007 წლის 12 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქი თბილისი, დაბა წ.-ის სატყეო უბანში მდებარე 1000 კვ.მ №07/018 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ლ. წ.-ას;

9. 2008 წლის 7 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქი თბილისში, ბ.-ის სატყეო უბანში მდებარე 1800 კვ.მ №07/055 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის კ. მ.-ს;

10. შ. ზ.-ესა და კ. მ.-ს შორის 2004 წლის 4 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (ტ. II. ს.ფ. 117-121) გამომდინარე დგინდება, რომ კ. მ.-მა შ. ზ.-ესგან შეიძინა 0,18 ჰა. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის ბ.-ის სატყეო მეურნეობის უბანში;

11. შპს „ჯ-ის“ 2011 წლის 12 აპრილის დაკვალვის ჩატარების დამადასტურებელი აქტით დგინდება, რომ ლ. წ.-ა და კ. მ.-ი ფლობენ საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს (ტ. III. ს.ფ. 144-147), ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2012 წლის 29 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეების (მოსარჩელეების) წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ლ. წ.-ა და კ. მ.-ი ფლობენ საკადასტრო რუკის მიხედვით მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს. მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ამონაწერში საჯარო რეესტრიდან მოპასუხეების მისამართად მითითებული - ქალაქი თბილისი, ბ.-ის სატყეო უბანი, არ ემთხვევა მათ ამონაწერებზე თანდართული საკადასტრო რუკის მონაცემებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მის ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამ ნორმებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობის, საზღვრების, გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მისი ადგილმდებარეობის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის, ამ შენობის ფართობის და კონფიგურაციის შესახებ. შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების სისწორის პრეზუმფცია ვრცელდება, როგორც რეგისტრირებულ უფლებაზე და უფლების მფლობელის ვინაობაზე, ისე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებზე, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობაზე, ფართობზე, საზღვრებზე, ვიდრე კანონით განსაზღვრული წესით არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული მტკიცებულებით არ არის დადასტურებული აპელანტთა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების უსწორობა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ არასწორადაა რეგისტრირებული ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საჯარო რეესტრის ჩანაწერები სადავოდ არ გამხდარა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის და სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. მხოლოდ მოსარჩელეთა წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებანი საკადასტრო მონაცემების უსწორობასთან დაკავშირებით, სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ს.-ამ, ვ. ვ.-მა, გ. ჯ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: წ.-ის რამდენიმე მოსახლისათვის გარდაბნის რაიონის 2002 წლის 11 სექტემბრის №2-225-2005 გადაწყვეტილებით დაკანონებულ ნაკვეთებს არავითარი შეხება არ აქვთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ბ.-ის სატყეოს მიწებიდან თბილისის მოსახლეობისათვის გამოყოფილ ნაკვეთებთან, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს მიწის ფართობები გადაეცათ დაბა წ.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა ბ.-ის ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, შ.წ.-ს ა.-ის ქუჩის მიმდებარე ტყე-პარკში გადაეცათ 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთები. დ. ა.-ს წ.-ის ტყე-პარკში, ი.ღ.-ს წ.-ის ტყე-პარკში და ა.შ. 2002 წლის 13 აგვისტოს აქტში, რომელსაც ხელს აწერენ დაბა წ.-ის საზოგადოებრივი გაერთიანება სათემოს თავმჯდომარე ნ.წ.-ი და ამავე სათემოს წევრი გ.მ., დაბა წ.-ის გამგეობის მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე ო. დ., რომლებიც ადასტურებენ, რომ „მოქალაქე დ.ა.-ი და ი.ღ.-ი მრავალი წელი ფლობენ და სარგებლობდნენ დაბა წ.-ში ე.წ პარკში 2000-20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმე ეხება დაბა წ.-ის ფართობების გადაცემას და არა ბ.-ის მიწის ფართობებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასმართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მ. ს.-ას, ვ. ვ.-ისა და გ. ჯ.-ის საკუთრების უფლებაზე, ასევე, უნდა დაედგინა საკუთრების უფლების წარმოშობის რიგითობა. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან არა ლ.წ.-ასა და კ. მ.-ის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობას, არამედ, იმ გარემოებას, რომ ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საკუთრების უფლება არ გააჩნიათ. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

განმარტებას აღარ საჭიროებს საკასაციო სასამართლოს როლი და ფუნქცია საერთო სასამართლოების სისტემაში. მართალია, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის გადაწყვეტილებები უშუალოდ არ ზღუდავს ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეს და ასახავს პრაქტიკის განვითარებას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და ის გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას დაუდო საფუძვლად, სააპელაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა. საკასაციო სასამართლო არ მიუთითებს, როგორ უნდა გადაწყდეს კონკრეტული კერძოსამართლებრივი დავა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოსათვის უპირობოდ სავალდებულოა საკასაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, თუ რომელი მტკიცებულებები საჭიროებს გამოკვლევასა და შეფასებას ან რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საქმის ხელახლა განხილვისას კი, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს არც ერთი მითითება, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ამ დარღვევას შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

მოცემულ საქმეზე გამოსწორებული არ არის ის ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას დაედო საფუძვლად, ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს ამავე საქმეზე მის მიერ მიღებულ 2012 წლის 17 თებერვლის განჩინების დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაედგინა სადავო ნაკვეთზე მხარეების უფლებრივი მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დადგინდა მოსარჩელეებისა და მოპასუხეების სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული მიწის ნაკვეთების თანხვედრის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია დასახელებული ფაქტის არსებობა-არარსებობის საკითხი, რითაც შეფასების გარეშე დატოვა 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა – მოსარჩელეების უფლება სადავო ნივთთან მიმართებით. განსახილველ დავაში მოსარჩელეებმა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დაცვა მესაკუთრის სტატუსით მოითხოვეს და მოპასუხეების მიერ ნივთის ფლობა არამართლზომიერად მიიჩნიეს. აღნიშნულით სასამართლომ შეამოწმა მხოლოდ მოპასუხეთა მიერ ნივთის ფლობის უფლება და ისინი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნია, ვინაიდან ფაქტობრივად ლ.წ.-ა და კ.მ.-ი ფლობენ საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, 2009 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ლ. წ.-ასა და კ. მ.-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო რუკებზე დატანილი კოორდინატების გათვალისწინებით მდებარეობს ი.უ.-ის ქუჩის მიმდებარედ (ყოფილი ი.-ის ქუჩა), ხოლო ა.-ის ქუჩა მდებარეობს აღნიშნული ი.უ.-ის ქუჩიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მოშორებით. გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია მისამართი, „ა.-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ტყე-პარკი“, ხოლო ლ. წ.-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მისამართი არის ქ.თბილისი, დაბა წ.-ი, სატყეო უბანი, ნაკვეთი 7/18 და კ. მ.-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართი არის ქ.თბილისი, ბ.-ის სატყეო უბანი, ნაკვეთი №7/55. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მისამართები არ შეესაბამება გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართს. თანამოსარჩელეების ვ. ვ.-ის, მ. ბ.-ის, მ. ს.-ასა და ჯ. ბ.-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების და თანამოპასუხეების, ლ. წ.-ას და კ. მ.-ის სახელებზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის აღინიშნება როგორც ნაწილობრივი, ასევე, სრული გადაფარვაც.

ამდენად, მითითებული მტკიცებულების შინაარსიდან სადავო მიწის ნაკვეთზე როგორც მოსარჩელეთა, ასევე მოპასუხეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების თანხვედრა იკვეთება. ამავდროულად, გამოკვეთილია მოსარჩელეების საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რაც ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის ერთ-ერთი წინაპირობაა. სააპელაციო პალატას დასკვნის ამ ნაწილში მითითებული გარემოების არსებობა საერთოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მტკიცებულება არც საქმის ხელახლა განხილვისას შეუფასებია.

2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო. საგულისხმოა, რომ მტკიცებულებით, რომელსაც დაეფუძნა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ შპს „ჯ-ის“ 2011 წლის 12 აპრილის დაკვალვის ჩატარების დამადასტურებელი აქტით გამოკვლევა ჩატარდა საჯარო რეესტრში ლ.წ.-ას და კ.მ.-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებზე მიწის საკადასტრო კოდი: №.... და №..... ამასთან, სასამართლოს მიერ უარყოფილი 2009 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნითაც სწორედ იგივე საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები იქნა გამოკვლეული და შედარებული მოსარჩელეების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებთან.

საყურადღებოა, რომ აპელანტებმა აღნიშნული მტკიცებულება პირველად სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს. სააპელაციო სასამართლომ კი, მიიღო და დაურთო საქმეს ისე, რომ, რეალურად, არ დაუსაბუთებია, მოპასუხეს რა საპატიო მიზეზით არ წარუდგენია დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (ტ. მე-3, ს.ფ. 140).

ვინაიდან საქმეზე დაშვებული ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობები არ გამოსწორებულა არც საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ, ხოლო საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს.-ას, ვ. ვ.-ის, გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

მ. სულხანიშვილი