Facebook Twitter

№ას-1093-1024-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ. ბ.-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე )

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ.-ი (მოპასუხე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სამეზობლო ჭიშკრის ჩადგმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ.-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა აუცილებელი გზის აღდგენის მოთხოვნით.

გ. ბ.-მა სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა ზ. ბ.-ისათვის აუცილებელი გზის კომპენსაციის დაკისრება, ასევე სასაზღვრო მიჯნაზე სამეზობლო ჭიშკრის ჩადგმა და გაწეული ხარჯების ნახევარის ზ. ბ.-ისათვის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, ზ. ბ.-ის ოჯახს მასთან კონფლიქტი ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ბ.-ს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ აუცილებელი გზის აღდგენა, გ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ.-ს ელექტრო, გაზის, წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად და სახლში შესასვლელად გ. ბ.-ის მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის აუცილებელი თმენის სანაცვლოდ მის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 1500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, სამეზობლო ჭიშკრის აღმართვის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჭიშკრის აღმართვაზე უარის თქმის ნაწილში გ. ბ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის შესახებ გ. ბ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, ს.-ს ქ. N40-ში, გ. და ზ. ბ.-ების ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკრის მოწყობა №2ბ/447–12 საქმის ტ. I. ს.ფ. 147-151-ე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. თბილისში, ს.-ს ქ. №40-ში მდებარე 118 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული №1, №2, №3 და № 4 შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ბ.-ის სახელზე;

2. თბილისში, ს.-ს ქ. №40-ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა №1 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ბ.-ის სახელზე;

3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 13 ნოემბრის N16942/03 დასკვნის თანახმად, მ. ნ.-ის (მოსარჩელე ზ. ბ.-ის მეუღლე) საცხოვრებელ სახლს გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი გზა ს.-ს ქუჩის მხრიდან, სხვა ალტერნატიული მისასვლელი გზის მოწყობა ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია;

4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 ივნისის N017798-2012/03/2 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს.-ს ქ. N40-ში მდებარე კერძო ნაკვეთზე იმ ნაწილში, რომელიც არის გ. ბ.-ის საკუთრება, ორი მეზობელი ნაკვეთის საზღვარზე სამეზობლო ჭიშკრის მოთავსება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია. სასამართლო სხდომაზე ექსპერტის ზეპირი განმარტებით, ტექნიკური თვალსაზრისით, ტ.1, ს.ფ.147–151–ზე განთავსებული ჭიშკრის მოწყობის ესკიზური პროექტის მიხედვით ჭიშკრის მოწყობა შესაძლებელია;

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ გ. ბ.-ის მოთხოვნა სამეზობლო ჭიშკრის მოწყობის შესახებ საფუძვლიანი იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ზ. ბ.-მა გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, საქმეზე მტკიცებულებად მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამეზობლო ჭიშკრის ჩადგმით იზღუდება ზ. ბ.-ის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავსი ტიპის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე