Facebook Twitter

№ას-1104-1035-2012 26 ნოემბერი, 2012

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ.კ-ი, ნ.კ-ი (მოპასუხე, მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ.ე-ი, თ.ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე )

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, საზიარო საგნის მოვლასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა და ქ. თბილისში, ო-ის ქუჩის N76-ში მდებარე სახელთმფლობელობის ნ.კ-ის კუთვნილი წილისათვის ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ო-ის ქუჩის N76-ში მდებარე უძრავი ქონების ნ.კ-ის კუთვნილ 11/134 წილს, განმცხადებელს განემარტა, რომ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა აღეძრა სარჩელი ლ. და ნ.კ-ის წინააღმდეგ.

დ.კ-მა სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღძრა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 80000 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ო-ის ქუჩის N76-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა 2000 წელს გარდაცვლილ თ. კ-ს, რომელსაც ორი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა - დ. და ვ. კ-ბი. ვ. კ-ის მეუღლე ლ.კ-მა 2007 წლის მაისში გააყალბა ვ. კ-ის ხელმოწერა და იმავე წლის 21 მაისს აიღო სამკვიდრო მოწმობა მთლიან ქონებაზე. დ.კ-მა აღნიშნულის საპასუხოდ სასამართლოს სარჩელით მიმართა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა ო-ის ქუჩის N76-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ. ვ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, ლ.კ-მა ნოტარიუსს დაუმალა 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების თაობაზე და 2010 წლის 28 ივნისს აიღო სამკვიდრო მოწმობა ლ. და ნ.კ-ის სახელზე. აღნიშნული დანაშაულისათვის ლ.კ-ი პასუხისგებაში მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე. 2000 წლიდან 2011 წლამდე უძრავი ქონების დ.კ-ის კუთვნილ წილს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მოპასუხეები. ისინი იღებდნენ შემოსავალს ფართის გაქირავებით. კომპანია „აუდიტ კონსალტინგ 2008-ის“ დაკსვნით, ამ პერიოდისათვის საცხოვრებელი და კომერციული ფართის გაქირავებით მოპასუხეებს უნდა მიეღოთ 168 580,5 ლარი, რომლის ნახევარიც დ.კ-ის კუთვნილი წილია.

ლ. და ნ.კ-მა შეგებებული სარჩელი აღძრეს და დ.კ-ვის ფართზე ჩატარებული რემონტის ღირებულების ნახევრის - 3588 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.კ-სა და ნ.კ-ს დ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5060 ლარისა და 1250 აშშ დოლარის გადახდა, ლ. და ნ.კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ.კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. და ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. და ნ.კ-ებს დაეკისრათ დ.კ-ის სასარგებლოდ 11420 ლარის გადახდა; ლ. და ნ.კ-ებს ასევე დაეკისრათ დ.კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 444 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში დ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. და ნ.კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დ.კ-ს დაეკისრა ლ. და ნ.კ-ის სასარგებლოდ 3588 ლარის გადახდა; დ.კ-ს დაეკისრა ლ. და ნ.კ-ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 401 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში ლ. და ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. თ. კ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2000 წლის 22 მაისს. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ნივთი მდებარე თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში;

2. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილები) - დ. და ვ.კ-ბი. მათგან მხოლოდ ვ.კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2007 წლის 21 მაისს, რომლის საფუძველზე ვ.კ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ. დ.კ-მა კუთვნილ სამკვიდრო წილზე, თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში მდებარე მთლიანი სამკვიდრო ქონების ½-ზე, საკუთრების უფლება მოიპოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 32-51);

3. ვ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლე ლ.კ-მა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოახერხა სამკვიდრო მოწმობის აღება არა მხოლოდ გარდაცვლილი მეუღლის დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე (თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე), არამედ, თბილისში, ო-ის ქ. №76-ში მდებარე მთელ უძრავ ნივთზე, რომელშიც შედიოდა, როგორც გარდაცვლილი ვ.კ-ის დანაშთი ქონება, ასევე მისი ძმის - მოსარჩელე დ.კ-ის კუთვნილი ქონებაც (თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი), შესაბამისად, 2010 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული ქონება აღირიცხა მხოლოდ ვ.კ-ის პირველი რიგის მემკვიდრეების (მეუღლე და შვილი) ლ. და ნ.კ-ის სახელზე;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ლ.კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ლ.კ-სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის შედგენის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა 2011 წლის 8 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, ლ.კ-ის მინდობილობით მოქმედმა პირმა დ.კ-ს მიჰყიდა ო-ის ქ.№76-ში მდებარე ლ. და ნ.კ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილი;

5. ნ. და ლ.კ-ბი აქირავებდნენ ო-ის ქ. №76-ში მდებარე ფართს. ისინი ურთიერთშეთანხმებით იღებდნენ სარგებელს. დ.კ-ს ფართის გაქირავების შედეგად შემოსავალი არ მიუღია;

6. მოწმე ნ ა-ის განმარტებით, იგი 2004 წლის დეკემბრიდან ქირაობს ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე მდებარე ერთ ოთახს 80 ლარად. ქირას ყოველთვიურად უხდიდა ჯერ ლ.კ-ს, ხოლო მისი დაპატიმრების შემდეგ კი, მის შვილს - ნ.კ-ს;

7. რ. კ-ის განმარტებით, იგი 2008 წლის ივლისიდან ქირით ცხოვრობს ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე ერთ ოთახში და ყოველთვიურად 180 ლარს უხდიდა ჯერ ლ.კ-ს, ხოლო შემდგომ მის შვილს - ნ.კ-ს;

8. მ. ქ-ას განმარტებით დასტურდება, რომ იგი 2008 წლის აგვისტოდან ქირაობს ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე ერთ ოთახს, თვეში იხდის 180 ლარს, რომელსაც აძლევდა ჯერ ლ.კ-ს, ხოლო შემდგომ მის შვილს - ნ.კ-ს. მოწმეები ასევე ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ გარდა ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სახლში სხვა დამქირავებლები არ ცხოვრობენ;

9. ო-ის ქუჩის №76-ში მდებარე სახლის ნაწილის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 28 მაისამდე შეადგენდა 22 840 ლარს;

10. შპს ,,ი-ის“ 2012 წლის 23 იანვრის აუდიტორული შეფასებით დგინდება, რომ ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სახლთმფლობელობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 7176,32 ლარს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ო-ის ქუჩა N76-ში მდებარე უძრავი ქონების ½-ზე დ.კ-ის საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენდა 2011 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც, დ.კ-ის უფლებრივი მდგომარეობის წარმოშობა, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება და მისი მოთხოვნა ნივთის გაქირავებით მიღებული შემოსავლის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო 2009 წლის 1 დეკემბრიდან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ფაქტობრივად, 2011 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა თბილისში, ო-ის ქ. №76-ში მდებარე უძრავი ნივთის ½ ნაწილზე დ. კ-ის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენისკენ მიმართულ, გარიგების მხარეთა სუბიექტურ ნებას, ხოლო ამ ნების ობიექტურ საფუძველს ქმნიდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. კ-ს დაებრუნებინა თავისი საკუთრების უფლება სამკვიდროში მის კუთვნილ წილზე, რომლის მიღების ვადაც აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლ. და ნ.კ-ბი არამართლზომიერად დაეუფლნენ დ.კ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილს და მიიღეს შემოსავალი მისი გაქირავების შედეგად, ვინაიდან, სადავო ობიექტის ფლობისა და მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება მათ არ ჰქონდათ მინიჭებული მესაკუთრისაგან.

სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ მიიჩნია დ.კ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, რის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს ,,ა. კ. - 2008 საქართველოს“ 2011 წლის 17 ივნისის დასკვნა. სასამართლოს მითითებით, დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ საშუალოდ რა ოდენობის სარგებელის მიღება იყო შესაძლებელი 01.01.2000 წლიდან 01.06.2011 წლამდე თბილისში, ო-ის ქ. №76-ში კ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაქირავებით უძრავი ქონების იმგვარი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა, ადგილმდებარეობა, პრესტიჟულობა და საბაზრო ფასები (ტ.1. ს.ფ. 52-55). მოცემული შემთხვევაში კი, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა იმ კონკრეტული შემოსავლის ოდენობა, რაც ნამდვილად მიიღეს მოპასუხეებმა სადავო ფართების ფაქტობრივი გაქირავებით. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა ბრალეულობა შემოსავლის არასრული ოდენობით მიღებაში, რაც სავალდებულო პირობაა მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ლ. მ-ის განმარტებით ირკვევა, რომ მას ბინა აქვს „გირაოთი“ 2500 აშშ დოლარის ლ.კ-ვის გადაცემის სანაცვლოდ. თანხის დაბრუნების ვადა მოსულია, თუმცა მისთვის თანხა არ არის დაბრუნებული და კვლავ განაგრძობს ცხოვრებას აღნიშნული ბინის ნაწილში თანხის დაბრუნებამდე. პალატამ არ განიხილა დ. მ-ის მიერ ლ. და ნ.კ-ვის გადაცემულ 2500 აშშ დოლარი მათი უსაფუძვლო გამდიდრების წყაროდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოწმემ დაადასტურა მოპასუხეთა განმარტება ამ თანხის დაბრუნების თაობაზე მათი ვალდებულების არსებობის შესახებ; ამდენად, 2500 აშშ დოლარი დ. მ-გან სესხად მიღებული თანხაა, მისი დაბრუნების ვადა მოსულია და არ დგინდება მოპასუხეთა გამდიდრების ფაქტი.

რაც შეეხება ლ. და ნ. ლ-ბის შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, თბილისში, ო-ის ქუჩა №76-ში მდებარე სადავო უძრავ ნივთს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რომლითაც უძრავი ნივთის ღირებულება გაიზარდა და გაუმჯობესების ხარჯები შეადგენს 7176,32 ლარს. რაიმე საპირისპირო მტკიცებულება დ.კ-ს არ წარმოუდგენია. ამდენად, უძრავ ნივთზე გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის მოპასუხემ ვერ შესძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება.

სააპელაციო სასამართლომ, სასამართლო ხარჯების განაწილებისას აღნიშნა, რომ საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

დ.კ-ი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლ. და ნ.კ-ბის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და დ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ო-ის ქ. N76-ში მდებარე უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო ფართს ლ. და ნ. კ-ბი აქირავებდნენ წლების განმავლობაში. ამ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები, რომლებიც განმარტავენ, რომ ლ.კ-ი აწ გარდაცვლილ მეუღლე ვ.კ-თან ერთად 2003 წლიდან აქირავებდა ფართს და იღებდა შემოსავალს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად დ.კ-ი გამდიდრდა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა რემონტი თავისად დაგულებულ უძრავ ნივთს ჩაუტარეს. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ სადავო დასკვნით არ ირკვევა იშუალოდ ვისი კუთვნილი ფართი გარემონტდა.

ლ. და ნ.კ-ბი ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დ.კ-ი ფართის გაქირავებით შემოსავალს არ იღებდა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ვ.კ-ის სიცოცხლეში თავისი სახელით გაქირავებული ფართიდან იღებდა შემოსავალს, რაზეც თავად მიუთითებდა საკმვიდროს მიღების ვადის აღდგენის შესახებ სარჩელის განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ არ დგინდება კონკრეტულად უძრავი ნივთის რომელი ნაწილი იყო გაქირავებული და რომელ ნაწილზე ვრცელდებოდა დ.კ-ის საკუთრების უფლება, ხოლო, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მთლიანი სახლი არასოდეს ყოფილა გაქირავებული, მოთხოვნა უსაფუძვლოა. ნ.კ-ი არ იღებდა ქირას, ამიტომ მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, სააპელაციო სასამართლომ კი, თანხის გადახდა მასაც დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი და არ დააკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დ.კ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ნ.კ-ბის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავსი ტიპის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ლ. და ნ.კ-ბის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 350 ლარი, ხოლო 341 ლარის გადახადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, 70% - 245 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ გადავადებული სახელწიფო ბაჟის, 341 ლარის, 30%-ის - 102 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და ნ.კ-ბის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ლ.კ-ის მიერ 24.09.12 წლის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, 70% - 245 ლარი;

3. ლ. და ნ.კ-ებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ გადავადებული სახელწიფო ბაჟის, 341 ლარის, 30%-ის - 102 ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე