Facebook Twitter

№ას-1121-1052-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ლ-ის მიმართ უძრავი ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 1995 წლის 2 თებერვალს, ნოტარიუსთან რ.ლ-ის სახელზე გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს ქ.თბილისში, თ-ის III მიკრორაიონში, II კვარტალში, 27-ე კორპუსში მდებარე #79-ე საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცა. რ.ხ-ი არის რ.ლ-ის რძალი, ბინის პრივატიზაციის დროს სადავო ბინაში ჩაწერილი იყო მოსარჩელის მეუღლე გ. ხ-ი. გ. ხ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 4 თებერვალს. რ.ხ-ის მეუღლეს, როგორც სადავო ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრს და მემკვიდრეს, ბინის პრივატიზაციის შედეგად წარმოეშვა ამ ბინის 1/2 წილზე თანასაკუთრების უფლება.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: რ.ლ-ი 1965 წლის 7 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ხ-ან, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი გ. და ლ. ხ-ბი. აღნიშნული სადავო საცხოვრებელი სადგომი ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის 1970 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე რ.ლ-მა მიიღო. 1983 წლის 22 ივლისს მ. ხ-სა და რ.ლ-ს შორის ქორწინება შეწყდა. მოპასუხე ორდერის მიღების დროისათვის იყო ავად, რითაც ისარგებლა მ.ხ-მა და აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე ორდერში მიუთითა თავისი შვილები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით რ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში თ-ის III მიკრორაიონში, II კვარტალში, 27-ე კორპუსში მდებარე #79-ე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო ბინის პრივატიზაციის დროს, ბინაში რ.ლ-ან ერთად 1986 წლიდან ჩაწერილი იყო ხ-ი გ., როგორც მისი შვილი (ოჯახის წევრი), შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის N107 დადგენილებით ორივე მათგანმა სადავო ბინაზე თანაბრად მოიპოვა საკუთრების უფლება. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სწორედ მითითებული ცნობა დაედო საფუძვლად პრივატიზაციის ხელშეკრულებას. 1995 წელს, პრივატიზაციისას, აპელანტისთვის ცნობილი იყო საცხოვრებელ ფართში გ. ხ-ის ჩაწერის არსებობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება, კი იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის საფუძველზე ფართზე უფლების მოპოვებას ნიშნავდა. არც პრივატიზაციამდე, და არც მის შემდგომ საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში, აპელანტს გ. ხ-ის უფლება ფართზე, სადავოდ არ გაუხდია. რ.ხ-ის პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებად პალატამ არ მიიჩნია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება მოქალაქე მ. ხ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე იქედან გამომდინარე, რომ იგი მიღებულ იქნა 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, რა დროსაც, მოქმედი კანონმდებლობა ბინაში რეგისტრაციას არ უკავშირებდა რაიმე სანივთო უფლების წარმოშობას. პალატამ მიუთითა, რომ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი იყო პრივატიზაციის დღისათვის ბინაში ჩაწერა და არა აღნიშნულ ბინაში შემდგომი, სავალდებულო ცხოვრება ან ამავე მისამართზე შემდგომი რეგისტრაცია.

პალატამ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახდის ქვითრები, რომელთაც მოპასუხე მიუთითებს იმის დასტურად, რომ პრივატიზაციის დროს (1995 წელი) ბინაში გადასახადები მოდიოდა ერთ სულზე და ამდენად, ბინაში ჩაწერილი იყო ერთი სული - რ.ლ-ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად მატერიალური კანონით გათვალისწინებულია მტკიცების სტანდარტი ანუ, სპეციალური მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილ სადავო სამართალურთიერთობას ითვალისწინებს სპეციალური ნორმატიული აქტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის N107 დადგენილება, რომლის თანახმად, პრივატიზებული ბინა ითვლებოდა ამ ბინაში პრივატიზების მომენტისათვის ჩაწერილი ყველა მობინადრის თანასაკუთრებად. ბინაში ჩაწერის ფაქტი კი, დასტურდება საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით და არა კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილმა გ. ხ-მა სადავო ბინის ½ ნაწილზე მოიპოვა რა საკუთრების უფლება, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის. აღნიშნული უფლება რ.ხ-მა მამკვიდრებლისაგან მიიღო სწორედ სამკვიდრო აქტივის სახით, რაც დასტურდება წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით და, შესაბამისად, ამ უფლების რეალიზების მოთხოვნა საფუძვლიანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 1986 წლის 21 მარტიდან მოსარჩელის მეუღლის სადავო ბინაში ჩაწერა იყო ფიქტიური, რადგან განხორციელდა კასატორის თანხმობის გარეშე. სადავო ბინაში გ.ხ-ი ჩაწერილია იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლის მამას შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო, აქედან გამომდინარე, ლ.ლ-ვის ჩაწერის ფაქტი ცნობილი ვერ იქნებოდა. ამასთან, გ.ხ-ს სადავო ბინაში არ უცხოვრია, რაც დასტურდება კომუნალური გადასახადის ქვითრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია ბინის პრივატიზაციის საფუძველზე თანამესაკუთრედ ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე #ას-761-1053-05), რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ.ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე