Facebook Twitter

№ას-1144-1073-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ლ. 1“

წარმომადგენელი - ე.ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. ი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“

წარმომადგენელი - პ.ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2012 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ლ. 1-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა გადახდის ბრძანების გაცემის შესახებ და შპს „ა. ი-ის საქართველოს წარმომადგენლობისათვის“ (შპს „ა-ი“) 5789,63 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 5 დეკემბერს სს „ლ. 1-ის“ განცხადება დააკმაყოფილა და შპს „ა-ის“ წინააღმდეგ გადახდის ბრძანება გასცა.

შპს „ა-მა“ აღნიშნულ ბრძანებაზე კანონით დადგენილ ვადაში პროტესტი წარადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით იმავე სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადახდის ბრძანება გაუქმდა და საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა დადგინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ლ.1-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 5621 ლარისა და 168,63 ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2012 წლის 24 მაისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სს „ლ.1-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს „ლ. 1-ის“ წარმომადგენელმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით სს „ლ. 1-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს „ლ. 1-ის“ წარმომადგენელ ე.ი-ის განმარტება, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. სასამართლომ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ე.წ. ფორმა 100), მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მასზე ხელი არ მოუწერია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს, ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ იყო მითითებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უარყო მხარის მტკიცება, რომ შპს „ა-ის“ საჩივარი ფაქტობრივად დაუსაბუთებელი იყო და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი დასაბუთება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის წინაშე მათი დავალიანება იყო არა 5612 ლარი, არამედ - 1961 ლარი, რაც საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით დასტურდებოდა. სწორედ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად და საფუძვლად დაუდო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

რაც შეეხება სს „ლ. 1-ის“ წარმომადგენლის მითითებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, რადგანაც სარჩელის აღძვრის წინაპირობები არ არსებობდა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო, რადგანაც მოსარჩელემ შპს „ა. ი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ მოპასუხედ თავად დაასახელა, გარდა ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, რომელიც შპს „ა. ი-ის“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ იყო მიღებული.

აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს „ლ. 1-ის“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ა-ი“ უცხოური საწარმოს ფილიალია და არ არის იურიდიული პირი, შესაბამისად, იგი არასათანადო მოპასუხეა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ შპს „ა-ის“ წარმომადგენლებზე მინდობილობა ფილიალის და არა თავად საზოგადოების დირექტორმა გასცა, საქმის მასალებით კი, არ ირკვევა, დირექტორს შესაბამის უფლებამოსილება გააჩნდა გააჩნდა თუ არა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ სს „ლ. 1-ის“ წარმომადგენლის მიერ წარდგენილ ჯანმრთელობის ცნობაზე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელი არ მოუწერია. ცნობას ხელს აწერენ მთავარი ექიმი და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ლ. 1-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, აპელანტის ახსნა-განმარტებას სასამართლო სხდომაზე და თუ ისინი მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი იყო ფულადი ვალდებულების შესრულება. სააპელაციო საჩივარი კი, იმ გარემოებას ემყარებოდა, რომ შპს „ა-ის“ დავალიანება სს „ლ. 1-ის“ წინაშე იყო არა 5621, არამედ - 1961 ლარი. მოპასუხემ აღნიშნული თანხა გადაიხადა, რასაც საქმეში არსებული ინვოისები ადასტურებდა, ანუ მოსარჩელის მოთხოვნას თანხის დაკისრების თაობაზე დაუპირისპირდა დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება სრულად შეასრულა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები, კერძოდ, საქმეში არასათანადო მოპასუხე მონაწილეობდა. შპს „ა. ი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ უცხოური საწარმოს ფილიალია, ამდენად, საქმეში უშუალოდ „ა. ი-ი“ უნდა ყოფილიყო ჩაბმული. კასატორის ლოგიკით, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სს „ლ. 1-ის“ სარჩელი შპს „ა. ი-ის“ საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ დააკმაყოფილა, ეს უკანასკნელი სათანადო მოპასუხე იყო, ხოლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ არასათანადო მხარედ იქცა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა. ი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ სათანადო მხარეა და განმარტავს, რომ იურიდიული პირის ფილიალის მონაწილეობა საქმეში დასაშვებია. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც იურიდიული პირის ფილიალის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განსჯადობას ადგენს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისად, თუ დავა წარმოიშვა იურიდიული პირის ფილიალის როგორც სამეწარმეო, ისე სხვა სახის კერძო სამართლებრივი საქმიანობიდან, იგი საქმის განხილვაში დამოუკიდებლად მონაწილეობს. განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა სს „ლ. 1-ის“ მიერ შპს „ა. ი-ის“ საქართველოს ფილიალისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, ანუ სარჩელი შპს „ა-ის“ საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობიდან გამომდინარეობდა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე შპს „ა-ის“ არაუფლებამოსილი წარმომდგენელი გამოცხადდა, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი არ უნდა გამოეტანა, არამედ ჩაეთვალა, რომ სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა. კასატორის მტკიცებით, შპს „ა-ის“ წარმომადგენელს ფილიალის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, საქმეში კი არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც დირექტორის უფლებამოსილებას დაადასტურებდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ა-ის“ ადვოკატებს, თ. კ-სა და პ.ხ-ს, ჰქონდათ ორგანიზაციის სახელით ლ. შ-ის მიერ გაცემული მინდობილობები. შპს „ა. ი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ არის უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ამ კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის იურიდიული პირი ნიშნავს ფილიალის ხელმძღვანელს ან მინდობილობის საფუძველზე კონკრეტულ პირს გადასცემს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას. უფლებამოსილების ფარგლები აღნიშნული უნდა იყოს შესაბამის დოკუმენტში, დადგენილი შეზღუდვები კი - ასახული სარეგისტრაციო მონაცემებში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს, რომ ლ. შ-ი იყო შპს „ა. ი-ის“ ფილიალის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ შეზღუდვა დადგენილი და რეგისტრირებული არ არის სათანადო წესით. მოცემულ შემთხვევაში, ლ. შ-ის უფლებამოსილების შეზღუდვა სამეწარმეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, უცხოური იურიდიული პირის მიერ ამ უკანასკნელს გადაეცა რა ხელმძღვანელობის უფლებამოსილება, ასევე გადაეცა ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმომადგენლობის უფლებამოსილება სრულად, ამდენად, მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე პ.ხ-სა და თ. კ-ეს საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება გააჩნდათ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ე.ი-ის მითითებას, რომ იგი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამგვარი „სხვა საპატიო მიზეზი“ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი საპატიო მიზეზია ავადმყოფობა. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ე.ი-ის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობა არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადვოკატის ავადმყოფობის შემთხვევაში, სს „ლ. 1-ს“, როგორც იურიდიულ პირს, შეეძლო, თავად უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მოცემულ საქმეზე არ არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ. 1-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2012 წლის 5 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე