საქმე №ას-1149-1078-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.მ-ის მიმართ შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.კ-ს უფლება მიეცა, ინახულოს არასრულწლოვანი შვილიშვილი – ... წლის 22 იანვარს დაბადებული კ. ა-ი ყოველი კვირის პარასკევს 15:00-დან 20:00 საათამდე, რაც შ.მ-ემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი.კ-ს განესაზღვრა შვილიშვილთან – ... წლის 22 იანვარს დაბადებულ კ. ა-ან ურთიერთობისთვის ყოველი კვირა 10:30 საათიდან 19:00 საათამდე, რომელიც ემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ა-ის ბავშვთან საურთიერთობოდ დადგენილ დროს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 11 ივლისს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ი.კ-მა და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე გ. ა-მა თანხმობა განაცხადა, რომ ი.კ-ს შვილიშვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის 10:30 საათიდან 19:00 საათამდე, რომელიც ემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ა-ის ბავშვთან საურთიერთობოდ დადგენილ დროს.
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის განმარტებით, პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლება გააჩნიათ არა მარტო იმ შემთხვევისათვის, როცა ისინი, მშობლების თხოვნით, მონაწილეობას იღებენ შვილიშვილების აღზრდაში, არამედ მაშინაც კი, როცა მათ ასეთი მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს ბებიასა და პაპას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს ბებიასა და პაპის მიერ არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების შეფასებით და ბავშვის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორც მშობლების, ასევე, ბებიისა და პაპის შვილიშვილთან ურთიერთობისათვის საკითხები.
მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობისა და ტერიტორიული (ბავშვის საცხოვრებელი ადგილია რუსთავი, მამისა და ბებიის კი – თბილისი) დაშორების მხედველობაში მიღებით, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მამისა და ბებია-პაპის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის ზედმეტად დატვირთულობის თავიდან აცილების მიზნით, ი.კ-ს შვილიშვილთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს დრო - ყოველი კვირა 10:30 საათიდან 19:00 საათამდე, რომელიც ემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინებით ბავშვთან ურთიერთობისთვის დადგენილ დროს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის მამა და ბებია არ არიან წინააღმდეგი, შვილიშვილთან ურთიერთობისათვის ბებიას განესაზღვროს ის დრო, რომელიც ემთხვევა 2011 წლის 25 მაისის განჩინებით მამისათვის ბავშვთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ დროს. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის სხდომაზე მოსარჩელეებმა – ი.კ-მა და გ. ა-მა განმარტეს, რომ ისინი ურთიერთშეთანხმებით გამოიყენებენ ბავშვთან ურთიერთობისათვის კვირას 10:30 საათიდან 19:00 საათამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ.მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი. მოწინააღმდეგე მხარეს ყოველთვის აქვს ბავშვთან ურთიერთობის უფლება. შაბათის გარდა, მამა და ბებია ყოველ დღე ნახულობენ ბავშვს. მისი სახლში წაყვანისას შვილიშვილზე ზრუნავს ბებია. ამდენად, ბებია ბავშვს ნახულობს იმ დროს, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მამისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.კ-ს არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო პალატამ კი გაუზარდა ბავშვის ნახვის დრო, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შ.მ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ.მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შ.მ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია