Facebook Twitter

№ას-1154-1083-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. ე-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება და ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ. ე-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელისადმი დაკისრებული ჯარიმის - პირგასამტეხლოს გაუქმება და ჩამოჭრილი თანხის – 28016,53 ლარის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ. ე-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ. ე-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „გ. ე-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.02.2012 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „გ. ე-ის“ ანგარიშიდან სს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ ჩამოჭრილი პირგასამტეხლო – 28 016.53 ლარი აღიარებულ იქნა უსაფუძვლოდ გადახდილად და აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა სს „ს. რ-ას“ შპს „გ. ე-ის“ სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,გ. ე-ს“ (მიმწოდებელი) და შპს ,,ს. რ-ას” (შემსყიდველი) შორის 2010 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა №შს/10-286 ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 11-14), რიომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს 300 კალენდარულ დღეში უნდა მოეხდინა ჯოჯგინა ამწეების შეკეთება, ამასთან, ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას იმის შესახებ, რომ ჯოჯგინა ამწეების შეკეთება უნდა განხორცილებულიყო საწარმოო პროცესის შეფერხების გარეშე. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით კონტრაჰენტები შეთანხმდნენ საწარმოო პროცესის შეფერხების გარეშე განხორციელებულიყო მხოლოდ ხიდურა ამწეების კაპიტალური შეკეთება.

ხელშეკრულების 8.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს (ლოტი #1-ით გათვალისწინებული მომსახურების - ჯოჯგინა ამწეების კაპიტალური შეკეთება) შესრულება ვერ განხორციელდა შეთანხმებულ ვადაში - 300 დღის განმავლობაში. სამუშაოს შესრულების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 17 ივლისი. 8 ჯოჯგინა ამწე მოპასუხეს ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო 4 ჯოჯგინა ამწე ჩაბარდა დაგვიანებით - 2011 წლის 27 სექტემბერს (იხ.: მიღება-ჩაბარების აქტები, ტ. I, ს.ფ. 23-26, მხარეთა ახსნა-განმარტება თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.02.2012წ. სხდომის ოქმი 16:02:20- 16:05:16). 2010 წლის 17 სექტემბრის №შს/10-286 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაერიცხა ჯარიმა (პირგასამტეხლო) და ანგარიშიდან ჩამოეჭრა 28 016.53 ლარის ოდენობით (ტ. I, ს. ფ. 2, 3, 27, 60, 61).

ხელშეკრულების N1 ლოტით გათვალისწინებული მომსახურების - ჯოჯგინა ამწეების კაპიტალური შეკეთების ვადის გადაცილება არ მომხდარა მოსარჩელე შპს ,,გ. ე-ის“ ბრალით.

პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა დაკისრებული პირგასამტეხლოს (28 016.53 ლარის) გაუქმება და ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება არ მომხდარა მოსარჩელის ბრალით, კერძოდ, ვინაიდან ჯოჯგინა ამწეები მუშაობდნენ სრული დატვირთვით და არ ხერხდებოდა ჯოჯგინა ამწეების გაჩერება სამუშაო დღეებში, მიმწოდებელს მუშაობა უხდებოდა მხოლოდ შაბათ-კვირას. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა შპს „გ. ე-ის“ 06.10.2011წ. წერილი შპს „ს. რ-ის“ მისამართით და ასევე შპს „ს. რ-ის“ მიერ განხორცილებული შიდა მიმოწერის ასლები, რომლებითაც მოპასუხე ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია შპს „გ. ე-ის“ 06.10.2011წ. წერილში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიმოწერის ასლები არის შპს „ს. რ-ის“ (ამჟამინდელი სს „ს. რ-ა“ ) შიდა კორპორაციულ მიმოწერა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ 26.06.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელმა (26.06.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 15:20:54).

საქმეში არსებული მასალების თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 17.09.2010 წლის ხელშეკრულების N1 ლოტით გათვალისწინებული მომსახურების - ჯოჯგინა ამწეების კაპიტალური შეკეთების ვადის გადაცილება არ მომხდარა მოსარჩელე შპს ,,გ. ე-ის“ ბრალით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2012წ. საოქმო განჩინებით შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს. რ-ა“.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, მე-400 მუხლის „ა“ პუნქტი, 401-ე, 385-ე, 991-ე მუხლები და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა 2010 წლის 17 სექტემბრის №შს/10-286 ხელშეკრულების N1 ლოტით გათვალისწინებული მომსახურების (ჯოჯგინა ამწეების კაპიტალური შეკეთება) დაგვიანებით შეკეთების გამო პირგასამტეხლოს სახით 28 016.53 ლარის დაკისრების საფუძველი, შპს „გ. ე-ის“ ანგარიშიდან სს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ ჩამოჭრილი პირგასამტეხლო – 28 016.53 ლარი, პალატის მოსაზრებით, უნდა აღიარებულიყო უსაფუძვლოდ გადახდილად და სს „ს. რ-ას“ შპს „გ. ე-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ ჯოჯგინა ამწეების კაპიტალური შეკეთების ვადის გადაცილება არ მომხდარა მოსარჩელე შპს „გ. ე-ის“ ბრალით და ჯოჯგინა ამწეების შეკეთების დაგვიანება გამოწვეული იყო კრედიტორ სს „ს. რ-ის“ მოქმედებების გამო და არ არსებობდა შპს „გ. ე-ვის“ 4 ჯოჯგინა ამწის დაგვიანებით შეკეთების გამო მისთვის პირგასამტეხლოს 28016.53 ლარის დარიცხვის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემებრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „საქართველოს რკინიგზის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1400 ლარი) 70% – 980 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 6 აგვისტოს №408 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1400ლარი) 70% – 980 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი