№ ას-1158-1087-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.წ-ი
ქმედუუნაროდ ასაღიარებელი პირი– მ.წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.წ-ის ქმედუუუნაროდ აღიარება
დავის საგანი – მ.წ-ის ქმედუუნაროდ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.წ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ფსიქიკური აშლილობის გამო, განმცხადებელ თ.წ-ის დის – მ.წ-ის ქმედუუნაროდ აღიარება.
დაინტერესებული პირები – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, ქმედუუნაროდ ასაღიარებელი პირის შვილი გ. ს-ე, ძმები _ პ. წ-ი და ნ. წ-ი, სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ განმცხადებელ თ. წ-ის მოთხოვნას მ. წ-ის ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო (იხ. მთავარი სხდომის ოქმი, ს.ფ. 116-120; 124-126; 129-136).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით თ.წ-ის განცხადება დის – მ.წ-ის ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით თ.წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრიბი გარემოებები:
განმცხადებელი თ.წ-ი, ქმედუუნაროდ ასაღიარებელი პირი _ მ.წ-ი და დაინტერესებული პირები _ პ. და ნ წ-ბი არიან და-ძმები (ტ. I, ს.ფ. 7, 8, 76).
მ.წ-ი წლების განმავლობაში მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელ მასწავლებლად 1999 წლამდე (საცხოვრებელი ადგილის გამოცვლამდე), ხასიათდება დადებითად. მ.წ-ი არის შრომის ვეტერანი. ეწეოდა მცირე ბიზნესს (ტ. I, ს.ფ. 55, 56).
დაინტერესებული პირები და მეზობლები მ.წ-ს ახასიათებენ როგორც კარგ დედას, კარგ მეზობელს, მომთმენ, დამთმობ, მიმტევებელ, მორწმუნე პიროვნებას (ტ. I, ს.ფ. 55,56; 116-120; 124-126, 129-136).
მ.წ-ი 2006 წლიდან სარგებლობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი (ასოციაცია) „კათარზისის“ სასადილოთი, 2010 წლიდან კი აყვანილია სასადილოს მუდმივ ბენეფიციარად. მ.წ-ი აქტიურად არის ჩართული სათნოების სახლის ცხოვრებაში. სათნოების სახლის მიერ 21.02.2012წ. გაცემული დახასიათებით, მ.წ-ი ყველას მიმართ არის თბილი და გულისხმიერი, სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, პიროვნული თვისებების გამო იმსახურებს პატივისცემას ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისაგან (ტ. I, ს.ფ.146).
განმცხადებელი და ქმედუუნაროდ ასაღიარებელი პირი ცხოვრობენ ერთ მისამართზე, გ-ის ქ. №41-ში. თ. წ-ი და მ.წ-ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, გ-ის ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს. მ.წ-ს უკავია ეზოში ცალკე მდებარე 10 კვ.მ. ფართის ოთახი, რომელიც ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2011 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საცხოვრებლად უვარგისია. ოთახის იატაკი ამონგრეულია, რის გამოც ოთახში ქვეწარმავლები შედიან. ოთახს არ აქვს ნორმალური სველი წერტილი (ტ. I, ს.ფ. 58).
მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხილება სამოქალაქო დავა მ.წ-ის სარჩელისა გამო თ.წ-ის მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების და წილის გამოყოფის მოთხოვნით, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება განმცხადებელი (ტ. I, ს.ფ. 2, 116-120).
განმცხადებელ თ.წ-სა და ქმედუუნაროდ ასაღიარებელ მ.წ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მათ შორის კონფლიქტი დაიწყო 2005 წლიდან. კონფლიქტი ძირითადად უკავშირდება ბინასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას და გრძელდება დღემდე. კონფლიქტი ხშირად გადადის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
დაინტერესებული პირები არ ეთანხმებიან თ.წ-ის განცხადებას მ. წ-ის ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე;
პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დადასტურდა მ.წ-ის ფსიქიკური აშლილობა - მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ თ.წ-ის მიერ განცხადებაში მოყვანილი რამდენიმე ფაქტი ადასტურებდა მხოლოდ დებს შორის არსებულ დაძაბულ, კონფლიქტურ ურთიერთობას. განმცხადებელი ვერ უთითებდა მ.წ-ის ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელ რაიმე გარემოებაზე. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მ.წ-ის ფსიქიკური აშლილობა, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება მ.წ-ი ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 324-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ ქმედუუნაროდ ასაღიარებელი პირი თავს არ არიდებდა საექსპერტო შემოწმებას, იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა ამბულატორიულ ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე. რაც შეეხება სტაციონარულ ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე უარს, იგი განპირობებული იყო იმით, რომ მის ინვალიდ შვილს მარტო მოუწევდა ყოფნა მეთვალყურის გარეშე (ტ. I, ს.ფ. 89). მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოც მიზანშეწონილად მიიჩნევდა მხოლოდ ნებაყოფლობით სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებას (ტ. I, ს.ფ. 119).
საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ის განსაკუთრებული შემთხვევა, რაც ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის თაობაზე განჩინების გამოტანის საფუძველი გახდებოდა. შესაბამსიად, პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10.02.2012წ. განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა თ.წ-ის შუამდგომლობა სტაციონარული გამოკვლევის ფორმატში სასამართლო-ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 311.1-ე, 323-ე და 325-ე მუხლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირცველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ და არასწორად მიღებული დასკვნა, რომ ქმედუუნაროდ აღიარების მოთხოვნის მიმართ დგინდებოდა თ. წ-ის პირადი ინტერესი საბინაო დავიდან გამომდინარე; ამასთან, არ შეაფასა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უგულებელყო ექსპერტიზის დასკვნა და მიუხედავად იმისა, რომ მისი შუამდგომლობა მ.წ-ის სტაციონარში ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, მან საჯაროდ, განჩინებით დააკმაყოფილა, მოგვიანებით 2012 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმში ასახა, რომ სასამართლოს ზოგადად მიაჩნდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა სტაციონალური გამოკვლევით, რაც სასამართლოს მხრიდან პროცესუალურ დარღვევებზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით თ.წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ.წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 325-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორი თ.წ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი