საქმე №ას-1173-1102-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. და შ. ი-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. და შ. ი-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ე. და შ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა იფიცერ – ა. ც-ის 2011 წლის 2 ნოემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით (შემოსავლების სამსახური, №086-1634/1) აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი „MXM268“ 1 ცალი; 2) კედელი „სერვანდი“ 1 ცალი; 3) პატარა მაგიდა – 1 ცალი; 4) ნაჭრის ხუთეული – 1 კომპლექტი; 5) პიანინო ,,KAVKAZ“ – 1 ცალი; 6) სარეცხი მანქანა „BEKO“ – 1 ცალი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №A12000614 სააღსრულებო საქმე. კრედიტორია შემოსავლების სამსახური, მოვალე ნ. ი-ე.
მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ი-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2011 წლის 2 ნოემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი.
შემოსავლების სამსახურის №086-1634/1 აქტით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ა. ც-ის მიერ აღიწერა და დაყადაღდა ხელვაჩაურში, გ-ი მდებარე შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი „BEKO“ – 1 ცალი, 2) მაცივარი „MMXM268“ – 1 ცალი; 3) კედელი „სერვანდი“ – 1 ცალი; 4) პატარა მაგიდა –1 ცალი; 5) ნაჭრის ხუთეული – 1 კომპლექტი; 6) პიანინო ,,KAVKAZ“ – 1 ცალი; 7) სარეცხი მანქანა „BEKO“ – 1 ცალი, 8) რესივერი „NEXSTAR“ სატელიტური თეფშით – 1 კომპლექტი; 9) ტელევიზორის დასადგამი – 1 ცალი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან ე. და შ. ი-ი. ნ. ი-ე და რ. ი-ე დაქორწინდნენ 1994 წლის 6 ოქტომბერს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის მეექვსე პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 158-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, საქმეში მტკიცებულებები საკმარისადაა წარდგენილი, რაც ადასტურებს დაყადაღებულ ქონებაზე ე. და შ. ი-ის საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2.1 ნაწილის, ასევე მე-8 მუხლის მესამე ნაწილის, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ სავსებით სწორად დააყადაღა სადავო ნივთები, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნდა საგადასახადო დავალება. გაუგებარია სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორს სადავო მოქმედებების განხორციელებისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების პროცედურა არ გამოყენებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია