Facebook Twitter

№ ას-1174-1103-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ც-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მატერიალური, მორალური, ფიზიკური, ქონებრივი ზიანის 100000 ლარის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2011 წლის იანვრიდან 150 ლარის დაკისრება, წერილობით ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებითა და ტელევიზიის საშუალებით ბოდიშის მოხდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ც-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური, მორალური, ფიზიკური, ქონებრივი ზიანის 100000 ლარის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2011 წლის იანვრიდან 150 ლარის დაკისრება, წერილობით ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებითა და ტელევიზიის საშუალებით ბოდიშის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვ. ც-ას პასუხისგებაში მიცემა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი მოპასუხე ვ.ც-ას მიმართ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების 100 000 ლარის ოდენობით დაკისრების, 2011 წლის იანვრიდან 150 ლარის ყოველთვიურად დაკისრების, ბოდიშის წერილობით მოხდის, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებით, ზუგდიდის ტელევიზიით ბოდიშის მოხდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა მ.მ-ის სარჩელი, მოპასუხე –ვ.ც-ას მიმართ დაუყოვნებლივ პატიმრობაში აყვანის ნაწილში.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით მ.მ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი.

საპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ვ.ც-ამ 2007 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა ბ. ქ-სა და მისი წარმომადგენლის მ. მ-ის მხრიდან მუქარისა და შანტაჟის აღკვეთა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ე. და ბ. ქ-ები გამოსახლებულ იქნენ ვ. ც-ას კუთვნილი ბინიდან, მდებარე ქ. ზუგდიდი ჩ-ის ქუჩა №41/44-ში.

ბ. ქ-ას მიერ 2007 წლის 2 მარტის წერილობით ვ.ც-ზე შეთავაზებულ იქნა მორიგების აქტის პროექტი ხელმოსაწერად, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, (სადავო ბინის სარგებლობის ნაწილში).

ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა 2007 წლის 15 მარტს ვ.ც-ას ჩამოართვა ხელწერილი ცრუ დასმენისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თაობაზე. 2007 წლის 15 მარტს ვ.ც-ა დაიკითხა მოწმის სახით სადავო ბინასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის 2007 წლის 12 აპრილის დადგენილებით მ.მ-ე მიცემულ იქნა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2007 წლის 13 აპრილს მ. მ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მაისის განაჩენით მ.მ-ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენი და მ.მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.

ვიანიდან საქმეზე დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ვ.ც-ას მიერ პროკურატურისათვის განცხადებით მიმართვის (2007 წლის 7 მარტი), აგრეთვე, ამ უკანასკნელის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემის ფაქტი, იურიდიულად არ ამართლებდა მ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ, შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 317-ე და 992-ე მუხლები და, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-17 მუხლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლს 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ, მოითხოვა მისი გაქუმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მისთვის არაფერი დაუშავებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.მ-ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი