საქმე №ას-1182-1111-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ.-3“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ.-3-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ-ის“ მიმართ ზიანის – 458 755. 98 ლარის გადახდის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის გადაწყვეტილებით სს ,,თ.-3-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს „თ.-3-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ტ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 096 აშშ დოლარისა და 4527 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 23 ივლისს, ერთი მხრივ, შპს „ტ-ს”, როგორც მიმწოდებელს და, მეორე მხრივ, სს „თ.-3-ს”, როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, გადაეცა მყიდველისათვის: 1. ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8 2 ერთეული; 2. ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D280-43X8 4 ერთეული; 3. ვაკუუმტუმბო 2BVჩ5111 2 ერთეული.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტით მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, საქონლის ტრანსპორტირება მოეხდინა ქ. ფოთში.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტით შეთანხმდა საქონლის ფასი, რომლის თანახმად, 1. ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8 ერთეულის ღირებულება განისაზღვრა 15 548 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარით დღგ-ს ჩათვლით; 2. ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D280-43X8 ერთეულის ღირებულება განისაზღვრა 28 530 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დღგ-ს ჩათვლით; 3. ვაკუუმ ტუმბო 2BVჩ5111 ერთეულის ღირებულება 698 აშშ დოლარის დოლარის ეკვივალენტი ლარით დღგ-ს ჩათვლით (ტ.1. ს.ფ. 21, 22).
პროდუქციის მიწოდების ვადა საბოლოოდ შეთანხმდა 2011 წლის 23 მარტის ხელშეკრულების N5 ცვლილება-დამატებით და მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეკვეთა შეესრულებინა 2011 წლის 31 მარტამდე (ტ.1. ს.ფ. 30).
2010 წლის 23 ივლისის გაფორმებული პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 28 დეკემბერს გაიცა საბანკო გარანტია NFG 1405//10, რომლითაც სს „ჯ. პ. ა. ჰ.“ გარანტად დაუდგა ბენეფიციარ შპს „ტ-ს“ პრინციპალ სს ,,თ.-3-ის” წინაშე 2010 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებით და N1, N2 და N3 ცვლილება-დამატებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით საგარანტიო თანხა განისაზღვრა 104 612 აშშ დოლარით და გარანტიის მოქმედების ვადა შეთანხმდა 2011 წლის 15 მაისამდე. მყიდველ სს ,,თ.-3-ს” საქონელი მიეწოდა 2011 წლის 30 მარტს.
პალატამ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2010 წლის 23 ივლისის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, შემკვეთს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8 2 ერთეული. ამასთან, წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური მონაცემებით, მათ შორის, ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8-ის ელექტრონაწილის შემდეგი მონაცემებით 380V,3PH,50Hძ.
უდავოა, რომ მყიდველს მიეწოდა 2 ერთეული ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-67X4, შეთანხმებული D155-30X8-ის ნაცვლად, რომლის ელექტრონაწილის მონაცემებია 6000 ვოლტი, 380 ვოლტის ნაცვლად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ზედა აწევის ტუმბოს ძრავებზე D155-30X8 ნაცვლად 380 ვოლტისა 6000 ვოლტის არსებობას არ ენიჭება არსებითი მნიშვნელობა. მყიდველისათვის მიწოდებული გურჯაანის წყალმომარაგების პროექტის განსახორციელებლად საჭირო 6 ერთეული წყლის ტუმბოს სტანდარტებთან, პროექტთან და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 31 ოქტომბრის N5-021779-20 დასკვნა. დასკვნის თანახმად, „სს „თ.-3-ს“ მიერ შეკვეთილი (D280-43X8, D155-30X8) და შპს „ტ-ს“ მიერ მიწოდებული ტუმბოების (D280-43X7, D155-67X4) ძირითადი განმსაზღვრელი ტექნიკური მახასიათებლები: Q=300მ3/სთ, H-290მ და Q=180მ3/სთ, H=212მ, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. შეკვეთილი D155-30X8 მოდელის შეცვლა D155-67X84 მოდელით, ცვლის 8 სექციურ მოდელს 4 სექციურით, რომლის თითოეულ სექციას აქვს მეტი წნევის (სიმაღლის) განვითარების უნარი (67მ 30მ-ის მაგივრად) ამით მიიღწევა ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ერთმანეთის მიმართ შესაბამისობა“.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ არის გამოკვლეული კონკრეტულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საკითხი სს „თ.-3-ს“ მიერ შეკვეთილი ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8-ისა და შპს „ტ-ს“ მიერ მიწოდებული ტუმბოსელექტრო ნაწილის, კერძოდ, ვოლტაჟის მონაცემების სხვადასხვაობის შესახებ, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება.
საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი ექსპერტ დ. მ-ის 2011 წლის 8 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცენტრიდანული ჰორიზონტალური D155-30X8 წყლის ტუმბოს ნაცვლად მყიდველისათვის მიწოდებული ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-67X4 ელექტროძრავის პარამეტრები არ შეესაბამება საპროექტო მონაცემებს. შპს „ტ-ის“ მიერ ჩინეთიდან ჩამოტანილი ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის D155-67X4 ტუმბო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის D155-30X8 ტუმბოს პარამეტრები რადიკალურად განსხვავებულია და მისი მონტაჟი დღეისათვის ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან იგი გამოიწვევს პროექტის შეცვლასა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების საგრძნობ გაზრდას.
დამოუკიდებელ ექსპერტ დ. მ-ის 2011 წლის 8 ივლისის დასკვნის და საქმეში წარმოდგენილი სს „თ.-3-ის“ 2011 წლის 31 მარტის N01/34 და 2011 წლის 1 აპრილის N01/35 წერილებით პალატამ დაადგინა, რომ მიწოდებული ორი ტუმბო D155-30X8 არ შეესაბამება შეკვეთილ ტუმბოებს, კერძოდ, ტუმბოების ელექტროძრავები, ნაცვლად 380 ვოლტისა, არის 6000 ვოლტი, რაც არ შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ მონაცემებს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ზედა აწევის ტუმბოს D155-30X8 ძრავების 6000 ვოლტის მონაცემების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმების არსებობის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე და, ამასთან, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას. განსახილველ შემთხვევაში, 6000 ვოლტთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს (შპს „ტ-ს“) არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ შპს „ტ-მა“ დაარღვია 2010 წლის 23 ივლისს ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ, რაც გამოიხატა ნაკლიანი ნივთის მიწოდებაში. კერძოდ, შპს ,,ტ-ის’ მიერ მიწოდებული ორი ტუმბო D155-30X8 არ შეესაბამებოდა შეკვეთილ ტუმბოებს, კერძოდ ტუმბოების ელექტრო ძრავები ნაცვლად 380 ვოლტისა იყო 6000 ვოლტი, რომელიც არ შესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ მონაცემებს.
2009 წლის 24 ნოემბერის ხელშეკრულებით დგინდება, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, როგორც დამკვეთს და სს „თ-ს“ შორის, როგორც კონტრაქტორს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. სამუშაოები მოიცავდა აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაციას, მილგაყვანილობის, ჰიდრომექანიკური და ელექტრული მოწყობილობების ჩათვლით. სადაწნეო მილსადენზე = 300მმ ფოლადის მილის 1046 მ-იანი მონაკვეთის შეცვლას. ქ.გურჯაანში 11.4 კვ.მ საერთო სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას პოლიეთილენის მილებით და წყალმომხმარებელთან მიმყვანი მილსადენების შეცვლას საერთო სიგრძით 5,54 კვ.მ არსებული საკვანძო ჭების აღდგენას და ახლების მოწყობას, სულ – 18 ცალი ჭა. ცენტრალური რეზევრვუარების მოედანზე II აწევის სატუმბო სადგურის მოწყობას, მილგაყვანილობის, ჰიდროგაყვანილობის. ჰიდრომექანიკური და ელექტრული მოწყობილობების ჩათვლით. ახალი საშიბერო კამერების და გამანაწილებელი ჭების მოწყობას.
სამუშაოთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 2193280,64 ლარით.
სამუშაოთა დასრულების დადგენილ თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 21 ნოემბერი.
სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი თარიღის გადაცილებაზე დაწესდა ჯარიმა, რომლის ოდენობა განისაზღვრა კონტრაქტის თანხის 0,1%-ით დღეში. სამუშაოთა დასრულების დადგემილი თარიღის გადაცილებაზე დაწესებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა კონტრაქტის საბოლოო თანხის 10%.
2009 წლის 24 ნოემბერის 57.1 პუნქტის თანახმად, „შეუსრულებული სამუშაოებისათვის გამოსაყენებული პროცენტი, რომელიც წარმოადგენს დამკვეთის მიერ სამუშაოების დასრულებისათვის გასაწევ ხარჯებს შეადგენს 10%-ს“. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ-მა“ ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბოები სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად შეუკვეთა. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შპს „ტ-ის“ მიერ არაჯეროვნად შესრულდა 2010 წლის 23 ივლისის ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ, ამიტომ სს „თ-მა” სრულად ვერ შეასრულა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინაშე 2009 წლის 24 ნოემბერის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ, რის გამოც სს „თ-ს“ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან 243 987,34 ლარიდან დაუკავდა კონტრაქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა შეუსრულებული სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობით – 4527 ლარი.
ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა შპს „ტ-ის“ მიერ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასა და სს „თ.-3-ის“ მიერ გურჯაანის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასრულების დაგეგემილი თარიღის გადაცილებასა და აღნიშნულის გამო (ვადის გადაცილების) ჯარიმის დაწესებას შორის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოება შპს „ტ-ის“ მიერ სს „თ.-3-ის“ მიწოდებული საყრდენი ფეხის მქონე ნაკლიანი ტუმბოს მიწოდების თაობაზე და აღნიშნა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილ იქნა ტუმბოების მიწოდების ადგილზე ქ. ფოთში 2011 წლის 30 მარტს შედგენილი ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ წყლის ტუმბო D280-43X8-ს საყრდენი ფეხი მოტეხილი, დაზიანებული ჰქონდა. აღნიშნულის გამო, პრეტენზია წარედგინა მიმწოდებელს შპს „ტ-ის“ წარმომადგენელ ზ. ფ-ას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ ოქმზე არ არის შპს „ტ-ის“ წარმომადგენელ ზ.f-ას ხელმოწერა. შესაბამისად, ოქმი, როგორც მტკიცებულება სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგება. სხვა მტკიცებულება კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 394-ე მუხლით, და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება „უნაკლო ნივთის“ გადაცემის შესახებ, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია ამავე კოდექსის 488-ე მუხლში.
სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ტენდერიუსმა“ დაარღვია 2010 წლის 23 ივლისს ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ, რაც გამოიხატა ნაკლიანი ნივთის მიწოდებაში. შპს „ტ-ის“ მიერ მიწოდებული ორი ტუმბო D155-30X8 არ შეესაბამებოდა შეკვეთილ ტუმბოებს, კერძოდ, ტუმბოების ელექტროძრავები ნაცვლად 380 ვოლტისა იყო 6000 ვოლტი, რომელიც არ შესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ მონაცემებს. ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მყიდველისათვის მიყენებული ზიანი.
სს „თ.-3-ის“ მიყენებული ზიანის ოდენობა დგინდება 2010 წლის 23 ივლისის პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, რომლითაც შეთანხმდა საქონლის ფასი და ცენტრიდანული ჰორიზონტალური წყლის ტუმბო D155-30X8 ერთეულის ღირებულება განისაზღვრა 15 548 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ორი ერთეული ტუმბოს შემთხვევაში ზიანის ოდენობა შეადგენს 31096 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სს „თ.-3-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორმა წარმოადგინა მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილი, სადაც დეტალურად არის გაშიფრული, თუ რა თანხა დააკისრა და ამოიღო მუნიციპალური განვითარების ფონდმა სს „თ.-3-ან“. აღნიშნული მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოზე წარმოდგენის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სარჩელის შეტანის დროისთვის და საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ჯარიმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სრულად არ ამოღებულა, ამასთან, საჭირო იყო ოფიციალური წერილის გამზადება, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა. შესაბამისად, კასატორმა დროულად ვერ შესძლო ამ მტკიცებულებების წარდგენა. მის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები ასევე ადასტურებდნენ, შპს „ტ-ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, სს „თ.-3-ის“ ზიანის მიყენების ფაქტს, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და მხარისათვის ამის შესახებ წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი. სააპელაციო სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულება მხოლოდ აზუსტებდა მანამდე წარმოდგენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რაც დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სს „თ.-3-ს“ მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის უნდა მიეღო 243 ლარი და დაჯარიმდა სამუშაოს ღირებულების 10%-ით ანუ 4527 ლარით.
მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 2 193 280,64 ლარს. საბანკო გარანტიის წერილითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილებით, ასევე სასამართლო განჩინებით, რომლითაც სს „თ.-3-ს“ სადაზღვევო კომპანია „ი-ს“ სასარგებლოდ რეგრესის წესით დაეკისრა მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადახდილი თანხა, დასტურდება, რომ სს „თ.-3“ მუნიციპალური ლგანვითარების ფონდმა დააჯარიმა და ეს თანხა ამოიღო, კერძოდ: 1) 219 361,66 ლარი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გამოთხოვილ იქნა სადაზღვევო კომპანია „ი-ან“; 2) 219 361,66 ლარი, ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო, კონტრაქტის ღირებულების 0,1% დღეში, მაგრამ არა უმეტეს 10%-ისა, რაც დაკავებულ იქნა სს „თ.-2-ის“ მიერ მისაღები სამუშაოების ღირებულებიდან; 3) 4 527 ლარი, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება, რაც ასევე დაკავებულ იქნა სს „თ.-3-ის“ მიერ მისაღები სამუშაოების ღირებულებიდან (2 193 280,64 ლარი);
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ვადის გადაცილებასა და შპს „ტ-ის“ მიერ ვალდებულების დარღვევას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს.
კასატორის მიერ წარდგენილ იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო საბუთი, რომლითაც ხდებოდა გარანტიის ვადის გადაწევა. მუნიციპალური განვითარების ფონდთან არებული ხელშეკრულების ვადის გადაწევით სამუშაოს შესრულების ვადა მუნიციპალური ფონდის მიერ გაგრძელდა და შპს „ტ-ს“ ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა, ზიანი არ დადგებოდა, სს „თ.-3“ შესძლებდა, დროულად და ჯეროვნად ჩაებარებინა სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის და იგი არ დაჯარიმდებოდა ვადის დარღვევისთვის.
მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა ტუმბოს დაზიანების, ფეხის მოტეხვის ფაქტი. ტუმბოს ფეხის დაზიანება დაადასტურეს მოწმეებმა, რომლებიც სს „თ.-3-ის“ დირექტორთან ერთად ხელს აწერენ შემოწმების აქტს. ეს ფაქტი არ გამხდარა სადავოდ არც მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რომელიც აპელირებდა, რომ დაზიანება მოხდა ტუმბოს გადაცემის შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სს „თ.-3-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „თ.-3-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „თ.-3-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 ლარის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი 2000 ლარის გათვალისწინებით ( მოცემულ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 8000 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა 2000 ლარი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა ანაზღაურდეს სულ 2400 ლარი, 8000 ლარის 30%.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „თ.-3-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს „თ.-3-ს“ (საინდენტიფიკაციო კოდი №…) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია