№ას-1187-1116-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 07 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც გამყიდველმა თ.ჯ-ემ თ.ბ-ს მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გადახდილია 200 000 აშშ დოლარი, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამას აღიარებს მყიდველიც, რომელმაც გადაიხადა 150 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 50 000 აშშ დოლარის გადახდას თავს არიდებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით თ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ჯ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2012 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნაახალი გადაწყვეტილება, თ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.ბ-ს თ.ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
07.06.2011წ. ერთის მხრივ თ.ჯ-ეს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ - თ.ბ-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ.ჯ-ემ მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დ. ... მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი №...) - მიჰყიდა თ. ბ-ს (ტ. I, ს.ფ. 13,14; 12). ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის ფასი (ტ.I, ს.ფ.13). უძრავი ქონება აღირიცხა თ.ბ-ის სახელზე.
იმის გათვალისწინებით, რომ თ.ჯ-ე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე თ. ბ-ვის სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების - ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის - 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა დადგინილიყო - შესრულებული იყო თუ არა მოვალის (მყიდველის) მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება (ნასყიდობის ფასის სრულად გადახდა).
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა მყიდველის მიერ თანხის გადახდილად მიჩნევის თაობაზე ეფუძნებოდა თავად ხელშეკრულებაში მითითებულ ფრაზას იმის შესახებ, რომ „ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი“ (იხ.: ხელშეკრულება, ტ.I, ს.ფ.13; გადაწყვეტილება ტ.I, ს.ფ. 133,134). პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალის აღიარების ფაქტის დასამტკიცებლად არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 03.07.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე თ.ბ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გადახდილი ნამდვილად არ იყო. წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნასყიდობის ფასი მყიდველმა გადაიხადა მოგვიანებით. სადავო თანხა კი, გადახდილ იქნა ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვისას (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე (14:58:17-14:58:26; 15:01:52-15:02:26; 15:03:05-15:05:58). შესაბამისად, მხარეებს შორის სადავო არ იყო ის საკითხი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ნასყიდობის ფასი გადახდილი არ ყოფილა, ანუ ხელშეკრულებას მითითებული ჩანაწერი თანხის გადახდის თაობაზე არ ასახავდა რეალურ ვითარებას. გარემოება, რასაც ეფუძნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უარყოფილია - არ დგინდება ხელშეკრულების დადების მომენტში თანხა გადახდის ფაქტი. შესაბამისად, მსჯელობა მასზე, რომ თავად ხელშეკრულება წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან 150 000 აშშ დოლარის გადახდას, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რტომ უნდა განსაზღვრულიყო რომელ მხარეზე მოდიოდა დარჩენილი 50 000 აშშ დოლარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადახდის ფაქტის მტკიცების ტვირთი. პალატის მოსაზრებით, ისეთ პირობებში, როცა უდავოა სახელშეკრულებო ჩანაწერის უსწორობა, უკვე მომდევნო პერიოდში ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოვალეს - მყიდველს.
რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში თანხა გადახდილი არ იყო და ხელშეკრულება არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ნასყიდობის ფასის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი, პალატის აზრით, ეკისრებოდა მყიდველს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება ყოფილიყო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ბ-ს მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამასთან, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 03.07.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე თ.ბ-ის წარმომადგენელმა განმარტა, თანხის გადახდასთან დაკავშირებით წერილობითი დოკუმენტი არ შექმნილა (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე (15:05:58-15:06:44).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა თ. ბ-ის მიერ 07.06.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტი, კერძოდ, მყიდველის მიერ გადახდილი არაა ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 50 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, პალატის განმარტებით, არსებობდა მოპასუხისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დაკისრებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმის მასალები და სატანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ამასთან, არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთის საკითხი, ვიანიდან მყიდველს ჰქონდა გამყიდველის მიერ გაცემული წერილობითი საბუთი და, შესაბამისად, დამატებითი საბუთების მოთხოვნა მისი მხრიდან საჭირო არ იყო, რაც ცხადყოფდა, რომ მას აღარ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების საჭიროება.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის განმარტებისას საერთოდ არ გაამახვილა ყურადრება გამყიდველის მხრიდან მყიდველის საკუთრების უფლების ხელშეშლის ფაქტზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს ნასყიდობის ფასი სრულად არ იყო გადახდილი მყიდველის მიერ, მაშინ, როდესაც მას სრულად ჰქონდა ნასყიდობის ფასი გადახდილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემებრის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თამარ ბიწკინაშვლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4123 ლარი) 70% – 2886.1 ლარი.
რაც შეეხება საკასაციო ინსტანციაში თ.ბ-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსს, პალატა თვლის, რომ ის უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ 2012 წლის 9 ოქტომბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები „60 ფურცლად და 2012 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები „31“ ფურცლად +CD დისკი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 14 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4123 ლარი) 70% – 2886.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. კასატორ თ.ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 9 ოქტომბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები „60 ფურცლად და 2012 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები „31“ ფურცლად + ერთი CD დისკი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი