Facebook Twitter
საქმე №ას-1172-1101-2012 18 სექტემბერი 2012 წელი

საქმე №ას-1189-1118-2012 7 ნოემბერი 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.ძ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ძ-ის მიმართ სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა თ.ძ-ემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინებით თ.ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინება და ამავე სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა.მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით თ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2010 წლის 4 ივნისს ა.მ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ა.მ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების განმარტებაზე, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა.მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.მ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით თ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით თ.ძ-ეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით თ.ძ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, თ.ძ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, რადგან საკასაციო საჩივარზე სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული განჩინება კასატორ თ.ძ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 4 ოქტომბერს (იხ. ტ.III, ს.ფ.89).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 8 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

თ.ძ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 26 ივლისს (საგადახდო დავალება №1) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი