№ ას-1191-1120-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ს.პ-ა, თ. და ხ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ-ი, ლ.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონებიდან წილის მიკუთვნება (ძირითად სარჩელში), ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.პ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, წ-ის ქ.№4ა-ში მდებარე ნ.მ-ის საკუთრებაში რიცხული ბინა№1-ის 2/3-ის მესაკუთრედ ცნობა.
ნ. მ-მა და ლ.მ-მა შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს.პ-ას, თ. ჯ-სა და ხ. ჯ-ას წინააღმდეგ და მოითხოვეს ნ. და ლ.მ-ბის საკუთრებაში რიცხული, ქ. თბილისში, წ-ის ქუჩა №4ა-ში მდებარე №1 ბინიდან ს.პ-ას, თ. ჯ-სა და ხ. ჯ-ას გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნ. და ლ.მ-ბის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები: ს.პ-ა, თ. ჯ-ა და ხ. ჯ-ა გამოსახლებულ იქნენ ქ.თბილისში, წ-ის ქ.№4ა-ში მდებარე №1 ბინიდან (საკადასტრო კოდი #...), რომელიც ირიცხება ნ. და ლ.მ-ბის საკუთრებაში.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს.პ-ამ, თ. და ხ. ჯ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფიოლდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1976 წლის 29 აგვისტოს მ. მ-ის სახელზე გაიცა ორდერი კოოპერატიულ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი, წ-ის ქ.№4ა, ბინა №1. ორდერის თანახმად, ბინაში შესახლების უფლება მიეცა სამსულიან ოჯახს, რომლის წევრებსაც მ. მ-ის გარდა წარმოადგენდნენ მისი შვილები: ნ. და ლ.მ-ბი;
ნ.მ-ი და ს.პ-ა დაქორწინდნენ 1979 წლის 10 ნოემბერს, ხოლო განქორწინდნენ 1987 წლის 23 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენლი განქორწინების მოწმობით (ტ.I, ს.ფ234-235).
2000 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა მ. მ-ი.
2009 წლის 05 თებერვალს ნოტარიუს ც. ბ-ის მიერ ლ.მ-ის სასარგებლოდ გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა მამის, მ. მ-ის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე და იმავე დღეს იმავე ნოტარიუსის მიერ ლ. მ-ის, როგორც მ. მ-ის მემკვიდრის სახელზე გაიცა საკუთრების მოწმობა ქ.თბილისში, წ-ის ქ.№4ა-ში მდებარე №1 ბინის 1/2-ზე, რის საფუძველზეც, იგი დარეგისტრირდა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
2010 წლის 1 დეკემბერს ნოტარიუს ც. ბ-ის მიერ ნ.მ-ის სასარგებლოდ გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა მამის, მ. მ-ის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე და იმავე დღეს იმავე ნოტარიუსის მიერ ნ.მ-ის, როგორც მ. მ-ის მემკვიდრის სახელზე გაიცა საკუთრების მოწმობა ქ.თბილისში, წ-ის ქ.№4ა-ში მდებარე №1 ბინის 1/2-ზე, რის საფუძველზეც, იგი დარეგისტრირდა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
ს.პ-ას ოჯახის წევრები: თ. და ხ. ჯ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირები, რომელთა დროებით საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული იყო ქ.თბილისი, წ-ის ქ.№4, ხოლო 2011 წლის 14 თებერვლიდან - ქ.თბილისი, წ-ის ქ.№4ა, ბინა №1.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, წ-ის ქ. 4ა-ში მდებარე ბინის კოოპერატიული დავალიანება ბოლომდე გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 301). სადავო ბინის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ ქვითარში გადამხდელად მითითებულია მ-ი (ტ.I,ს.ფ 299-302).სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ს.პ-ას მიერ სადავო ბინის ღირებულების გადახდის მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ნ.მ-სა და ს. მ-ას შორის განქორწინების ფაქტი ვერ დასტურდებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, რის საფუძველზეც, მოითხოვდა ნ.მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 2/3-ის მესაკუთრედ ცნობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შესაბამისად, მეუღლეთა განქორწინება მოხდა 1987 წელს, ხოლო სადავო ქონება ნ.მ-ის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში მხოლოდ 2010 წლის 1 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
საქმის მასალებით ვერ დადგინდა ს.პ-ას მიერ სადავო კოოპერატიული ბინის ღირებულების ნაწილის გადახდის ფაქტი, ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ, რომც დადგენილიყო აღნიშნული ფაქტი, იგი სადავო ქონებიდან წილის მიკუთვნების საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგან დადგენილი იყო, რომ სადავო ბინაზე უფლება ორდერის საფუძველზე მოიპოვა მოპასუხე ნ.მ-ის მამამ - მ. მ-მა, ჯერ კიდევ მხარეთა დაქორწინებამდე, რაც გამორიცხავდა ს.პ-ას რაიმე უფლებას კოოპერატიული ბინის წილზე.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ. და ლ.მ-ბი, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები კი, ფლობენ სადავო უძრავ ქონებას, ამასთან, თ. და ხ. ჯ-ის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირების, დროებით საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებულია სადავო უძრავი ქონების მისამართი, პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული პირების მხარეზეა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ბინა მათ მართლზომიერ მფლობელობაში იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე თ. ჯ-ას განმარტების შესაბამისად, სადავო ბინის მისამართის მითითება თ. და ხ. ჯ-ის დროებით მისამართად განხორციელდა ს.პ-ას თანხმობით.
‘საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’ საქართველოს კანონის მე-53 მუხლზე მიტითებით, პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტს. ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს სადავო უძრავ ქონებაზე უფლებამოსილ პირებთან (მესაკუთრეებთან) რაიმე სახის გარიგება ფართის ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად. ს.პ-ას მიერ ფართის ფლობის მართლზომიერების მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი.
ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ს.პ-ას, როგორც ნ.მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, წ-ის ქ.№4ა, ბინა №1-ის 2/3-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნ. და ლ.მ-ბის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს.პ-ამ, თ. და ხ. ჯ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ ს.პ-ვის ცნობილი იყო განქორწინების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და დაუშვა ისეთი საპროცესო დარღვევები, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1167 ლარი) 70% – 816.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: ს.პ-ას, თ. და ხ. ჯ-ს დაუბრუნდეთ ზ. ჯ-ას მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი (1150 ლარისა) და 2012 წლის 5 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (17 ლარის), სულ 1167 ლარის 70% – 816.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე