საქმე №ას-1194-1123-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.კ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ბავშვის ნახვის წესის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ-ის მიმართ და მოითხოვა 2010 წლის 25 თებერვალს დაბადებული შვილის – ა. კ-ის ნახვის წესის განსაზღვრა ყოველი შაბათის 12.00 საათიდან კვირის 17 საათამდე შემდეგი საფუძვლებით:
მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი – ა. კ-ი. მათ შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოპასუხე მოსარჩელეს ბავშვის ნახვის შესაძლებლობას აღარ აძლევს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.კ-ვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
მხარეთა ქორიწინების შეწყვეტის შემდეგ მ.კ-ე შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან მათ კმაყოფაზე. მ.კ-ი ბავშვის აღზრდაში არანიარ ფინანსურ მონაწილეობას არ იღებს. მას შვილთან ურთიერთობას არავინ უკრძალავდა, მაგრამ ბოლო ხანებში მხარე ბავშვს სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში აკითხავდა. მ.კ-ი მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილ მეუღლეს და აგრესიას გამოხატავს მისი მშობლების მიმართ. აღნიშნული დასტურდება ახმეტის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული 2012 წლის 30 მარტის №408709 ცნობით. ამდენად, ბავშვის ფსიქოლოოგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მისი ნახვის ნება არ უნდა დაერთოს, რადგან ა. კ-ი მამასთან შეხვედრის შემდეგ ღიზიანდება და ტირის.
მ.კ-მა შეგებებული სარჩელი ყოველთვიურად ალიმენტის სახით მხოლოდ 50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ უმუშევარი, ომისა და სამხრედრო ძალების ვეტერანია, მუდმივი შემსავლის წყარო არ გააჩნია და მეტი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.კ-ს განესაზღვრა შვილთან – ა. კ-თან ურთიერთობისა და ნახვის უფლება კვირაში ორი დღით: შაბათის 12:00 საათიდან კვირის 12:00 საათამდე სახლში წაყვანითა და ღამისთევით, მ.კ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.კ-ს დაეკისრა მათი არასრულწლოვანი შვილის – ა. კ-ის სარჩენად სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2012 წლის 30 მარტიდან ყოველთვიურად მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა.
მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ.კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მ.კ-ს არასრულწლოვან შვილთან, 2010 წლის 25 თებერვალს დაბადებულ ა. კ-თან ურთიერთობა განესაზღვროს 2013 წლის 25 თებერვლამდე შაბათს 15.00 საათიდან 20.00 საათამდე და კვირას 15.00 საათიდან 20.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლიდან შაბათს 12.00 საათიდან კვირას 12.00 საათამდე ღამე დატოვების უფლებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.კ-სა და მ.კ-ეს ფაქტობრივ ქორწინებაში შეეძინათ შვილი – 2010 წლის 25 თებერვალს დაბადებული ა. კ-ი.
ამჟამად მხარეები ცხოვრობდენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ა. კ-ი ცხოვრობს დედასთან – მ.კ-თან.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1199-ე მუხლებით და და განმარტა, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას ორივე მშობელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამ უფლების გონივრული განსაზღვრა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, რა დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები მკაფიოდ ასახავს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს. ამ ურთიერთობების სასამართლო წესით დადგენისას მხედველობაშია მისაღები არასრულწლოვანი ბავშვის უფლება, ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა იმ მშობელთანაც, რომელთანაც არ ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით, მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს სწორედ ბავშვის ინტერესებს, მის ასაკს, ჯანმრთელობას, დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და საყოფაცხოვრებო გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მის ცხოვრების წესს.
პალატამ მიიჩნია, რომ აუცილებელია, არასრულწლოვან ა. კ-ს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ა. კ-ი ამჟამად არის ორი წლის, ამიტომ მამასთან მისი ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ბავშვს არ დაერღვეს ძილის რეჟიმი, არ მოწყდეს შეჩვეულ გარემოს და ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს. ამავდროულად, პალატის მოსაზრებით, ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ვადით დარჩეს მამასთან, რაც შესაძლებელია სამი წლის მიღწევის შემდეგ, 2013 წლიდან.
პალატის ამ მსჯელობიდან გამომდინარე, მ.კ-ს არასრულწლოვან შვილთან – ა. კ-თან ურთიერთობა 2013 წლის 25 თებერვლამდე უნდა განესაზღვროს კვირის განმავლობაში შაბათს 15.00 საათიდან 20.00 საათამდე წაყვანის უფლებით და კვირას 15.00 საათიდან 20.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლიდან უნდა განესაზღვროს შაბათს 12.00 საათიდან კვირას 12.00 საათამდე ღამე დატოვების უფლებით.
ამგვარი რეჟიმის დადგენით დაცულია როგორც ბავშვის, ასევე მშობლების ინტერესები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რეჟიმის განსაზღვრა თავისთავად გულისხმობს შვილის მამასთან ყოფნის პერიოდში მამის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, რასაც ბავშვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ „მ.კ-ი მუშაობს წყალ-კანალიზაციის გაყვანილობებეზე, ევრო რემონტის სამუშაოებზე, აქვს სერიოზული შემოსავალი“. პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება მ.კ-ის შემოსავლის თაობაზე არ არის საკმარისი მტკიცებულება სადავო ფაქტის დასადასტურებლად, რადგან ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მეორე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას ამახვილებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის იმ კრიტერიუმებზე, რასაც კანონმდებელი ალიმენტის გადამხდელის ყოველთვიური რეალური შემოსავალის ოდენობას უკავშირებს. იმ თვალსაზრისით, რომ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის უნდა იყოს აღსრულებადი. ვინაიდან არ დგინდება მშობლების ყოველთვიური სტაბილური შემოსავალის თაობაზე ინფორმაცია, ალიმენტის გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარი.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება მ.კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მეორე ნაწილი, კერძოდ, სასამართლო დავა ეხება 2 წლის ბავშვს, ა. კ-ს. ბავშვი დაბადებიდან ავადაა მწვავე პნევმონიით, იგი შერჩევით იკვებება. მ.კ-ი კი ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელებს და სახლში ცხოვრობს მარტო, მასთან სამი წლის ბავშვის დატოვება არის ყოვლად დაუშვებელი.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის რეალიზაცია არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამით ბავშვის ინტერესებს ზიანი მიადგეს.
ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დავის უკეთესი გადაწყვეტისათვის საქმეში უნდა ჩაერთო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1198-ე მუხლებით, ვინაიდან მათი გამოყენება მიზანშეწონლია, როდესაც მშობელი ცხოვრობს ჯანსაღი წესით და უარყოფით გავლენას არ მოახდენს მცირეწლოვანი შვილის მორალურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პირობას – საქმისათვის მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობას, არასრულად დადგენასა და მტკიცებულებების დამატებით გამოკვლევის აუცილებლობას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ და არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.კ-სა და მ.კ-ეს ფაქტობრივ ქორწინებაში შეეძინათ შვილი – 2010 წლის 25 თებერვალს დაბადებული ა. კ-ი.
ამჟამად მხარეები ცხოვრობდენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ა. კ-ი ცხოვრობს დედასთან – მ.კ-თან.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მ.კ-ვის მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესისა და ბავშვის სარჩენად დაკისრებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლი ადგენს, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მითითებულიდან გამომდინარე, კანონმდებელი აღიარებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მშობლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კომპეტენტურობას, რაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშობლების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნულ პრინციპს განამტკიცებს ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მეორე ნაწილის თანახმად კი, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, კანონის ზემოხსენებული დანაწესი ითვალისწინებს მშობლების მიერ ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შესაძლებლობასაც და სადავო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სასამართლოს მიანდობს.
სწორედ ბავშვის აღზრდასა და მისი ცხოვრების წესის განსაზღვრას უკავშირდება სადავო საკითხი დედასთან მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვის მამასთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე, თუმცა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლებმა დავა განიხილეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აუცილებელი მონაწილეობის გარეშე, რითაც შეილახა არასრულწლოვანი ა. კ-ის უფლებები.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძრვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უფლებების დაცვა, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა.
სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებანი, რის შედეგადაც შესაძლებელია, გადაწყდეს, რამდენი ხნით და რა წესით უნდა დაერთოს მამას შვილთან ურთიერთობის (დედისაგან დამოუკიდებლად წაყვანის, ღამით დატოვებისა და სხვა) ნება.
ხსენებული საკითხების შესწავლაში კი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი შეუცვლელია, რადგან დაუინტერესებელი პირის დასკვნა შეიძლება გახდეს სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის მით უფრო, რომ მ.კ-ე მიუთითებდა მ.კ-ის მხრიდან ბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის საფრთხეზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მ.კ-ის მითითებაზე მცირეწლოვანი ა. კ-ის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ, რის გამოც ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას (მკურნალობასა და კვების რეჟიმს).
ა. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად, მ.კ-ის განმარტების გარდა, საქმეში წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარზე დართული მკურნალი ექიმის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ 2010-2011 წლებში არასრულწლოვანი მკურნალობდა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით.
მითითებული ფაქტი უდავოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან დეტალს არასრულწლოვანის დედისაგან (რომელიც ბავშვზე ზრუნვის რეჟიმს უძღვება) თუნდაც დროებით მოშორების წესისა და ვადის განსაზღვრისას, რაზეც სააპელაციო პალატას გადაწყვეტილებაში ყურადღება არ გაუმახვილებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული არ არის, ამდენად, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რა დროსაც უთუოდ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განჩინების კვლევით ნაწილში ასახული გარემოებანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია