Facebook Twitter

№ას-1194-1455-09 14 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ხ-ი, თ.მ-ი, რ.კ-ე, ბ.შ-ა, მ.მ-ი, ნ.შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერია, სს „თ. ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ხ-მა, თ.მ-მა, რ.კ-ემ, ბ.შ-ამ, მ.მ-მა და ნ.შ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს. მათ მოპასუხეებად თბილისის მერია და სს „თ. ს-ი“ დაასახელეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სს „თ. ს-ის“ პარტნიორთა 2005 წლის 4 ნოემბრის კრების ოქმის, ასევე მოპასუხეებს შორის დადებული წილების დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეების განმარტებით, სს „თ. ს-ი“ იყო შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის და შპს „ჯ-ი მთაწმინდის“ საწესდებო კაპიტალის 40%-ის წილის მფლობელი პარტნიორი, ხოლო თბილისის მერია ფლობდა სს „თ. ს-ის“ საწესდებო კაპიტალის 50,1%-ს. 2005 წლის 4 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს-ის“ კუთვნილი წილების თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს 51,9%-ის მქონე პარტნიორებმა (მერია + სს „ბ. რ-ა“), ხოლო მოსარჩელეებს, რომელთა წილიც 15,3%-ს შეადგენდა, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თბილისის მერიას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგანაც, საკითხი მასთან გარიგების დადებას ეხებოდა. 2006 წლის 16 იანვარს სს „თ. ს-ის“ წილები შპს „ჯ-ი უძრავ ქონებაში“ და შპს „ჯ-ი მთაწმინდაში“ აღირიცხა ქ. თბილისის მერიის სახელზე. წილების დათმობის ხელშეკრულება უკანონოა, რადგანაც, ამ დროისათვის მოქმედებდა სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ხ-ის, თ.მ-ის, რ.კ-ის, ბ.შ-ას, მ.მ-სა და ნ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით ნ.ხ-ის, თ.მ-ის, რ.კ-ის, ბ.შ-ას, მ.მ-სა და ნ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2005 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, სს „თ. ს-ი“ წარმოადგენდა შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალის 40%-ის წილის მფლობელ პარტნიორს;

2. სს „თ. ს-ის“ 2005 წლის 4 ნოემბერს აქციონერთა კრებაზე დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს-ის“ კუთვნილი წილების თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემისა და ამ მიზნით თანხმობის გაცემის თაობაზე;

3. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიის წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდგომ, დამსწრე აქციონერებიდან (94,9%-დან), ნაწილმა დატოვა სხდომა და კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიისა და ბ. “რ-ის” წარმომადგენლებმა;

4. გადაწყვეტილების მიღებისას კრებას ესწრებოდა ხმის უფლების მქონე კაპიტალის 51,9%, კერძოდ, თბილისის მერია (საწესდებო კაპიტალის 50,1%-ის შესაბამისი აქციების მფლობელი) და ბ. „რ-ა“ (1,8%-ის შესაბამისი აქციების მფლობელი);

5. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით საჭირო იყო ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 50%-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა;

6. 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულებები სს „თ. ს-სა“ და თბილისის მერიას შორის;

7. აქციათა რეესტრით (2005 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით) სს „თ. ს-ის“ საწესდებო კაპიტალში მოსარჩელეთა წილები ჯამში შეადგენს 15,3%-ს, მათ შორის, ნ.ხ-ი ფლობს საწესდებო კაპიტალის 0,9%-ის, თ.მ-ი - 0,9%-ის, რ.კ-ე - 2,7%-ის, მ.მ-ი - 0,9%-ის, ბ.შ-ა - 7,2%-ის, ნ.შ-ე - 2,7%-ის შესაბამის აქციებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის შესახებ, რომ 2005 წლის 4 ნოემბერს საზოგადოების კრებაზე გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ თბილისის მერიამ და ბ. „რ-ას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სს „ბ. რ-ის“ კომერციული დირექტორის წერილი, რომლითაც უარყოფილია მიღებული გადაწყვეტილებისადმი ბ. „რ-ის“ მხარდაჭერა, მიჩნეული ვერ იქნება იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ სს „თ. ს-ის“ აქციონერთა 2005 წლის 4 ნოემბრის კრებაზე სს „ბ. რ-ას“, როგორც აქციონერს, მონაწილეობა არ მიუღია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.4 მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით, საერთო კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი. ამდენად, სხდომაზე მონაწილე აქციონერთა, კენჭისყრაში მათი მონაწილეობის (ხმის მიცემის, თავის შეკავებისა თუ სხვა) შესახებ ინფორმაცია აისახება კრების ოქმში. განსახილველ შემთხვევაში, 2005 წლის 4 ნოემბრის სს „თ. ს-ის” აქციონერთა კრების ოქმი №1-ით დასტურდება, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საზოგადოების ქონების გასხვისების თაობაზე) განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას კრებაზე მონაწილეობას იღებდა თბილისის მერია (50,1%-ის მფლობელი აქციონერი) და სს „ბ. რ-ა” (1,8% აქციის მფლობელი აქციონერი), ჯამში - ხმის უფლების მქონე კაპიტალის 51,9% და საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი (ტ.I, ს.ფ. 101-105). აღნიშნულ ოქმში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ დამსწრეთაგან რომელიმე აქციონერი წინააღმდეგი იყო, ან თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენენ სულ 15,3%-ის მფლობელ აქციონერებს, თუნდაც თბილისის მერიას არ მიეღო მონაწილეობა სადავო გადაწყვეტილების მიღებაში, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოსარჩელეებისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ საერთო კრების ოქმისა და მის საფუძველზე განხორციელებული წილების დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენენ სს „თ. ს-ის“ აქციონერებს, მოითხოვენ 2005 წლის 30 დეკემბრის იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც გასხვისებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სააქციო საზოგადოების კუთვნილი წილები, ანუ აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, უკავშირდება დამოუკიდებელი სუბიექტის, სააქციო საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმ შემთხვევაში, თუ სადავო გარიგებების დადებით სააქციო საზოგადოების ინტერესებს მიადგა ზიანი, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია თავად სააქციო საზოგადოებას. სს „თ. ს-ი“ კი, არათუ სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებებს, არამედ იგი, როგორც მოპასუხე, უარყოფდა აქციონერთა მიერ აღძრულ სარჩელს. მართალია, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ აქციონერის მიერ სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასაც, მაგრამ მხოლოდ კანონის 53.5 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, რაც ამ შემთხვევაში შესრულებული არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. საქმეში არსებული მტკიცებულებით, დასტურდება, რომ სს „ბ. რ-ას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული მტკიცებულებები არასწორად არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სს „ბ. რ-ამ“ წილების დათმობას მხარი დაუჭირა;

2. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ დაირღვა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53.4 მუხლის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ თუნდაც თბილისის მერიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო, მოსარჩელეებისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდებოდა, რადგანაც მათი წილი მხოლოდ 15,3% იყო. სასამართლოს ეს დასკვნა მხოლოდ ვარაუდებს ემყარება. თუ თბილისის მერია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, სადავო საკითხზე გადაწყვეტილება საერთოდ ვერ იქნებოდა მიღებული;

3. სასამართლოს მითითებით, სს „თ. ს-ი“ უარყოფს სარჩელს და სადავო კრების ოქმით თავად საზოგადოებას ზიანი არ მიუღია. საყურადღებოა, რომ „თბილისი სიტის“ ქ. თბილისის მერიის ჩინოვნიკი მართავს და მისი პოზიცია სრულად შეესაბამება მერიის პოზიციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვის, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ-ის, თ.მ-ის, რ.კ-ის, ბ.შ-ას, მ.მ-სა და ნ.შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2005 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, სს „თ. ს-ი“ წარმოადგენდა შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ საწესდებო კაპიტალის 35%-ის და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალის 40%-ის წილის მფლობელ პარტნიორს;

2. სს „თ. ს-ის“ 2005 წლის 4 ნოემბერს აქციონერთა კრებაზე დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს-ის“ კუთვნილი წილების თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემისა და ამ მიზნით თანხმობის გაცემის თაობაზე;

3. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიის წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდგომ, დამსწრე აქციონერებიდან (94,9%-დან), ნაწილმა დატოვა სხდომა და კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიისა და ბ. „რ-ის“ წარმომადგენლებმა;

4. გადაწყვეტილების მიღებისას კრებას ესწრებოდა ხმის უფლების მქონე კაპიტალის 51,9%, კერძოდ, თბილისის მერია (საწესდებო კაპიტალის 50,1%-ის შესაბამისი აქციების მფლობელი) და ბ. „რ-ა“ (1,8%-ის შესაბამისი აქციების მფლობელი);

5. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით საჭირო იყო ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 50%-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა;

6. 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულებები სს „თ. ს-სა“ და თბილისის მერიას შორის;

7. აქციათა რეესტრით (2005 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით) სს „თ. ს-ის“ საწესდებო კაპიტალში მოსარჩელეთა წილები ჯამში შეადგენს 15,3%-ს, მათ შორის, ნ.ხ-ი ფლობს საწესდებო კაპიტალის 0,9%-ის, თ.მ-ი - 0,9%-ის, რ.კ-ე - 2,7%-ის, მ.მ-ი - 0,9%-ის, ბ.შ-ა - 7,2%-ის, ნ.შ-ე - 2,7%-ის შესაბამის აქციებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა.

სასამართლო იზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ ქ. თბილისის მერიას 2005 წლის 4 ნოემბერს აქციონერთა კრებაზე წილების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას.

ზემოაღნიშნული ნორმა მნიშვნელოვანი დანაწესია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ხმის უფლება, ზოგადად, აქციონერთა მართვითი უფლებებიდან უმნიშვნელოვანესია. ჩვეულებრივ პირობებში, აქციონერს შეუძლია, საკუთარი ხმა შეხედულებისამებრ გამოიყენოს და მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნული უფლება შეუზღუდავი არ არის. მისაღები გადაწყვეტილების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებისა და დანარჩენი აქციონერების ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად, კანონმდებელი ითვალისწინებს შეზღუდვას, როდესაც კონკრეტული აქციონერი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როდესაც საკითხი ეხება იმ პარტნიორთან გარიგების დადებას, რომელიც აქციათა უმრავლესობას ფლობს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმის მე-2 საკითხი შეეხებოდა ქ. თბილისის მერიასთან დასადებ გარიგებას, კერძოდ კი, შპს „ჯ-ი უძრავი ქონების“, შპს „ჯ-ი სასტუმროების“ და შპს „ჯ-ი მთაწმინდას“ საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს-ის“ კუთვნილი წილების თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემასა და შესაბამისი თანხმობის გაცემას. ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მოსარჩელეებს კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნდათ. სასამართლომ ამგვარი დასკვნა იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ მოსარჩელეები ჯამში სს „თ. ს-ის“ აქციათა 15,3%-ს ფლობენ, ამდენად, მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მაინც ვერ უზრუნველყოფდნენ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები დაინტერესებული იყვნენ, რომ სს „თ. ს-ის“ წილები სხვა საზოგადოებებში ერთ-ერთ პარტნიორს უსასყიდლოდ არ გადასცემოდა. სს „თ. ს-ის“ წესდების თანახმად, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 50%-ზე მეტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ თუ ქ. თბილისის მერია, რომელიც საწესდებო კაპიტალის 50,1%-ის შესაბამის აქციებს ფლობდა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, 2005 წლის 4 ნოემბერს წილების დათმობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე მაინც, მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგი მიიღწეოდა, ხოლო როგორ წარიმართებოდა შემდგომში სს „თ. ს-ის“ საქმიანობა და, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული წილების დათმობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვარაუდის სფეროა და სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე, აქციონერი მესამე პირის მიმართ სარჩელის უფლებით სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ სარჩელს არ აღძრავს თავად საზოგადოება და, ამასთან, არ დაასაბუთებს, რომ სარჩელის აღძვრა საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ნორმით კიდევ ერთხელაა ხაზგასმული კონკრეტულ აქციონერთან შედარებით მთლიანად საზოგადოების ინტერესების უპირატესობა. „მესამე პირი“, ამ და ყველა სხვა შემთხვევაში, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, არის გარეშე სუბიექტი, რომელთანაც საზოგადოებას ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს და არა საზოგადოების პარტნიორი, აქციონერი. ეს მუხლი სწორედ მესამე პირის მიმართ სააქციო საზოგადოების სახელშეკრულებო ან სხვაგვარი მოთხოვნის უფლების რეალიზაციას შეეხება. განსახილველ შემთხვევაში კი, სარჩელი აღძრულია სს „თ. ს-ის“ აქციათა უმრავლესობის მფლობელის წინააღმდეგ, ამდენად, ზემომითითებული მუხლი საქმესთან დაკავშირებული არ არის.

საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ 2005 წლის 4 ნოემბრის კრებაზე, რეალურად, გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ ერთპიროვნულად მიიღო, ხოლო სს „ბ. რ-ას“ სინამდვილეში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, შედავების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, არ იზიარებს კასატორების მტკიცებას და ამ ნაწილში სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, ამასთან, აღნიშნავს, რომ მითითებულ საკითხის გამოკვლევას დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აღარც აქვს, ვინაიდან, დადასტურებულია, რომ სადავო გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მიღებული და ამ ნაწილში კრების ოქმი ბათილია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, არასწორად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი და არ გამოიყენა იმავე კანონის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ კასაციის ყველა საფუძველს ქმნის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არასწორი გადაწყვეტილების მიღება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მცდარი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული და მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის აუცილებლობა არ არსებობს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმეზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ. ს-ის“ აქციონერთა 2005 წლის 4 ნოემბრის კრების N1 ოქმი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში ბათილია, ხოლო, ვინაიდან წილების გასხვისების საკითხი საზოგადოების აქციონერთა წინასწარ თანხმობას საჭიროებს, ასევე ბათილია მითითებულ კრების ოქმზე დაყრდნობით გაფორმებული 2005 წლის 30 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიამ და სს „თ. ს-იმ“ მოსარჩელეებს სოლიდარულად უნდა აუნაზღაურონ სამივე ინსტანციაში სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -11 030 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ.ხ-ის, თ.მ-ის, რ.კ-ის, ბ.შ-ას, მ.მ-სა და ნ.შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ.ხ-ის, თ.მ-ის, რ.კ-ის, ბ.შ-ას, მ.მ-სა და ნ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნას ცნობილი სს „თ. ს-ის“ აქციონერთა 2005 წლის 4 ნოემბრის კრების N1 ოქმი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში;

5. ბათილად იქნას ცნობილი სს „თ. ს-სა“ და ქ. თბილისის მერიას შორის 2005 წლის 30 დეკემბრს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის N6485, 6486 და 6487 ხელშეკრულებები;

6. ქ. თბილისის მერიამ და სს „თ. ს-იმ“ მოსარჩელეებს სოლიდარულად აუნაზღაურონ სამივე ინსტანციაში სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -11 030 ლარი;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

მ. სულხანიშვილი