საქმე №ას-1214-1143-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.გ-ის მიმართ დავალიანების – 2 999,56 აშშ დოლარის, 2 192,48 აშშ დოლარისა და 2 989,57 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ე.გ-ს სს „თ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 2 999,56 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტების – 2 192,48 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 597,91 აშშ დოლარის გადახდა, სს „თ. ბ-ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 2 391,66 აშშ დოლარის დაკისრებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხე ე.გ-ს მოსარჩელე სს „თ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხზე დარიცხული პროცენტის – 331 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 21 თებერვალს სს „თ. ბ-სა“ და ე.გ-ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №666406 ხელშეკრულება 100 000 აშშ დოლარზე, 2032 წლის 2 თებერვლამდე, წლიური 48%-ის ოდენობით.
2007 წლის 27 ივნისს სს „თ. ბ-სა“ და ე.გ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება საკრედიტო ლიმიტის ელექტრონულ ბარათზე დაშვების შესახებ და მოპასუხის საბარათე ანგარიშზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ლიმიტის ვადა განისაზღვრა 2007 წლის 27 ივნისიდან 2009 წლის 10 ივნისამდე. სარგებლის წლიურმა განაკვეთმა შეადგინა 24%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5%. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
სარჩელის შეტანის დროისათვის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 8 181,61 აშშ დოლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, 868-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 21 თებერვალს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2007 წლის 27 ივნისს – საკრედიტო ლიმიტის ელექტრონულ ბარათზე დაშვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „თ. ბ-ის“ მიერ ე.გ-ზე გაიცა კრედიტი 2 999,56 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის ვადა - 2007 წლის 27 ივნისიდან 2009 წლის 10 ივნისამდე წლიური 24% სარგებლითა და 0,5% ვადაგადაცილების პირგასამტეხლოთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლომ სადავო არ ჩათვალა ის გარემოება, რომ სესხის ვადაგადაცილებული ძირი თანხა – 2 999,56 აშშ დოლარი არ არის დაფარული. ამასთან, როგორც სადავო ხელშეკრულებით დგინდება, მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, რომელიც მხარეთა ინიციატივაზეა დამოკიდებული. ამასთან, ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისთვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლის ანაზღაურების საფუძვლად ვერ მიიჩნევა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას უკავშირებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პროცენტი გათვალისწინებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის ბოლო ვადად განისაზღვრა 2009 წლის 10 ივნისი და ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმება თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე არ არსებობს, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სარგებლის სახით 2 192,48 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და ე.გ-ს სესხზე დარიცხული პროცენტის სახით უნდა დაეკისროს 2008 წლის 24 დეკემბრიდან (ბოლო გადახდიდან) 2009 წლის 10 ივნისამდე პერიოდისათვის 331 აშშ დოლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში აპელანტმა ვერ გააბათილა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ხსენებულ ნაწილში, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ე.გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სს „თ. ბ-ს“ სარჩელით მოთხოვნილი თანხის გაანგარიშება არ წარუდგენია. ზუსტი გაანგარიშება არც სასამართლოს მოუხდენია. აქედან გამომდინარე, ე.გ-ის დაკისრებული თანხა ნებისმიერ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული გარემოება უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, რაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, ე.გ-ის ამჟამადაც უცნობია, თუ კონკეტულად რომელ გადაუხდელ თანხას მოითხოვს მისგან ბანკი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა ე.გ-ის დასაკისრებელი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე და დააკისრა მას პირგასამტეხლო – 597.91 აშშ დოლარი. სს „თ. ბ-ი“ მოითხოვდა, ე.გ-ს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებოდა 2989.57 აშშ დოლარი.
სასამართლომ პირგასამტეხლო შეამცირა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.
მიუხედავად ამისა, გასაჩივებული გადაწყვეტილებით ე.გ-ის მიერ მანამდე გადახდილი პირგასამტეხლოს გადახდა მართებულად ჩაითვალა. ნაცვლად ამისა, უნდა მომხდარიყო ე.გ-ის მიერ შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით პირგასამტეხლოს გამოკლება ძირი თანხისთვის.
აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შედეგად სასამართლომ ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვაგვარად შეაფასა. ერთ შემთხვევაში მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია (გადასახდელ პირგასამტეხლოსთან მიმართებაში), ხოლო მეორე შემთხვევაში იმავე ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ არ მიიჩნია (უკვე გადახდილ პირგასამტეხლოსთან მიმართებაში).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ე.გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე.გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს №5047424391 საგადასახადო დავალებით გადახდილი 319 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 79 თეთრი, ასევე 318,21 ლარის 70% – 222,747 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე.გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ე.გ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს №5047424391 საგადასახადო დავალებით გადახდილი 319 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 79 თეთრი, ასევე 318,21 ლარის 70% – 222,747 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია