Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1286-1213-2012 29 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.შ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ტ-ის მიმართ 2011 წლის 8 დეკემბერს დაბადებული ს. ტ-ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის – 200 ლარის გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.ტ-ეს მისი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის 8 დეკემბერს დაბადებული ს. ტ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 2012 წლის 25 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტის თვეში 100 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე, რაც ნაწილობრივ მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ი.ტ-ეს, მისი არასრულწლოვანი შვილის - ... წლის 8 დეკემბერს დაბადებული ს. ტ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 2012 წლის 25 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე.შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.ტ-ეს მისი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის 8 დეკემბერს დაბადებული ს. ტ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 2012 წლის 25 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტის – თვეში 150 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1202-ე მუხლებით და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ დაადგინა ფაქტობრივ გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი – ს. ტ-ძე, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ი.ტ-ე არ ცხოვრობს ე.შ-თან და ს. ტ-თან, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ე.შ-ეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ, იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდასა და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ორივე მშობელს შვილის მიმართ გააჩნია თანაბარი უფლებები და მოვალეობები. კანონი არ ცნობს რომელიმე მათგანის უპირატესობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე ვალდებულია, თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გაიღოს ის თანხები, რაც ს. ტ-ის ნორმალური რჩენისათვისაა საჭირო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.ტ-ის ვალდებულებაა, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა -განვითარება.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის, 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ი.ტ-ის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობაა 490 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 102-ე, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, პალატა მიიჩნია, რომ ი.ტ-ის მიერ ქ.თბილისში ... მასივის მე-6 მკ/რ-ს 31-ე კორპუსის №16 ბინის ქირის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის ფაქტი არ დასტურდება, რადგან წარმოდგენილი ცნობა სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული სათანადო მტკიცებულებად. უფრო მეტიც, ი.ტ-ის წარმომადგენელ ნ. მ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადასტურდა, რომ ი. კ-ი ბინის მესაკუთრე არ არის და იგი ბინის კანონიერი მფლობელია. პალატამ განმარტა, რომ ი.ტ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. კ-ის მიერ ბინის არც კანონიერი მფლობელობის ფაქტი.

სასამართლოს განმარტებით, ასევე არ დასტურდება, თუ რა ამხანაგობაა ამ ბინაში შექმნილი და მართლაც არის თუ არა საქმეში არსებულ ცნობაზე ხელის მომწერი პირი ნ. ხ-ი ამ ბინაში შექმნილი ამხანაგობის თავმჯდომარე. ანუ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებით ბინაში ყოველთვიურად ქირის სახით 300 ლარის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა, რომ მას 490 ლარიდან 300 ლარი ბინის ქირაში აქვს გადასახდელი და ამის გამო არ აქვს შესაძლებლობა, მის არასრულწლოვან შვილ ს. ტ-ეს ალიმენტის სახით გადაუხადის 100 ლარზე მეტი თანხა.

ამდენად, ი.ტ-ეს შესაძლებლობა გააჩნია, ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარზე მეტი. კონკრეტულ შემთხვევაში პალატა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, ი.ტ-ეს მისი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის 8 დეკემბერს დაბადებული ს. ტ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან 2012 წლის 25 აპრილიდან დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ე.შ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ, ი.ტ-ის შემოსავლიდან გამომდინარე, არასაკმარი თანხა დააკისრა მოპასუხეს ალიმენტის სახით, რა დროსაც არ გაითვალისწინა, რომ ი.ტ-ეს სოლიდური შემოსავალი გააჩნია მშობლიურ სოფელ ფ-ში არსებული მეურნეობიდან.

კასატორმა იშუამდგომლა ი.ტ-ის ახალ სამუშაოზე გადასვლის შემდეგ მისი ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ე.შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე.შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ი.ტ-ის ახალ სამუშაოზე გადასვლის შემდეგ მისი ხელფასის ოდენობის შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენა და გამოთხოვა დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე.შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ე.შ-ის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. სილაგაძე