Facebook Twitter

№ას-1289-1216-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ქ.-ა

მოპასუხე - ც. უ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ქ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ც. უ.-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ც. უ.-ის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელე დ. ქ.-ას საკუთრებაში არსებული ნივთები. გამომდინარე იქიდან, რომ დაყადაღდებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელის და არა მოპასუხე ც. უ.-ის საკუთრებას, მოსარჩელე ითხოვს 2012 წლის 26 იანვრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081-5933/1 აქტში შემდეგი ნივთების: მრგვალი მაგიდის ექვსი სკამით, სასტუმრო ოთახის კედელის, მუსიკალური ცენტრ ,,აივას”, მაცივარ ,,ბეკოს”,გაზქურის, ტელევიზორ ,,სანის”, ერთი კომპლექტი სამზარეულო გარნიტურის, სამზარეულოს მაგიდის, ნაჭრის დივანისა და ხის კარადის ყადაღისაგან განთავისუფლებას. ასევე, საცხოვრებელი ბინა, სადაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება, წარმოადგენს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. მოვალე ც. უ.-ე არის მოსარჩელის დედა და რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ბათუმი ლ. ა.-ის ქ. #41-ში. ბოლო წლებში ც. უ.-ე ცხოვრობს ოზურგეთში. მას არასდროს არ უცხოვრია მოსარჩელესთან და ზემოაღნიშნული ნივთების შეძენაში მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია და არც რაიმე სახის მოძრავი ქონება არ გააჩნია დ. ქ.-ას საცხოვრებელ ბინაში. 2012 წლის იანვარს ც. უ.-ე ავადმყოფობის გამო რამდენიმე დღით იმყოფებოდა მოსარჩელესთან, რა დროსაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება.

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის ც. უ.-ის საკუთრება.

მოპასუხე ც. უ.-ეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დ. ქ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ - ო. ი.-ის 2012 წლის 26 იანვრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით (შემოსავლების სამსახური,

№081-15933/1) აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1 ცალი მრგვალი მაგიდა 6 სკამით, სასტუმრო ოთახის კედელი - 1 ცალი, მუსიკალური ცენტრი ,,აივა”-1 ცალი, მაცივარი ,,ბეკო” – 1 ცალი, გაზქურა- 1 ცალი, ტელევიზორი ,,სან”- 1 ცალი, სამზარეულო გარნიტური - ერთი კომპლექტი, სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი, ნაჭრის დივანი - 1 ცალი და ხის კარადა - 1 ცალი. მოპასუხე ც. უ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე ც. უ.-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯ. გ.-ას მიერ 2011 წლის 16 დეკემბერს გამოცემული იქნა ბრძანება ც. უ.-ის (იურიდიული მისამართი ბათუმი, ა.-ის 41) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2012 წლის 26 იანვარს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. შემოსავლების სამსახურის აქტით №081-5933/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ო. ი.-ის მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელე დ. ქ.-ას საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, პ.-ის ქ. #124-ში მდებარე ბინა 27-ში შემდეგი მოძრავი ნივთები: მრგვალი მაგიდა 6 სკამით, სასტუმრო ოთახის კედელი, მუსიკალური ცენტრი ,,აივა”, მაცივარი ,,ბეკო”, გაზქურა, ტელევიზორი ,,სან”, სამზარეულო გარნიტური ერთი კომპლექტი, სამზარეულოს მაგიდა, ნაჭრის დივანი და ხის კარადა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე – ქ. ბათუმში, პ.-ის ქ. #124-ში მდებარე ბინა 27-ში არის დ. ქ.-ას საკუთრება. მოვალე ც. უ.-ე რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ბათუმი ლ. ა.-ის ქ. #41-ში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, რომელთა ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა მოსარჩელემ, არ ეკუთვნის მოპასუხე ც. უ.-ეს. ამ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების – თ. ძ.-ის და შ. ჩ.-ის ჩვენებებით, დაყადაღებული ნივთები არ ეკუთვნის მოვალე ც. უ.-ეს და წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. დაყადაღებული ნივთები შეძენილია დ. ქ.-ას და მისი მეუღლის მიერ. ც. უ.-ეს არ უცხოვრია მოსარჩელის ბინაში და აღნიშნული ნივთები არ არის მის მიერ შეძენილი. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბათუმში, პ.-ის ქ. #124-ში მდებარე №27 ბინის მესაკუთრე არის მოსარჩელე დ. ქ.-ა.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. საქმის მასალებით, მოსარჩელის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, საგარანტიო საბუთით დადგენილია, რომ აღწერილი ნივთები არ არის მოვალე ც. უ.-ის საკუთრება, არამედ ეს ნივთები მოსარჩელე დ. ქ.-ას საკუთრებაა.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ნივთებს. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენდნენ ც. უ.-ის საკუთრებას.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ საცხოვრებელი ბინა, სადაც სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთებია განთავსებული არ არის მოვალის ც. უ.-ის საკუთრება, არამედ იგი წარმოადგენს მოსარჩელის დ. ქ.-ას საკუთრებას.

მსგავსი კატეგორიის საქმეზე №ას-262–253-2012 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ”საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, ამდენად წარმოადგენს საკუთვნებელს“. პალატა ასკვნის, რომ რადგან საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა დ. ქ.-ა, შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრეც და კეთილსინდისიერი მფლობელიც ისაა.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ნივთზე მფლობელობის არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში საქარველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მათი არაუფლებამოსილების და ამ სადავო ნივთების უ.-ისადმი კუთვნილება, რაც არ განხორციელებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე და მე-4 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ დ. ქ.-ას სარჩელი იყო საფუძვლიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ანდა მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება, დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიურგოს. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამხდელის მიმართ ტარდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, სახელმწიფოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ც. უ.-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიუროს მიერ სრულიად კანონიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამორიცხოს მესამე პირის ქონება, ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან. მოსარჩელის მიერ კი, ასეთი მტკიცებითი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და წარმოდგენილი არასრულყოფილი დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს სადაო ქონების საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება №ას-262–253-2012).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდო.ე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე