საქმე №ას-1290-1217-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.კ-ე, თ.მ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.კ-ემ და თ.მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. კ-ის და თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ქ. კ-ის და თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა შემდეგ ნივთებს: პიანინო „სმოლენსკი“; ნაჭრის სამეული; ხის საწოლი; მტვერსასრუტი „სამსუნგი“; ტელევიზორი „ჯივისი“; ტელევიზორის სადგამი; ნაჭრის სამეული; დასაკიდი სარკე; სარეცხი მანქანა; სამზარეულოს მაგიდა და კუთხის სკამის კომპლექტი შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა განმარტებებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №061-4883/1 აქტში შეტანილი სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენენ აპელანტების – ქ. კ-ის, თ.მ-ის და არა მოვალე-მოპასუხის – დ. კ-ის საკუთრებას.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დაადგინა, რომ დ. კ-ე არ ცხოვრობს (1990 წლიდან) იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულ იქნა სადავო მოძრავი ნივთები. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელსა და მოსარგებლეს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების მიზნით ყადაღა დაედება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები.
პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს აქტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, იგი ვერანაირი მტკიცებულებით, გარდა მისი განმარტებისა, ვერ ადასტურებს, რომ ქონების დაყადაღების აქტში მოხსნებიებული მოძრავი ნივთები დ. კ-ის საკუთრებაა, ან თუნდაც სარგებლობს ამ ნივთებით. მოწინააღმდეგე მხარე მისი პოზიციის გასამყარებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ დ. კ-ე რეგისტრირებულია ოზურგეთში, სოფელ მ-ში არსებულ მისამართზე, შესაბამისად, ამ სახლში არსებული მოძრავი ნივთები მას ეკუთვნის. აპელანტების (მოსარჩელეთა) მიერ წარმოდგენილი მოწმეთა (პირველი ინსტანციის სასამართლოში) ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სადავო მოძრავ ნივთებს ფლობენ და სარგებლობენ ქ. კ-ძე და თ.მ-ე. იგი მათ საჩუქრად აქვთ მიღებული, კერძოდ, პიანინო „სმოლენსკი“ ქ. კ-ეს აჩუქა ბებიამ და ბაბუამ, როცა იგი იყო 7-8 წლის, ხოლო სხვა დანარჩენი დაყადაღებული მოძრავი ნივთები თ.მ-ეს უსახსოვრეს მშობლებმა.
სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო მოძრავი ნივთები აპელანტების (მოსარჩელეთა) საკუთრებაა.
ამასთან, საქართველოს ეროვნული არქივის ოზურგეთის არქივის მიერ 2012 წლის 6 მარტს გაცემული №AA2012006888-03 ცნობის თანახმად, ოზურგეთის არქივში დაცული სოფელ მ-ის საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, გ. კ-ის კომლში ირიცხება არა მხოლოდ დ. კ-ე, არამედ შემდეგი პირები – კ-ე გ. ვ-ის ძე უფროსი, კ-ე ლ. ვ-ის ასული – ცოლი, კ-ე დ. გ-ოს ძე – შვილიმ, კ-ე ქ. გ-ოს ასული – შვილი, კ-ე გ. დ-ოს ძე – შვილი.
ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიციის გასამყარებლად ვერ გამოდგენა მისივე განმარტება, რომ დ. კ-ე რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც მოხდა სადავო ნივთები დაყადაღდა და ე.ი. ამის გამო ითვლება იგი მათ მფლობელად და მესაკუთრედ. ამ რეგისტრირებულ მისამართზე დ. კ-ის გარდა კიდევ 4 ადამიანია რეგისტრირებული. შესაბამისად, მხოლოდ რეგისტრაცია არსებულ მისამართზე არ ნიშნავს, რომ დ. კ-ე რეგისტრირებულ მისამართზე არსებულ მოძრავი ნივთების მესაკუთრეა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 11 ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ სავსებით სწორად დააყადაღა სადავო ნივთები, ვინაიდან დ. კ-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალება.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არასწორია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოსარჩელეს სადავო ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ წარუდგენია. აღნიშნულის სამტკიცებლად კი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია