Facebook Twitter

№ას-1293-1220-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ც. ჯ.-ე, ნ. შ.-ი, ხ. ხ.-ი

მოპასუხე - თ. ხ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ჯ.-ემ, ნ. შ.-მა და ხ. ხ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თ. ხ.-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: თ. ხ.-ის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ნივთები. გამომდინარე იქიდან, რომ დაყადაღდებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელეების და არა მოპასუხე თ. ხ.-ის საკუთრებას, მოსარჩელეები ითხოვენ 2012 წლის 27 იანვრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081-5888/1 აქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლებას.

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

მოპასუხე თ. ხ.-მა სარჩელი ცნო. მას შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის განხილვისას განმარტა, რომ დაყადაღებულ ნივთთაგან არცერთი არ არის მის მიერ შეძენილი და შესაბამისად, მისი საკუთრება. ის ძირითადად სახლში არ იმყოფებოდა და თვლის, რომ მასზე დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდა არ უნდა მოხდეს მოცემული ნივთების რეალიზაცით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ც. ჯ.-ის, ნ. შ.-ისა და ხ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ შემოსავლების სამსახურის აქტის №081-5888 საფუძველზე 2012 წლის 27 იანვრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთები, მდებარე ქ.ბათუმში, მ.-ის ქ. №135-ში: ტელევიზორი ,,სამსუნგი”, ხის კარადა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი ,,სამსუნგი”, პიანინო ,,ბელარუსი”, ჟურნალების მაგიდა, დივანი ნაჭრის, ნაჭრის სამეული, მუსიკალური ცენტრი ”სონი”, ტელევიზორის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შემოსავლების სამსახურის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, დაყადაღებულ იქნა ქ.ბათუმში, მ.-ის ქ. #135-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები: ტელევიზორი ,,სამსუნგი”, ხის კარადა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი ,,სამსუნგი”, პიანინო ,,ბელარუსი” ჟურნალების მაგიდა, დივანი ნაჭრის, ნაჭრის სამეული, მუსიკალური ცენტრი ,,სონი” ტელევიზორის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა (იხ. შემოსავლების სამსახურის ბრძანება #081-5888, 13.12.2011წ; ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი 27.01.2012წ). ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ, ტელევიზორი ”სამსუნგი” და მუსიკალური ცენტრი ”სონი” - შეძენილია მოსარჩელის ხ. ხ.-ის მიერ და ისინი არ წარმოადგენენ მოვალე თ. ხ.-ის საკუთრებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი, ს.ფ.21-ზე განთავსებული სს ”ელიტ ელიქტონიქსის” მენეჯერის მიერ გაცემული ცნობით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა დ. ბ.-ისა და რ. ს.-ის ჩვენებით. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ, მაცივარი ,,სამსუნგი” - შეძენილია მოსარჩელის ც. ჯ.-ის მიერ და ის არ წარმოადგენს მოვალე თ. ხ.-ის საკუთრებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი, ს.ფ.19-ზე განთავსებული საქონლის გაცემის შესახებ ორდერით. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ, პიანინო ,,ბელარუსი”, ხის კარადა ჟურნალების მაგიდა - შეძენილია მოსარჩელის - ც. ჯ.-ის მიერ და ის არ წარმოადგენს მოვალე თ. ხ.-ის საკუთრებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე. სახელდობრ: პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის რ. გ.-ს ჩვენებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთები არის ც. ჯ.-ისა და ნ. შ.-ის საკუთრება, კერძოდ მოწმის ჩვენებით: ,,რბილი სამეული და საძინებელი ნ.ს მზითვია, დანარჩენი ავეჯი კი ც.ს და მისი მეუღლის შეძენილია”. დ. ბ.-ის ჩვენებით: ,,ნივთები ოჯახში ძირითადად ც.ს შეძენილია, ნაწილი ნ.ს მზითევია. ც. ავეჯის ქარხანაში მუშაობდა მახსოვს იქედან მოიტანა ხის ავეჯი ”კედელი” . ასევე ც.ს ნაყიდია პიანინო ძალიან დიდი ხნის წინ, მახსოვს ბინაში ატანაში ვეხმარებოდით”.

ასევე დადგენილია, რომ დაყადაღებულ ნივთებს ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელეეები. მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში, მ.-ის ქ. 135-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული სადაო ნივთები. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბათუმში, მ.-ის ქ. 135-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლი არის თ. ხ.-ის დედის ც. ჯ.-ის საკუთრებას.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. საქმის მასალებით, მოსარჩელეთა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, საგარანტიო საბუთით დადგენილია, რომ აღწერილი ნივთები არ არის მოვალე თ. ხ.-ის საკუთრება, არამედ ეს ნივთები მოსარჩელეთა, ც. ჯ.-ის, ნ. შ.-ისა და ხ. ხ.-ის საკუთრებაა.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ნივთებს. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენდნენ თ. ხ.-ის საკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ საცხოვრებელი ბინა, სადაც სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთებია განთავსებული არ არის მოვალის თ. ხ.-ის საკუთრება, არამედ იგი წარმოადგენს მოსარჩელის ც. ჯ.-ის საკუთრებას.

მსგავსი კატეგორიის საქმეზე №ას-262-253-2012 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, ამდენად წარმოადგენს საკუთვნებელს“. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ რადგან საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა ც. ჯ.-ე, შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრეც და კეთილსინდისიერი მფლობელიც ისაა. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ნივთზე მფლობელობის არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში საქარველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მათი არაუფლებამოსილების და ამ სადავო ნივთების ხ.-ისადმი კუთვნილება, რაც არ განხორციელებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე და მე-4 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ ც. ჯ.-ის, ნ. შ.-ისა და ხ. ხ.-ის სარჩელი იყო საფუძვლიანი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ანდა მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება, დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამხდელის მიმართ ტარდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. სახელმწიფოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან თ. ხ.-ს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიუროს მიერ სრულიად კანონიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამორიცხოს მესამე პირის ქონება, ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან. მოსარჩელის მიერ კი, ასეთი მტკიცებითი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და წარმოდგენილი არასრულყოფილი დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს სადაო ქონების საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება №ას-262–253-2012).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე