Facebook Twitter

№ას-1333-1259-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ.-ე

მოპასუხე - ლ. დ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ლ. დ.-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ლ. დ.-ის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელე ნ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ნივთები. გამომდინარე იქიდან, რომ დაყადაღდებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელის და არა მოპასუხე ლ. დ.-ის საკუთრებას, მოსარჩელე ითხოვს 2012 წლის 25 იანვრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081-5847/1 აქტში შემდეგი ნივთების: ერთი რძისფერი საძინებლის კომპლექტის; ერთი საძინებლის კომპლექტის, საწოლი დაზიანებულია; ერთი სამეულის ყადაღისაგან განთავისუფლებას. დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. მართალია, მოპასუხე ლ. დ.-ე მისი შვილია, მაგრამ 1995 წლიდან იგი არ ცხოვრობს დედასთან, არ არის რეგისტრირებული მის ბინაში, იგი 1997 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ი. კ.-ის ქ. #5, ბინა 8-ში, 1997 წლიდან კი რეგისტრირებულია და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ.-ში. დასახელებული ნივთების შეძენაში მოპასუხეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

მოპასუხე ლ. დ.-ემ სარჩელზე წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი მთლიანად ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთება, რომელთა ყადაღისაგან განთავისუფლებას მოითხოვს მოსარჩელე, მას არ შეუძენია და მის საკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნული ნივთები შეძენილია მისი დედის - ნ. ქ.-ის მიერ და წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მას დედის საცხოვრებელ ბინაში 1995 წლიდან არ უცხოვრია, იქ არც რაიმე სახის მოძრავი ნივთები არ მიუტანია და არ არის რეგისტრირებული მის ბინაში. ლ. დ.-ე 1995 წლიდან 1997 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ი. კ.-ის ქ. #5, ბინა 8-ში, 1997 წლიდან კი რეგისტრირებულია და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ.-ში. როგორც ინდ. მეწარმე ის ასევე არ ყოფილა დარეგისტრირებული ქ. ბათუმში, ზ.-ის ქ.#14, ბინა 14-ში და არ იცის თუ რატომ არის ინდ. მეწარმის იურიდიულ მისამართად მითითებული ზემოაღნიშნული მისამართი. იგი აღიარებს საგადასახადო დავალიანებას და მზად არის უახლოეს მომავალში დაფაროს.

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის ლ. დ.-ის საკუთრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ - თ. ბ.-ის 2012 წლის 25 იანვრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით (შემოსავლების სამსახური, №081-5847/1) აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: საძინებლის კომპლექტი რძისფერი - 1 ცალი; საძინებლის კომპლექტი - 1 ცალი, საწოლი დაზიანებულია; სამეული -1

ცალი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებლო საქმე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 13 დეკემბრის №081-5847 ბრძანების საფუძველზე; კრედიტორი - შემოსავლების სამსახური, მოვალე - ლ. დ.-ე. მოპასუხე ინდ.მეწარმე ლ. დ.-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2012 წლის 25 იანვარს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. შემოსავლების სამსახურის აქტით №081-5847/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ თ. ბ.-ის მიერ აღიწერა და დაყადაღდა ქალაქ ბათუმში, ზ.-ის ქუჩის №14-ში მდებარე ნ. ქ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: საძინებლის კომპლექტი რძისფერი - 1 ცალი; საძინებლის კომპლექტი - 1 ცალი, საწოლი დაზიანებულია; სამეული -1ცალი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მისამართზე – ბათუმი, ზ.-ის ქ. №14 მესაკუთრეა მოსარჩელე ნ. ქ.-ე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2012 წლის 25 აპრილს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ლ. დ.-ე 1995 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებულია მისამართზე ბათუმი, ი.კ.-ის ქ. №5 ბ. 78, ხოლო 1997 წლის 15 მაისიდან დღემდე ლ. დ.-ე რეგისტრირებულია ხელვაჩაური, ს. მ.-ში.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეექვსე პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე და მე-4 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქმეში საკმარისადაა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს დაყადაღებულ ქონებაზე ნ. ქ.-ის საკუთრების უფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ანდა მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება, დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამხდელის მიმართ ტარდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, სახელმწიფოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ინდ. მეწარმე ლ. დ.-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიუროს მიერ სრულიად კანონიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამორიცხოს მესამე პირის ქონება, ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უფლება აქვს დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის პირდაპირი მიმართვის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანო არ დააკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, მას უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის მეთორმეტე კარით დადგენილი წესით წარადგინოს საჩივარი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან მიმართოს სასამართლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებად მითითებული იქნა, რომ ინდ.მეწარმე ლ. დ.-ე 1995 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მოსარჩელე ნ. ქ.-ესთან, მაგრამ მას შემდეგ ლ.ს დედის ოჯახში არ უცხოვრია, 1995 წლიდან 1997 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ.ბათუმში, ი.კ.-ის ქ.5, ბინა 8-ში, 1997 წლიდან კი რეგისტრირებულია და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მ.-ში. როგორც ინდ. მეწარმე იგი ასევე არ ყოფილა დარეგისტრირებული ქ.ბათუმში, ზ.-ის ქ.014, ბინა 14-ში. აღნიშნულის უსაფუძვლობაზე შემოსავლების სამახურმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ინდ. მეწარმე ლ. დ.-ის იურიდიული მისამართი იყო ქ.ბათუმში, ზ.-ის ქ.014, ბინა 14, რაც დაფიქსირებული იყო შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ამასთან შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული იქნა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართული და გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურიდან გამოთხოვილი ინდ.მეწარმე ლ. დ.-ის სარეგისტრაციო მასალები. თუმცა სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღნიშნული დოკუმენტების მტკიცებულების სახით საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და მიიღო უსაფუძვლო განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმე იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 04.05.2012წ. 068537 წერილით მოწოდებული დოკუმენტაციით, უდაოდ დგინდება, რომ ლ. დ.-ე ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული იყო და ასევე ფაქტობრივად, რეგისტრაციის გარეშე, ცხოვრობდა ბათუმში, ზ.-ის ქ.014, ბ.14-ში, კერძოდ სარეგისტრაციო ფორმაში და ანკეტაში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ადგილის და იურიდიულ მისამართად მითითებულია ბათუმი, ზ.-ის ქ.014, ბ.14. ასევე აჭარის ა.რ. ქ.ბათუმის 01 მიკრორაიონის გამგეობის მიერ 21.06.2004 წ. 0472 გაცემული ცნობით დგინდება, რომ ინდ.მეწარმე ლ. დ.-ე ნამდვილად ცხოვრობს ქ.ბათუმში, ზ.-ების ქ.014, ბ.14-ში რეგისტრაციის გარეშე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა დადგენილად, რომ ლ. დ.-ე (რომლის დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად იქნა დაყადაღებული სადაო ქონება) 1995 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებული იქნა მისამართზე ბათუმი, ი.კ.-ის ქ.05, ბ.78, ხოლო 1997 წლის 15 მაისიდან რეგისტრირებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფ.მ.-ში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოწმის სახით დაკითხული პირების მიერ მიცემული ჩვენებით ცნო დადგენილად, რომ სადაო ქონება არ წარმოადგენს მოვალის, ლ. დ.-ის საკუთრებას, რასაც არ ვეთანხმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს სადაო ქონების საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე