Facebook Twitter

№ას-1337-1262-2012 13 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 30 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. კ.-მა მოპასუხე ნ. გ.-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3750 აშშ დოლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრა სარჩელით მოთხოვნილი თანხის – 3750 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ. გ.-ამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. გ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 25 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გ. კ.-მა მოპასუხე ნ. გ.-ას 8 თვის ვადით სესხად გადასცა 4693 აშშ დოლარი, ყოველთვურად 5% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტყიბულის რაიონის სოფელ კ.-ში მდებარე ნ. გ.-ას კუთვნილი უძრავი ქონება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. გ.-ას გ. კ.-ისაგან სესხი არ აუღია, არამედ ეს თანხა სესხის სახით აიღო სხვა ორმა პიროვნებამ, რამდენადაც საქმის მასალებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდებოდა სხვა გარემოება. კერძოდ, 2011 წლის 25 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ გ. კ.-მა მოპასუხე ნ. გ.-ას 8 თვის ვადით სესხად გადასცა 4693 აშშ დოლარი, ყოველთვურად 5% სარგებლით, ხოლო აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. გ.-ას კუთვნილი უძრავი ქონება. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი. ა.-ემ დაადასტურა, რომ მან ისესხა და კიდეც ჩაასესხა თანხა გ. კ.-ს, ხოლო ამ კონკრეტული სესხის თაობაზე არაფერი იცოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ნ. გ.-ას მიერ გ. კ.-ისათვის თანხის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება განსახილველი დავის სესხის სამართლებრივი ნორმებით მოწესრიგების თაობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 429-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო სამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში კი ნოტარიულად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხე ნ. გ.-ას ვალის გადახდისა და ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. გ.-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ნ. გ.-ას არ მისცა საშუალება, რომ მას მტკიცებულებების წარდგენის გზით დაედასტურებინა სიმართლე, მოპასუხეს შეცდომით მოაწერინეს ხელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ისე, რომ მისმა შვილმა ხელმოწერის თაობაზე არაფერი იცოდა. სესხი, რომელზეც ხელშეკრულებაშია საუბარი, ნ. გ.-ას არ მიუღია, თანხა რეალურად ისესხეს ნ. გ.-ამ და ი. ა.-ემ. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კასატორმა თავისი შვილის საშუალებით შეძლო მოწინააღმდეგე მხარესთან პირადი საუბრის ჩაწერა, საიდანაც ირკვევა საქმის ნამდვილი ვითარება. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, მოპასუხემ მითითებული ჩანაწერი წარუდგინა სასამართლოს, რომელმაც მისი შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ.-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ.-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე